ბერილიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერილიუმი − (ინგლ. Beryllium < ძვ. ფრანგ. Beryl < ლათ. Beryllus < ბერძ. Beryllos < შესაძლოა სანკრისტ. vaidurya- მიხედვით ან ქალაქ ველურის Velur (თანამედროვე ქ. ბელური Belur, სამხრეთ ინდოეთი) სახელის მიხედვით), სალი, მსუბუქი, მყარი, ნაცრისფერი ლითონი.

სიმბოლო – Be;
სიმკვრივე – 1848 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 1278°C;
დუღილის ტემპერატურა 2970°C.

ბერილიუმი 1798 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიკოსმა ლუინიკოლა ვოკლენმა, ხოლო სუფთა ლითონური ბერილიუმი მიღებული იქნა 1898 წ. ფრანგი ფიზიკოსის ლებოს მიერ. ცნობილია ბერილიუმის 30-მდე მინერალი, რომელთაგან მხოლოდ ექვსი ითვლება შედარებით უფრო გავრცელებულად: ბერილი, ქრიზობერილი, ბერტრანდიტი, ფენაკიტი, ჰელვინი, დანალიტი. სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ძირითადად ბერილს.

ბერილიუმის (ბერილის) ნაირსახეობები ითვლება ძვირფას ქვებად: აკვამარინი – ცისფერი, მომწვანო-ცისფერი, მოცისფრო-მწვანე; ზურმუხტი – მუქი-მწვანე, ნათელი-მწვანე; ჰელიოდორი – ყვითელი; არსებობს ბერილიუმის (ბერილის) სხვა ნაირსახეობები, რომლებიც ფერებით განსხვავდებიან (მუქი-ლურჯი, ვარდისფერი, წითელი, ღია-ცისფერი, უფერული და სხვა). ბერილს ფერს აძლევს მინარევები.

ლითონური ბერილიუმი ოთახის ტემპერატურაზე შედარებით ნაკლებად შედის რეაქციაში; არ რეაგირებს წყალთან და მის ორთქლთან და არ იჟანგება ჰაერით 600°С ტემპერატურამდე. ბერილიუმის ფხვნილი ცეცხლის მოკიდებისას იწვის ნათელი ალით. ადვილად იხსნება მჟავეების (გოგირდმჟავა, მარილმჟავა, აზოტმჟავა) წყლის ხსნარებში.

ბერილიუმის შენადნობები სპილენძთან, ალუმინთან, მაგნიუმთან, ნიკელთან, ცირკონიუმთან, ტანტალთან ფართოდ გამოიყენება ხელსაწყოთმშენებლობაში, საავიაციო, კოსმოსურ, ლაზერულ და ბირთვულ ტექნიკაში დეტალებისა და თბოგამტარი ცეცხლგამძლე მასალების დასამზადებლად. ბერილიუმი და მისი ნაერთები გამოიყენება რენტგენის მილაკებისა და ნეონის სანათი მილების წარმოებაში. ბერი-ლიუმის მფრინავი და ხსნადი ნართები, მათ შორის მტვერი, მაღალტოქსიკურია. ახასიათებთ ნათლად გამოხატული ალერგიული და კანცეროგენული მოქმედება. ბერილიუმშემცველი ჰაერის შესუნთქვა იწვევს სასუნთქი გზების მძიმე დაავადებას – ბერილიოზს, ამიტომ ბერილიუმთან და მის ნაერთებთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები