ბედონის ყველაწმინდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბედონის ყველაწმინდის ეკლესია

ბედონის ყველაწმინდის ეკლესია – მდებარეობს სოფ. ბედონის (ქვეშეთის თემი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია) ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირას. თარიღდება IX-X სს.

არწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7.4 X 5.2 მ), სამხრეთიდან ვიწრო და დაბალი გვიანდელი მინაშენი აკრავს, მომდევნო ხანებში სამხრეთ მინაშენისათვის დასავლეთიდან კვადრატული გეგმის (4.7 X 4.7 მ) ორფერდასახურავიანი ნაგებობა მიუდგამთ, რომელიც ეკლესიის დასავლეთ ფასადის თითქმის ნახევრამდე აღწევს. ეკლესია აგებულია მოზრდილი ზომის, უხეშად ნათალი ქვით. წყობა უმეტესად რეგულარულია. ქვებს შორის დარჩენილი არეები შევსებულია კირის ბათქაშით.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია – მინაშენიდან. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. მინაშენის იატაკი ეკლესიის იატაკის მიმართ რამდენადმე მაღლაა, რის გამოც კარის ღიობში კიბის ორი საფეხურია მოწყობილი. ეკლესიის შიდა სივრცე განათებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სარკმლით, რემლებსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვთ. აღმოსავლეთის სარკმელი სწორკუთხაა, დასავლეთისა ოდნავ მაღალია და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. საკურთხევლის ქვედა ნახევარი სწორკუთხაა, ზედა კუთხეებში მომრგვალებული. საკურთხეველი გადახურულია საკმაოდ ტლანქად ნაწყობი კონქით. საკურთხეველში ორი ტრაპეზი დგას: ერთი სარკმლის ქვემოთაა, კედელთან, მეორე, რამდენადმე მოზრდილი – შუაში, აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში ერთი მცირე ზომის ნიშია, სამხრეთ კედელში – სამი, ინტერიერის კედლებს მთელ სიგრძეზე ხარისხი (სიმაღლე 0.3 მ) გასდევს. ეკლესიის უსწორო მოხაზულობის კამარა მარტივ კონსოლებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. ერთი შეკიდებული საბჯენი თაღია კამარის დასავლეთ კიდეში. სამხრეთით მინაშენი განივი კედლით ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან დასავლეთისა კვადრატულია და ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. კარიბჭეში შესასვლელი თაღოვანი კარი დასავლეთ მინაშენიდანაა. კარის არქიტრავზე კაუჭებიანი წარბია ამოკვეთილი. კარიბჭის სამხრეთით კედელში ფართო სწორკუთხა სარკმელია, აღმოსავლეთით – კარი, რომლითაც კარიბჭე მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილს უკავშირდება. ამ ნაწილს ერთი სარკმელი (აღმოსავლეთით) და ორი სათოფური (აღმოსავლეთით და სამხრეთით) აქვს. დასავლეთ მინაშენში სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. მინაშენის კედლებში ოთხი სათოფური და ორი სწორკუთხა ნიშია. განათებულია დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი სარკმლით.

ეკლესიის ფასადები სადაა. აქა-იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. დასავლეთის სარკმლის თავზე ამოკვეთილია მცირედ შეღრმავებული თაღი. კედლები დასრულებულია თაროსებური ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის კუთხეებთან, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესია და ორივე მინაშენი ფიქლითაა გადახურული. ეკლესიის სახურავს მაღალი კეხი გასდევს, რომლის აღმოსავლეთ კიდეს ქვაში გამოკვეთილი პატარა ჯვარი აგვირგვინებს. დასავლეთ მინაშენის დასავლეთ ფრონტონის წვერზე კი ვერძის ქანდაკებაა დადგმული.

ეკლესიის სამხრეთით ფიქლით ნაგებ გვიანდელ კვარცხლბეკზე დგას ქვის ჯვარი, რომელზედაც დაბალი რელიეფით რომში ჩასმული მზის სიმბოლური გამოსახულებაა.

თ. დვალი

ლიტერატურა

  • გვასალია ჯ., გიორგაძე მ., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები