ბარბარიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარბარიზმი – (ბერძნ. barbaros – უცხო), მშობლიურ ენაში საჭიროების გარეშე უცხო სიტყვის ან გამოთქმის შემოტანა (ან არსებული სიტყვის ნაწილობრივი შეცვლა), გაუმართლებელი ნასესხობა, რომელსაც მსესხებელ ენაში შესატყვისი სიტყვა-ტერმინი მოეპოვება. ბარბარიზმები ენათა ზეპირი (უმეტესად) და წერილობითი კონტაქტების შედეგია. ქართულისათვის ბარბარიზმებია რუსულიდან შემოსული სიტყვები: „სპიჩკა“ (ასანთი), „შკაფი“ (კარადა, განჯინა), „აკოშკა“ (ფანჯარა), „დანოსი“ (ბეზღობა), „პრიკაზი“ (ბრძანება), „სპორი“ (კამათი) და სხვ. ბარბარიზმებად ითვლება აგრეთვე ამგვარი უცხო სიტყვების ფუძეთაგან დედაენის სიტყვაწარმოებითი აფიქსებით გაფორმებული ერთეულებიც. მაგ.: „დამი პრიკაზა“ (მიბრძანა), „ჩააკარტიჩკა“ (ფოტოსურათი გადაუღო), „რას მესპორები!“ (რას მეკამათები), „ჩაშკა-ლოჟკასავით“ არიან (ერთმანეთის შესაფერისნი არიან; ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა)…

ბარბარიზმების ერთ-ერთი ნაირსახეობაა კალკი. ბარბარიზმებად ითვლება უცხო ენის აფიქსებით გაფორმებული პირთა საკუთარი სახელებიც: ანიჩკა (შდრ.: ანიკო, ანუკა), ვერიჩკა (შდრ.: ვერიკო), ვანიჩკა (შდრ:: ვანო, ვანიკო)…

საერთაშორისო სიტყვა-ტერმინები, ე. წ. ინტერნაციონალიზმები, ჩვეულებრივ, ბარბარიზმად არ ფასდება. მაგ.: „ისტორია“, „ფილოსოფია“, „პოლიტიკა“, „ლიტერატურა“, „კრიტიკა“… ბარბარიზმებისა და ინტერნაციონალიზმების მიმართ განსხვავებული პოზიცია მკაფიოდაა გამოკვეთილი ი. ჭავჭავაძის სიტყვებში: „მე „ოსტროვები“, „ლინიები“,… ამისთვის დავძრახე, რომ მაგის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვები არიან ჩვენს ენაში…“, ხოლო „კრიტიკის“ „…თანასწორი მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულს ენაზედ… „კრიტიკა“ არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად“. ინტერნაციონალიზმებისა და სხვ. ისეთი ნასესხობებისაგან განსხვავებით, რომელთაც მსესხებელ ენაში შესატყვისი სიტყვა ან გამოთქმა არ მოეპოვებათ, ბარბარიზმების სიჭარბე ენაში მის ლექსიკურ სიმდიდრეს არ მოასწავებს.

ტრადიციული გაგებით (ევროპულ ენათმეცნიერებაში), ტერმინი ბარბარიზმი აღნიშნავს სიტყვის ფორმის დამახინჯებას უცხო ენის გავლენით. ამ აზრით ბარბარიზმი უპირისპირდება სოლეციზმს, რომელიც გულისხმობს ამავე მიზეზით გამოწვეულ სინტაქსურ შეუთავსებლობას სიტყვებს შორის (მაგ. ინგლ. those page - სიტყვასიტყვით: „ისინი გვერდი“).

შ. აფრიდონიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები