ბაზალტფიბრობეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაზალტფიბრობეტონის საბილიკე ფილა
ბაზალტფიბრობეტონის ტროტუარის ფილა

ბაზალტფიბრობეტონი – თანამედროვე მსოფლიოში ქალაქთმშენებლობისა და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების სახეობების (ხიდები, გვირაბები, დამცავი ნაგებობები, მრავალსართულიანი გზები, ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზები, აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლები და სხვ.) გაფართოებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ნომენკლატურის სპეციალური ბეტონის წარმოება, ბეტონისა, რომლებიც ძირეულად განსხვავდება ტრადიციულისგან ამაღლებული საექსპლუატაციო მაჩვენებლებითა და ხარისხით. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა უჟანგავი კომპოზიტური ბაზალტის ბოჭკოებით დაარმირებული ბეტონები, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ბაზალტფიბრობეტონები. მათი ძირითადი უპირატესობებია: ბზარმედეგობა (შეკლების ბზარების რაოდენობა მცირდება 90%-ით), დარტყმითი სიმტკიცის ზრდა (500%-ით), წყალუჟონადობა (იზრდება 30-50%-ით), ყინვამედეგობა (იზრდება 500 ციკლამდე) და იდეალური კოროზიამედეგობა. დაქუცმაცებულ ბაზალტის ფიბრებს უმატებენ ბეტონის ნარევს მომზადების პროცესში და ისინი ნაწილდება მთელ მასივში თანაბრად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზალტის ფიბრებს ახასიათებთ შეთავსებადობა ყველა სახის ქიმიურ დანამატთან. ბაზალტფიბრობეტონს გაჭიმვაზე მუშაობისას 15-20-ჯერ მეტი მრღვევი ძაბვა სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ბეტონს, რაც საგრძნობლად ზრდის კონსტრუქციის გაჭიმული ზონის საიმედოობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხანძრის პირობებში არ ხდება ბეტონის ნაწილების ახეთქა მასივიდან.

ბაზალტფიბრობეტონი ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალაა, რადგან თვით ბაზალტი წარმოადგენს ბუნებრივ ქვას. ასეთი ბეტონით დამზადებული კონსტრუქციის, ნაკეთობის, დეტალის, ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა აჭარბებს 100 წელს. გამოირჩევა სწრაფი გამყარებით, მაღალი შეჭიდულობით, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ იგი დიდი ქანობის მქონე გზების, პანდუსების, დამცავი კედლების მოსაწყობად. მისგან აშენებენ კოტეჯებს, კარკასულ შენობებს, აგებენ გზებს, სახიდე გადასასვლელებს; ითავსებს მზიდ და ჰიდროსაიზოლაციო თვისებებს, ამცირებს შრომის დანახარჯებს და აიაფებს მშენებლობას. მაღალი ხარისხით გამოირჩევა ფასადისა და ცოკოლის მოსაპირკეთებელი, იატაკის დასაგები, ბილიკების, ტროტუარების, ეზოების მოსაკირწყლი ფილები.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები