ბაგრატ მუხრანბატონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ მუხრანბატონი – ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე (XVI საუკუნის I ნახევარი). მწერალი და მწიგნობარი, მეფე დავით X-ის ძმა, ბაგრატიონების მუხრანბატონთა შტოსა და სათავადოს ფუძემდებელი. ქართლის სამეფოს მემარცხენე სადროშოს სარდალი. მამამისი, კონსტანტინე II დიმიტრის ძე (1478-1505 ქართლის მეფე), შემდგომში კჳრილეს სახელით შედგა ბერად. დედა – თამარი – თეკლას სახელით მონაზვნად აღიკვეცა.

ბაგრატ მუხრანბატონს ჰყავდა 6 ძმა: დავითი, გიორგი, დიმიტრი, ვახტანგი, ალექსანდრე და მელქისედეკი. დავითი 1505 წელს ქართლის მეფე გახდა, ხოლო 1525 წელს დამიანეს სახელით ბერად შედგა და სამეფო ტახტი მომდევნო ძმას, გიორგის, დაუთმო. ბოლომდე ვერც ამ უკანასკნელმა იმეფა (1527, 1534 თუ 1540) და გერასიმეს სახელით ისიც ბერად აღიკვეცა. მღვდელმონაზონი იყო უმცროსი ძმა მელქისედეკიც, რომელიც 1538–1541 წწ. ქართლის კათოლიკოსი იყო (მელქისედეკ II). ბაგრატ მუხრანბატონს ჰყავდა ოთხი ძე და ორი ასული – ვახტანგი, ერეკლე, არჩილი, აშოთან, თეოდორა და დედისიმედი. შვილიშვილი (აშოთანიდან), ქეთევან დედოფალი (წამებული), თეიმურაზ I-ის დედა იყო. ქართველი მწერლებიდან, გარდა თეიმურაზ I-ისა, მისი შთამომავლები იყვნენ მეფეები: არჩილ II და ვახტანგ VI; ანტონ I კათოლიკოსი, ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი.

ბაგრატ მუხრანბატონი ენერგიული, მებრძოლი პიროვნება იყო. მამის მსგავსად იგი შეუპოვრად იღვწოდა ქართლის სამეფოს განმტკიცებისა და საქართველოს გაერთიანებისთვის, გვერდით ედგა ძმას, დავითს და მას აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებდა. 1512 წელს მან მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს სათავადოს შექმნას (ემორჩილებოდა ქსნისა და არაგვის ხეობები მთიულ-მოხევეებითურთ). მან სათავადო ქართლის ახალ სამხრეთ-ადმინისტრაციულ ერთეულად აქცია, რომლის სარდალიც თვითონ იყო.

ბაგრატ მუხრანბატონმა ითავა კახეთის მეფის, ავგიორგის, ალაგმვა. ავგიორგის ქართლში შემოსევის დროს ბაგრატ მუხრანბატონი თავისსავე აგებულ ციხეში (ციხისძირის თავს) გამაგრდა. ავგიორგი 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა, კახეთს დაბრუნებულიყო. 1513 წელს ბაგრატ მუხრანბატონმა ავგიორგი შეიპყრო და ციხეში ჩასვა, სადაც იგი გარდაიცვალა. ბაგრატ მუხრანბატონი დავით X-სთან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებასა და ქართლთან შეერთებას.

სხვადასხვა ცნობით, 1529 წელს, 1539 წელს თუ 1542 წელს ბაგრატ მუხრანბატონი ბარნაბის სახელით ბერად აღიკვეცა.

ბაგრატ მუხრანბატონის დაკვეთითა და ხარჯით გადაწერილია „თუენის“ – დიდი ნუსხა. 1519 წელს ზაქარიას გადაწერილი „თუენის“ მეორე, ფართო ფორმატის ნუსხა მას სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს. შემორჩენილია ამ ხელნაწერის ანდერძების შემცველი ერთი ფურცელი. ბაგრატ მუხრანბატონს ეკუთვნის პოლემიკური ჟანრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები – „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთაჲ, გამოკრებილი და სიტყვისგება ქრისტიანეთა მიერ“. ნაწარმოების მიზანია, მკითხველს აუხსნას, ასწავლოს ჭეშმარიტება ქრისტიანობისა და სიყალბე ისლამისა, ამით მოამზადოს ისინი მაჰმადიანთა წინააღმდეგ საკამათოდ. განიხილავს ისლამური რელიგიის ისტორიასა და მის ფუძემდებელს მუჰამედს, რომელსაც უარყოფითად ახასიათებს და თვლის, რომ „მოჰამედი, სენითა შავნაღვლიანობისათა ვნებული“, ანუ ბნედიანი იყო, რის გამოც ხშირად მიწაზე ენარცხებოდა. მან „მზაკუარებისა მანქანებითა დააჯერა“ თავდაპირველად ცოლი და შემდეგ სხვები, რომ „ჩუენებით იხილავს ჯაბრაილს“, ანუ გაბრიელ მთავარანგელოზს, „ვერ უძლებს ხილვასა მისსა და ქუეყანად დაეკუეთების“; „თავი წარმოაჩინა და სახელ-იდვა წინასწარმეტყუელად და მოციქულად ღმრთისა“. მას მიაჩნდა, რომ მუჰამედი ატყუებდა და რყვნიდა ხალხს. თხზულების დიდი ნაწილი ყურანისა და ცალკეულ ისლამურ რელიგიურ შეხედულებათა კრიტიკას ეთმობა. მისი აზრით, მუჰამედმა ყურანი „სიძესა თვისთა ალის და უსმანს“ დააწერინა, რადგან წერა-კითხვა თვითონ არ იცოდა; მათ „შეაწმასნეს ძუელთა და ახალთა ვიდრემე მოთხრობითგან და სჯულთა და ნათესავთა“, როგორც „ნესტორიანი მისგან ბერისა“ ჰქონდათ ნასწავლები.

ბაგრატ მუხრანბატონი მოკლედ, მაგრამ საგანგებოდ ეხება ქრისტესა და მუჰამედის ვინაობას. ცალკე თავებად გამოყოფს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც შეიძლება მოწინაღმდეგემ წამოჭრას. ავტორის აზრით, ყველაფერზე პასუხი ბიბლიაში მოიპოვება, თუმცა მაჰმადიან მეტოქესთან საკამათოდ და საპაექროდ მაინც ისლამის მცოდნე პირის შერჩევა ჯობს.

ბაგრატ მუხრანბატონი დასაბუთებული და ლოგიკური მსჯელობით სათქმელს ყველგან სარწმუნოს ხდის.

ბაგრატ მუხრანბატონის ეს თხზულება საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სასიცოცხლო საქმეს ემსახურებოდა. იგი ერთი ის მძლავრი იარაღთაგანი იყო, რომელიც ქართველ კაცს ეროვნული მეობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. XVII ს. გიორგი XI-ის დავალებით ეს თხზულება ლექსად გარდაქმნა იაკობ შემოქმედელმა, რომელშიც პირველად არის მოხსენებული ქართული საერო ძეგლი „ამირანდარეჯანიანი“. აგრეთვე შეიცავს მოკლე ცნობებს ძველი ქართული მწერლობისა და საეკლესიო მოღვაწეების – დავით ტბელის, სტეფანე სანანოისძის, არსენ ნინოწმინდლის, ეფრემ და გიორგი მთაწმინდლების, საბა თუხარელისა და ეფრემ მცირის – დამსახურებაზე ბიბლიური თხზულებების ქართულად თარგმნაში.

ბაგრატ მუხრანბატონმა ეს ნაწარმოები ბერად შედგომამდე შეთხზა, როდესაც იგი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, ქართლის მეფის ძე და მხედართმთავარი, ხმლით ებრძოდა მომხდურებს. თხზულება გამოუქვეყნებელია. ყველაზე ძველი და სანდო ტექსტი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q–91 ნუსხაში.

ბ. დარჩია

წყაროები და ლიტერატურა

  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1945;
  • დარჩია ბ., ბაგრატ მუხრანბატონის ბიბლიოგრაფიული ცნობები, „მწიგნობარი“, 1999, №99;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ., 1, თბ., 1962;
  • Mapр Н., Из книги царевича Баграта о грузинских переводах духовных сочинений и героической повести Дареджаниани, Известия Aкaдемии Hayк, 1899, т.10, №2.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები