ახალციხის ზედაჯვრის ეკლესია (კასპი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალციხის ზედაჯვრის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (19,5 X 5 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია ტუფიც. გარედან და შიგნიდან ტიმპანიანი არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ორი საფეხურით შემაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - სწორკუთხა ნიშები. საკურთხევლის წინ იდგა წითელი ტუფით ნაწყობი ორნამენტიანი კანკელი. აფსიდში დგას ქვიშაქვის სატრაპეზო ქვა, რომელზეც ჯვარია ამოკვეთილი. სატრიუმფო თაღი სწორკუთხა ქვის კაპიტელებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. დარბაზი გადახურულია ნატეხი ქვის ცილინდრული კამარით. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე სარკმლებს ტუფის ქვის საპირეები აქვს. დასავლეთ ფასადზე, ოთხი მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია წარწერიანი ქვა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი ერთ დიდ მწვანე ტუფის ქვაშია გამოკვეთილი და ზედ ჯვრის რელიეფია გამოსახული. ეკლესიას სამხრეთით მინაშენიც ჰქონია.

აფსიდში შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა მოწითალო-მოყავისფრო ხაზით ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის ფეხები, ორი ექვსფრდედი და მარგალიტებით შემკული, ორი ერთმანეთზე შედგმული, დიდი ზომის ფეხსადგომი. ქვედა რეგისტრში, მედალიონებში წარმოდგენილია ოთხი მოციქულის წელზედა გამოსახულება. სარკმლის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულ წმინდანს ხელში წიგნი უჭირავს. წმინდანთა ფიგურებს შორის დატოვებული თავისუფალი მონაკვეთები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტის ზოლი გასდევს. მხატვრობის კოლორიტს ქმნის მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი ფერები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები