ახალი ქართლის ცხოვრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი ქართლის ცხოვრება − (XVIII ს. I მეოთხ.), „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქცია. ვახტანგ VI-ის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შედგა „სწავლულ კაცთა“ („მეცნიერ კაცთა") კომისია, რომელსაც ბერი ეგნატაშვილი მეთაურობდა. კომისიამ, ყველა არსებული ხელნაწერის, სიგელ-გუჯრების და სხვა წყაროების გათვალისწინებით, რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ ძველ, მანამდე არსებულ ვარიანტში – გადამწერთა მიერ საუკუნეთა განმავლობაში დამახინჯებული ტექსტი გამართა და გაასწორა, დაურთო საძიებელი, ტექსტი ნაკვეთებად დაყო და მეფეთა ზეობის მიხედვით დაასათაურა; შემოიღო კოლონტიტულებისა და კუსტოსების სისტემა – ისტორიული მოღვაწეთა სახელების სინგურით აღბეჭდვა; კომისიას მიუჩნევია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ სათანადო სისრულით არ იყო წარმოდგენილი საქართველოს ეკლესიის დიდ საეკლესიო მოღვაწეთა ისტორია და ტექსტში შეუტანია: პეტრე იბერის, ასურელი მამების, დავით და კონსტანტინეს, გობრონის, ექვთიმე მთაწმინდლისა და სხვათა მოღვაწეობის ამსახველი ჩანართები, ასევე კომისიამ საგანგებოდ იმუშავა სუმბატ დავითის ძის ბაგრატიონთა გვარის ისტორიაზე. მან უმართებულოდ მიიჩნია ამ თხზულების ცალკე ქრონოლოგიური რიგის დარღვევით ჩართვა „ქართლის ცხოვრებაში“ და ის დაშალა. უძველესი ნაწილი, VI საუკუნემდე საერთოდ მოხსნა და VI ს. შემდეგდროინდელი ცნობები დანაწევრებულად შეიტანა შესატყვის მოვლენებთან დაკავშირებით. კომისიამ ჯუანშერის თხზულების ქრონოლოგიურად შესაბამის მონაკვეთში სუმბატის თხზულებიდან შეიტანა ცნობები ქართლის პირველი ერისმთავრის, გუარამ კურაპალატის შესახებ, ხოლო შემდეგ მოკლე მონაკვეთებად (ძირითადად – „მატიანე ქართლისაჲ-ში“) ჩართო ცნობები სუმბატის ქრონიკიდან იქ, სადაც საჭიროდ მიიჩნია ბაგრატიონებზე ცნობების დამატება. რაც მთავარია, კომისიამ დაამუშავა XIV–XVII სს. საქართველოს ისტორიის მანამდე აღუწერელი ნაწილი და შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“. ამიტომ XVIII ს. ავტორებმა ვახტანგისეულ რედაქციას „ახალი ქართლის ცხოვრება“ უწოდეს, განსხვავებით იმ „ქართლის ცხოვრებისაგან“, რომელიც ვანტანგ VI-ის წინა ხანაში იყო შემზადებულ-გადანუსხული.

გ. მარუაშვილი

ლიტერატურა

  • გრიგოლია კ., ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან, ტ 1, ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1954;
  • ლორთქიფანიძე მ., რა არის ქართლის ცხოვრება?, თბ., 1989.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები