ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია (გორი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლდაბის სამხრეთით, ტყის პირას. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებითა და რიყის ქვით. შენობის კუთხეები, შესასვლელის გვერდები და არქიტრავი მუქი ღვინისფერი პორფირიტისაა, საბჯენი თაღები, კამარა და ლავგარდანი - აგურის. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოცვენილია სამხრეთი კედლის ზედა ნაწილის საპირე წყობა, ფასადების შელესილობა, სახურავის კრამიტები. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიას თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. შიდა თაღი შეისრული ფორმისაა, გარეთა - ნახევარწრიული. ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთი გვერდი ოდნავ ნალისებრია. აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელთან ქვით ნაწყობი სატრაპეზოა. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში მცირე ნიშია. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის მიწის იატაკისაგან ამაღლებულია ერთი საფეხურით (შემორჩენილია დასავლეთ კედლის ძირში). დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. დასავლეთის კედელს კუთხის პილასტრები აქვს. პილასტრები და აფსიდის მხრები დამთავრებულია ორნაწევრიანი იმპოსტებით (ჩრდილოეთის იმპოსტი დიდი ზომისაა). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სარკმლები შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება. შენობა შიგნიდან შელესილია.

აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის გვერდები და ძირი ერთ ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ორივე გვერდზე ქვაში ჩაკვეთილია ერთხაზოვანი სამი ნახევარწრე ზედა წრეზე დაფუძნებულია ქვაში ნაკვეთი მცირე ჯვარი. ამავე ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამოკვეთილია წყვილი ხაზით მოჩარჩოებული ჯვარი. მეორე ჯვარი ფრონტონის არეშია. შენობას ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ბიბლიოგრაფია

1.ახალდაბა //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.280. სოფ. ახალდაბის X საუკუნის ერთნავიანი ეკლესიისა და სოფლის სამხრეთით მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
2. წმ. გიორგის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობანი.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.47-48. ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის , დარბაზული ტიპის ეკლესიის ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ერთვის ეკლესიის გეგმა, ფასადთა და განაკვეთთა ნახაზები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები