აქროლადი ნივთიერებების ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქროლადი ნივთიერებების ავადმოხმარება - აქროლადი ნივთიერებების (ასევე, ცნობილია, როგორც გამხსნელები) ავადმოხმარება სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ მათმა ფართოდ გავრცელებამ საზოგადოების შეშფოთება პირველად 1950-იანი წლების ამერიკაში გამოიწვია. ანალოგიური პრობლემები ბრიტანეთში 1970-იანი წლების დასაწყისში აღმოცენდა. თუმცა, მოგვიანებით საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემის მიმართ თანდათან განელდა. დღესდღეობით აქროლადი ნივთიერებების ავადმოხმარების დონე კვლავაც მაღალია, განსაკუთრებით მოზარდებში.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აქროლადი ნივთიერებების ფარმაკოლოგიური ზემოქმედება არ არის ზუსტად დადგენილი, მაგრამ მათ, ალკოჰოლის მსგავსად, შეუძლიათ გაზარდონ ნეირონული უჯრედების მემბრანების თხევადობა და, ასევე, გააძლიერონ თავის ტვინის GABA ფუნქცია (Beckstead et al., 2000).

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

აქროლადი ნივთიერების ავადმოხმარება საყოველთაო პრობლემას წარმოადგენს. 2003 წელს ჩატარებული ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის თანახმად (NSDUH), ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ცხოვრების მანძილზე, სულ ცოტა, ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული აქროლადი ნივთიერება; თუმცა, მხოლოდ 0.2% აფიქსირებს მის მოხმარებას ბოლო ერთი თვის მანძილზე (National Institute on Grug Abuse, 1991). ბრიტანეთში ახალგაზრდების დაახლოებით ერთ მეხუთედთან ფიქსირდება აქროლადი ნივთიერების შესუნთქვის გამოცდილება (Miller and Plant, 1996). აქროლადი ნივთიერებების ავადმოხმარება ძალიან გავრცელებულია უსახლკარო ახალგაზრდების წრეში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

აქროლად ნივთიერებებს უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცები იყენებენ. მათი მოხმარება განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი სოციალურ-ეკონომიური ფენის წარმომადგენლებში. ახალგაზრდების უმრავლესობა აქროლად ნივთიერებებს ჯგუფურად მოიხმარს და მხოლოდ 5%-ია ინდივიდუალური მომხმარებელი. არსებობს ფაქტები, რომელთა თანახმად, ასეთი ჯგუფების წევრებს ანტისოციალური პიროვნული თვისებები ახასიათებთ და, სავარაუდოდ, სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსაც ბოროტად მოიხმარენ. თუმცა, ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, აქროლადი ნივთიერებების მომხმარებლების უმრავლესობა ამგვარ პრაქტიკას მხოლოდ რამდენჯერმე მიმართავს და შემდეგ უარს ამბობს მასზე (Ives, 2000).

აქროლადი ნივთიერებები და მათი მოხმარების მეთოდები

აქროლადი ნივთიერებების მოხმარებისას ყველაზე უფრო ხშირად გამხსნელებსა და წებოს იყენებენ (აქედან მომდინარეობს ტერმინი „წებოს ყნოსვა”), თუმცა, მათ ასევე განეკუთვნება ბენზინი, საწმენდი სითხეები, ნებისმიერი სახის აეროზოლი, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და ბუტანი. ხშირად იყენებენ ტოლუოლსა და აცეტონს. ამ თავში ტერმინი „აქროლადი ნივთიერება”, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას აღნიშნავს. მოხმარების მეთოდები თავად ნივთიერებაზეა დამოკიდებული. მათი შესუნთქვა ხდება ბოთლის ყელიდან, ლუდის ქილიდან ან ცელოფანის პარკიდან; ასევე, შესაძლებელია ნივთიერებით გაჟღენთილი ჩვრის პირთან მიტანა და შესუნთქვა ან პულვერიზატორის გამოყენება. აქროლადი ნივთიერებების მოხმარების პარალელურად, ხშირად სხვა არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებს ან თამბაქოსა და ალკოჰოლს იყენებენ (ზოგჯერ საკმაოდ დიდი რაოდენობით).

კლინიკური ეფექტები

აქროლად ნივთიერებებს ალკოჰოლის მსგავსი კლინიკური ეფექტები აქვთ. პირველ ეტაპზე ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია, ხოლო შემდეგ - დათრგუნვა. ინტოქსიკაციის სტადიებიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მსგავსია: ეიფორიული მდგომარეობა, მხედველობის დაბინდვა, გაურკვეველი მეტყველება, კოორდინაციის დარღვევა, ბარბაცით სიარული, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და კომა. აქროლადი ნივთიერებებით ინტოქსიკაცია, ალკოჰოლურისგან განსხვავებით, სწრაფად ვითარდება და სწრაფადვე ქრება (რამდენიმე წუთის ან ორი საათის განმავლობაში). ამ დროს აღინიშნება დეზორიენტაცია და, ზოგ შემთხვევაში (ინდივიდების ორ მეხუთედთან), ჰალუცინაციები, რომლებიც ძირითადად ვიზუალური ხასიათისაა და ხშირად შიშისმომგვრელია. სიმპტომების ამგვარმა კომბინაციამ შეიძლება პიროვნება უბედურ შემთხვევამდე მიიყვანოს.

არასასურველი ეფექტები

აქროლადი ნივთიერებების ავადმოხმარებას მრავალი მძიმე არასასურველი ეფექტი აქვს, რომელთაგანაც ყველაზე უფრო სერიოზული უეცარი სიკვდილია. ლეტალურ შემთხვევებს ვხვდებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს. 1990-იან წლებში, ბრიტანეთში, აქროლადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 100 ადამიანი კვდებოდა (Ives, 2000). ლეტალური შემთხვევების დაახლობით ნახევარი უშუალოდ აქროლადი ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტებით, განსაკუთრებით კარდიალური არითმიითა და სუნთქვის დათრგუნვით, იყო გამოწვეული; დანარჩენის მიზეზი იყო ტრავმა, ასფიქსია (ცელოფანის პარკის თავზე ჩამოცმის შემთხვევაში) ან პირნაღები მასის სასუნთქ გზებში გადაცდენა.

ქრონიკულ მომხმარებლებს შეიძლება აღენიშნებოდეთ აქროლადი ნივთიერებების ნეიროტოქსიკური ეფექტები; ხოლო მოზარდებს, ამ ნივთიერებების ავადმოხმარებისას, შეიძლება მძიმე ინვალიდიზაციის გამომწვევი, პერიფერიული ნევროპათია განუვითარდეთ, განსაკუთრებით ტოლუოლის გამოყენების დროს. სხვა არასასურველი ნევროლოგიური ეფექტებია ცერებრული ფუნქციის მოშლა, ენცეფალიტი და დემენცია. აქროლადი ნივთიერებების ავადმოხმარებამ შეიძლება, აგრეთვე, სხვა ორგანოებიც დააზიანოს, მაგ., ღვიძლი, თირკმელები, გული და ფილტვები. გასტროინტესტინური სიმპტომებია: გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ჰემატემეზისი (სისხლიანი პირღებინება).

ტოლერანტობა და დამოკიდებულება

აქროლადი ნივთიერებების რეგულარულად მოხმარებისას შეიძლება განვითარდეს მათზე დამოკიდებულება, მაგრამ აბსტინენციის ფიზიკური სიმპტომები იშვიათად იჩენს თავს. ამგვარი სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, პიროვნებას, ჩვეულებრივ, აღენიშნება ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, გულისრევის შეგრძნება, ტაქიკარდია და, უფრო იშვიათად, ჰალუცინაციები და ბოდვითი იდეები. აქროლადი ნივთიერებების 6-12 თვის მანძილზე უწყვეტი მოხმარებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა.

დიაგნოზი

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც აქროლადი ნივთიერებებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზზე მიუთითებენ. ესაა ხელებზე, სახეზე ან ტანსაცმელზე წებოს კვალი; სუნთქვის დროს ქიმიური ნივთიერებების სუნი; ინტოქსიკაციის სწრაფი დებიუტი და ჩაქრობა; დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში. ქრონიკულად მოხმარების დიაგნოსტირება უმთავრესად ხდება მოხმარების ისტორიის, ტოლერანტობის ზრდისა და დამოკიდებულების საფუძველზე. დამახასიათებელი ნიშანია გამონაყარი სახეზე („წებოს მყნოსავების გამონაყარი”), რომელიც ცელოფანის პარკიდან აქროლადი ნივთიერებების მრავალჯერადი შესუნთქვის შედეგად ჩნდება.

მკურნალობა

ბევრი ადამიანისთვის აქროლადი ნივთიერებებით ექსპერიმენტირება დროებითი მოვლენაა და, სავარაუდოდ, არ იწვევს ამ ნივთიერებების ავადმოხმარებას ან მათზე დამოკიდებულებას. ასეთი პირებისთვის შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს რჩევის მიცემა და მხარდაჭერის გამოხატვა. თუმცა, ტოქსიკომანების მნიშვნელოვანი ნაწილი აქროლადი ნივთიერებების გარდა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მაგ., ალკოჰოლისა და ოპიოიდების მომხმარებელიცაა. მათ უფრო ხშირად ახასიათებთ ანტისოციალური პიროვნული აშლილობა და აქვთ ქაოტური ან ძალადობრივი ოჯახური ცხოვრების გამოცდილება. მათი მკურნალობა საკმაოდ რთულია და ფართო სპექტრის ფსიქოლოგიურ და სოციალურ მიდგომას საჭიროებს. აქროლადი ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში არ მიმართავენ რაიმე სპეციფიკურ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს მასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობის (მაგ., დეპრესიის) შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

პრევენცია

პრევენციული ზომები, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმ მრავალრიცხოვანი ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ცნობისმოყვარეობის ან თანატოლების ზეწოლის გამო აქროლადი ნივთიერებებით ექსპერიმენტირებას ეწევიან. უნდა გატარდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის აქროლადი ნივთიერებების მიყიდვას. ასევე, მიზანშეწონილია ინფორმაციის მიწოდება შესაძლო შედეგების, განსაკუთრებით მძიმე ტრავმებისა და სიკვდილის რისკის შესახებ, რაც აქროლადი ნივთიერებების იშვიათ ან პირველად მიღებას უკავშირდება. რეკომენდებულია უფრო მასშტაბური სოციალური ზომების მიღება, როგორიცაა, მაგ., გაუმჯობესებული რეკრეაციული საშუალებებით პაციენტების უზრუნველყოფა.

იხილე აგრეთვე

აშლილობა გამოწვეული აქროლადი გამხსნელების მოხმარებით

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები