ფილტვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულმკერდის სტრუქტურა და წერტილები. A- წინა ხედი; B ‒ უკანა ხედი წყარო: Sharon L. Lewis, RN, et al (2016) Medical-Surgical Nursing. 10th edn.

ფილტვებიგუმბათის ფორმის ორგანოა; მისი მოცულობა 3,5-8,5 ლიტრია. მის უკიდურეს ზედა წერტილს აპექსი, ხოლო ქვემოს ფუძე ეწოდება. ორივე მხარეს, ფილტვი ლავიწის ძვალს რამდენიმე სანტიმეტრით სცდება. ფილტვები გულმკერდის მყესისა და ჰილუსის მეშვეობით მჭიდროდაა დაფიქსირებული გულმკერდის ღრუში.

სარჩევი

წილები და სეგმენტები

ფილტვის სეგმენტები, წილები და წილაკები წყარო: Linda D. Urden, Kathleen M. Stacy. (2014) CRITICAL CARE NURSING: DIAGNOSIS AND MANAGEMENT

ფილტვები წილებისა და სეგმენტებისგან შედგება. წილები ერთმანეთისგან წილთაშუა პლევრალური მემბრანით ‒ ფისურით არის გამოყოფილი. მარჯვენა ფილტვი შედარებით მძიმე და დიდია და იყოფა სამ ‒ ზედა, შუა და ქვემო წილებად, მარცხენა ფილტვი კი ‒ ზემო და ქვემო წილებად. მარცხენა წილის ნაქი, მარჯვენა ფილტვის შუა წილს შეესაბამება. მარჯევნა ფილტვის ზემო და შუა წილებს ერთმანეთისგან გამოყოფს ჰორიზონტალურად გამავალი ფისურა, ხოლო ზედა და შუა წილებს ქვემო წილისგან ‒ ირიბი ფისურა. ასევე ირიბი ფისურა გამოყოფს მარცხენა ზემო და ქვემო წილებს ერთმანეთისგან.

ფილტვი შედგება 18 სეგმენტისგან, 10 მარჯვენაში, ხოლო 8 მარცხენა ფილტვში; თითოეულ სეგმენტში საკუთარი ბრონქი შედის, რომელიც თავის მხრივ წილოვანი ბრონქის უშუალო განტოტებაა.

შუასაყარი

ფილტვებს შორის სივრცეს შუასაყარი ეწოდება. აქ მოთავსებულია გული, მსხვილი სისხლძარღვები, ლიმფური სადინრები და საყლაპავი.

შუასაყრის სივრცეში ხვდება ფილტვის ფუძის ნაწილი, რომელიც ჰილუსის სახელითაა ცნობილი. ამ ანატომიურ სტრუქტურაში გადის ფილტვიდან გამომავალი და მასში შემავალი ბრონქები, ნერვები და სისხლძარღვები.

პლევრა

პლევრა ფილტვისა და გულმკერდის ღრუს ამომფენი მემბრანაა. ვისცერალური პლევრა ეკვრის ფილტვის ქსოვილს, ხოლო პარიეტალური გულმკერდის ღრუს შიგნითა ზედაპირს. მათ შორის სივრცე ამოვსებულია ლუბრიკანტით, რაც მათი ერთმანეთის ზედაპირზე სრიალის შესაძლებლობას იძლევა.

ინტრაპლევრალური წნევა

პლევრის ღრუში არსებული სივრცე ქმნის ინტრაპლევრალურ წნევას, რომელიც ნორმაში როგორც ფილტვის შიდა, ასევე ატმოსფერულ წნევაზე ნაკლებია. ჯანმრთელ ადამიანში ის H2O-ს სვეტის -4-დან -10 მმ-მდე მერყეობს (ღრმა ჩასუნთქვისას -12, -18 მდე). პლევრალურ სივრცეში არსებული ეს უარყოფითი წნევა ფილტვის გაშლის წინაპირობაა. თუ აღნიშნული წნევა რაიმე მიზეზით დაირღვევა, ფილტვი კოლაბირდება, ვითარდება პნევმოთორაქსი.

ვენტილაციაში მონაწილე კუნთები

არსებობს ინსპირატორული და ექსპირატორული კუნთები. კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფს გულმკერდის მოცულობის გაზრდას ინსპირატორული, ხოლო მისი მოცულობის შემცირებაში მონაწილე კუნთებს ექსპირატორული კუნთები ეწოდება

ჩასუნთქვა

ჩასუნთქვაში მონაწილე მთავრი კუნთი დიაფრაგმაა. დიაფრაგმა, თავის მხრივ, არის გუმბათის ფორმის ფიბროზულ კუნთოვანი სტრუქტურა, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს გულმკერდისა და მუცლის ღრუს. ჯანმრთელ ადამიანში დიაფრაგმა ჩასუნთქვის პროცესის 80%-ს ასრულებს. ჩასუნთქვისას ის ბრტყელდება და ზრდის გულმკერდის მოცულობას, ამავდროულად აწვება მუცლის ღრუს და მის გარეთ გამოზნექვას იწვევს.

დიაფრაგმა ინერვირდება დიაფრაგმის ნერვით, რომელიც კისრის წნულიდან გამოდის (მე-3, 4 და 5 სპინალური ნერვის მონაწილეობით), ამიტომ კისრის ამ რეგიონის ტრავმული დაზიანება დიაფრაგმის ფუნქციის მოშლასთან და შესაბამისად ჩასუნთქვის პროცესის მოშლასთანაა დაკავშირებული.

ჩასუნთქვაში მონაწილე სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურებია გარეთა ინტერკოსტალური (ნეკნთაშუა), დაკბილული, კიბისებრი და სტერნოკლედომასტოიდური (მკერდლავიწდვრილისებრი) კუნთები. აღნიშნული სტრუქტურები გულმკერდის მოცულობის გაზრდას ემსახურება.

ამოსუნთქვა

ჯანმრთელი ფილტვის შემთხვევაში ამოსუნთქვა პასიური პროცესია და ენერგიის დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული. ამოსუნთქვის დროს დიაფრაგმა დუნდება და იბრუნებს გუმბათის ფორმას. ვინაიდან ამოსუნთქვა პასიური პროცესია, უშუალოდ ამოსუნთქვის კუნთები არ არსებობს და ამ პროცესში ჩართულია მხოლოდ შიდა ნეკნთაშუა კუნთები, რომლებიც ნეკნების შიგნითა მიმართულებით მოძრაობას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს ამოსუნთქვაც საჭიროებს გარკვეულ ძალისხმევას; ფიქრობენ, რომ ამ პროცესში ჩართულია მუცლის კუნთები.

დამხმარე კუნთები

ითვლება, რომ დამხმარე კუნთები არ არიან ჩართული ამოსუნთქვის პროცესში, თუმცა დატვირთვის დროს ისინი მონაწილეობენ ამოსუნთქვაშიც. დამხმარე კუნთებია: კიბისებრი, სტერნოკლედომასტოიდური, ტრაპეციული და დიდი გულმკერდის კუნთები.


წყარო

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები