აქვაცვ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქვაცვ (აქοაცο) - აფხ. 1. კონუსის ფორმის საგანი; 2. წოწოლა წნული, მრგვალი ფაცხა. თხილის ტოტებისგან დაწნული, კონუსური ფორმის გადახურვით. კეთდებოდა,როგორც ბარში, ისე მთაში მწყემსების მიერ. გადაადგილების დროს, ერთი ადგილიდან მეორეზე მისი გადატანა ადვილი იყო, მას შლიდნენ და ისე გადაჰქონდათ.

ზამთარში წნული კედლები თიხაში არეული გვიმრით ან თივით ილესებოდა. საცხოვრებელს საძირკველი არ ჰქონდა. იგი უსარკმლო და მიწის იატაკიანი იყო. სახურავი გვიმრით ან თივით იყო დაფარული. ნაგებობის კედლის სიმაღლე 2,4 მ, სახურავით კი, სიმაღლე 5 მ და 70 სმ-ს აღწევდა, მისი დიამეტრი 4,4 მ იყო. კედლებში სიმაგრისთვის მაგარი ხის (მუხის) ბოძები ჰქონდა ჩატანებული. იგი გარედან კედლებზე მკვრივად იდებოდა. კედლებზე, ზემოთ 4 მ-მდე ხეკაუჭები ადიოდა, რომლის ბოლოები კონუსური ფორმით, წყვილ-წყვილად ერთმანეთთან იკვრებოდნენ. ხეკაუჭების შეკრული თავები ერთმანეთთან ახლოს (18 სმ) თავსდებოდა და იწვნებოდა. შემდეგ ბურბუშელათი ან ფიჩხით იფარებოდა, რითაც სახურავის საფუძველს ქმნიდნენ. მათ შორის დარჩენილი სვრელები დამატებითი მოკლე ხეკაუჭებით ივსებოდა. შემდეგ ეს ხეკაუჭები სამ ადგილას ფიჩხით იკვრებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იფარებოდა ისინი გვიმრით, თივით ან ლელქაშით (ყარმაშლა). ნაგებობა ერთკარიანი, შუაცეცხლიანი იყო. ბოლი მუდმივად ღია კარიდან და კერის თავზე სახურავში საკვამლე მილიდან გადიოდა. შესასვლელი კარის პირდაპირ, უკანა კედელს მცირე ზომის ოთხკუთხა სასინათლო ჰქონდა. გარედან გვერდით კედელზე მიდგმულ მორზე ქვის ფილა, აჰაა იდო. ძველად, ქათმის ბუდეებსაც გარედან კედლებზე კიდებდნენ. საკვამლე მილს ზემოთ ორფერდა ხის შვერილი უკეთდებოდა, რომ წყალს ნაგებობაში არ შეეღწია.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები