აუდიტორული ფირმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუდიტორული ფირმა - (auditor firm) - ფირმა, რომლის წესდებაც ითვალისწინებს მხოლოდ აუდიტორულ და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

აუდიტორული საქმიანობა არის იმ ურთიერთობათა ერთობლიობა რომელიც მყარდება აუდიტის და მასთან დაკავშირებული საქმიანობის მომზადების, ჩატარებისა და შედეგების რეალიზაციის პროცესში სამეურნეო სუბიექტს (დამკვეთს), აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას), აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოსა და სხვა რომელიმე მესამე პირს შორის, მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე. როგორც წესი, აუდიტორულ საქმიანობას არეგულირებს სახელმწიფო. ეს ხდება კანონების მიღებისა და მათ შესრულებაზე ხელისუფლების მეთვალყურეობის გზით. ამასთან, სახელმწიფო უშუალოდ არ ერევა აუდიტორული ფირმის საქმიანობაში. აუდიტორი დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან, კლიენტისაგან, ნებისმიერი მესამე პირისაგან. იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონებით, აუდიტორული სტანდარტებითა და მეთოდიკით. აუდიტორული ფირმა თანაბრად იცავს მესაკუთრის, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს. აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ორგანოები უმეტეს შემთხვევაში იქმნება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან (საქართველოში ამ მოვალეობას ასრულებს აუდიტორული საქმიანობის საბჭო, რომელიც შექმნილია პარლამენტთან). აუდიტორული ფირმის მუშაობას მიმართავენ აუდიტორთა თვითმმართველობის ორგანოები. ისინი ამზადებენ აუდიტის სტანდარტებს და სხვა მეთოდური ხასიათის ნორმატიულ აქტებს. თვითმმართველობის ასეთი ორგანოები ძირითადად აუდიტორთა ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანებებია. ბევრ ქვეყანაში მათ აუდიტორული პალატები ეწოდებათ.

საქართველოში აუდიტორული პალატა შეიქმნა 1992 წლის დამლევს, ხოლო აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების პირველი აქციონერთა საზოგადოება -„იბერიაუდიტორი” 1990 წელს დაარსდა. ამით დასაბამი მიეცა ქვეყანაში აუდიტორული საქმიანობის დაწყებას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები