ასფაგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასფაგური - ქართლის (იბერიის) მეფე III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მირდატ მეფის ძე. სომხეთის მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი. მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.

ასფაგურმა ააშენა ციხე-ქალაქი უჯარმა. დარჩა ერთადერთი ასული აბეშურა, რომელიც შერთეს ცოლად სპარსეთის ტახტზე ახლად ასული მეფის - ხოსროს (ქასრე სასანიანის) 7 წლის ძეს მირიანს. ეს მოხდა ქართლის სპასპეტის მაეჟანის რჩევით. მან ქასრე მეფეს მიმართა ასეთი წინადადებით: „თუ შენი შვილი მიიღებს კერპთთაყვანისმცემლობას, გვამყოფებს წარჩინებით, არ გვაიძულებს აღრევას სპარსთა თანა, მაშინ ჩვენი მეფის ასული აბეშურა გახდება თქვენი რძალი, ხოლო თქვენი შვილი მირიანი - ქართლის მეფე“.

ამის შემდეგ მაეჟანმა დაამატა: თუკი ხოსრო მეფე და მისი შვილი არ შეიწყალებდნენ ქართველთა ვედრებას, წაართმევდნენ მამათა რჯულს და გააბატონებდნენ სპარსელებს ქართველ მეფეთა ნათესავებზე, მაშინ ასეთ ყოფას ქართველები სიკვდილს არჩევდნენ, გამაგრდებოდნენ ციხე-ქალაქებში და ერთიანად ამოწყდებოდნენ.

ხოსრომ როცა გამოიძია აბეშურას ბიბლიური წარმომავლობა და მცხეთის მნიშვნელობა, სიხარულით დაეთანხმა ქართველებს, ფიცი მისცა, რომ მათ თხოვნას შეასრულებდა და ქართლში გაამეფა თავისი ძე მიჰრან, ხარჭისაგან ნაშობი. ეს ხარჭა თავის თავზე მეტად უყვარდა, ამიტომ მცხეთაში არ დატოვა. მცირეწლოვან მიჰრანს გამგებლად დაუტოვა წარჩინებული პიროვნება, მიჰრანის ძიძის ქმარი - მირვანოზი.

ეს მიჰრანი არის საქართველოს XXIV და პირველი ქრისტიანი მეფე, რომელმაც 326 წელს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა. იგი ცნობილია, როგორც მირიან მეფე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები