არტავაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არტაუძი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტავაზ-ი ||არტავიზ-ი || არტაუძ-ი (ოს. Артъауаз || Артъауыз || Артъаудз) – ოსური მითოლოგიის პერსონაჟი, ბოროტი სული; ადამიანებისთვის სიკეთის მოსატანად შექმნილმა, უკეთურობას მიჰყო ხელი, რის გამოც განრისხებულმა ღმერთმა ჭექა-ქუხილის ღვთაებას – ვაცილას დაავალა მისი დასჯა. ვაცილამ ღრუბლები შეჰყარა, მეხი ჰკრა და ართავაზი ზეცაში აიყვანა, სადაც იგი მთვარეზე იქნა მილურსმული. დატყვევებულ ართავაზს დარაჯებად ზეციური სულები – ზედები დაუყენეს. თუ ართავიზმა თავი გაითავისუფლა, ადამიანებს ჩაყლაპავს. ეს რომ არ მოხდეს, ყოველი მჭედელი ვალდებულია გრდემლზე კვერის დარტყმით დარაჯები გამოაფხიზლოს (ამავე მიზნით მთვარის დაბნელების ჟამს ოსები ზეცისკენ თოფებს ისვრიან).

გადმოცემებს ართავაზის შესახებ, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს თქმულებები სომხური ეპოსის – „ვიპასანკის“ გმირზე – არტავაზდზე (ზოგიერთი ვარიანტით, მეფე არტაშესისა და ალანელი პრინცესას – სათინიკის ვაჟი), რომელიც ნადირობის დროს ქაჯებმა დაიჭირეს და მღვიმეში ჯაჭვებით დააბეს. ცხადია, ამირანიანის ტიპის სომხური მითოსი თავდაპირველად მიჯაჭვული გმირის შესახებ მსოფლიოს მრავალ ხალხში გავრცელებული თქმულების ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომელმაც მოგვიანებით ირანული მითოლოგიის გავლენა განიცადა (შდრ. სომხური ეპოსის ვერსიები ბოროტი ზაჰჰაკასა და ფერიდუმის ბრძოლის შესახებ).

ტერმინი არტავაზდი („უკვდავი“) ირანული წარმომავლობისაა. სპეციალისტები თვლიან, რომ ზემოაღნიშნული მითი ოსებმა ქართველების მეშვეობით გაიცნეს (ქართული ართავაზი – „ჯადოქართა უფროსი“, ათრაოზი – „ეშმაკი“, „ჯადოქარი“).

ლიტერატურა

  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Таказов Ф. М. Очерки по демонологии народов Северного Кавказа. Владикавказ, 2008;
  • Таказов Ф. М., Кусаева З. К. Образ Артауза в религиозно-мифологических воззрениях осетин // Современные проблемы науки и образования. Вып. 6, 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები