ანისის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანისი. ტიგრან ჰონენცის ეკლესია

ანისის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია - ქართული ეკლესიის ნანგრევები თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ქალაქ ანისში. ეკლესია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ახურიანის პირას, 1215 წ. აუშენებია სომეხ ქალკედონიტ ტიგრან ჰონენცის. ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში ტიგრან ჰონენცის სახელითაა ცნობილი, თურქები კი მას Boyali Kilise-ს (მოხატული ეკლესია) უწოდებენ, რადგან სხვა ტაძრებისგან გამოირჩევა უხვად შემკული მაღალი ხარისხის კედლის მხატვრობით, რომელიც ქართველი ოსტატების მიერაა შესრულებული ეკლესიების ინტერიერის ფერწერით შემკობა, რაც უცხო იყო სომხური ტრადიციისთვის, ანისში ქართველთა ეპოქას უკავშირდება.

ჯვარგუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთ მკლავებსა და გუმბათში წარმოდგენილი იკონოგრაფია ქართულ ეკლესიებში დამკვიდრებულ ტრადიციას მიჰყვება, დასავლეთის მკლავში კი გამოსახულია სცენები სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლის ცხოვრებიდან. საყურადღებოა, რომ აქცენტი გადატანილია არა წმინდანის მოწამებრივ ცხოვრებაზე, არამედ მის საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე, რაც გრიგოლის ცხოვრების ქართული რედაქციის ანალოგიურია და მის ილუსტრირებას წარმოადგენს. ტაძრის ამავე ნაწილში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე (ჩრდილოეთ პილონის დასავლეთ პირზე), წმ. გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების ციკლის უმთავრესი სცენის „წმ. გრიგოლის ხილვის“ გვერდით, წარმოდგენილია საქართველოს ეკლესიის დაფუძნების ხატი – ცხოველმყოფელი სვეტის სასწაულის ამსახველი დიდი კომპოზიცია. წმ. ნინოს თემის ჩართვა ეკლესიის მოხატულობაში საქართველოს ეკლესიის გავლენის გაძლიერების მეტად მეტყველი მოწმობაა.

მოხატულობა უხვად შეიცავს ქართულენოვან წარწერებს. მათგან აღსანიშნავია ტაძრის ტრიუმფალურ თაღზე დაწერილი ფსალმუნის 17, 20 (სხვა ტაძრებზედაც სწორედ ამ ადგილას დამკვიდრებული) ტექსტი: „ესე არს ბჭე უფლისაჲ და მართალნი შევლენ ამას შინა“. სახარებისეული სცენების, საუფლო დღესასწაულებისა თუ წმ. გრიგოლის ცხოვრების ილუსტრაციების გარდა, განმარტებითი წარწერები ახლავს როგორც ოთხი მახარებლის, ისე წმ. მამებისა და სხვადასხვა წმინდანის პორტრეტულ გამოსახულებებს. მოხატულია და ქართული ფრესკული წარწერებით არის შემკული ასევე დასავლეთის სტოა, რომელიც მოგვიანებით იყო მიშენებული და ახლა ძლიერ დანგრეულია. ვ. სილოგავა, ნ. მარის მონაცემებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ ეკლესიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარწერა ამკობდა: „თამარის ქებანი არს ესე“ და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, სტოაში წარმოდგენილი ყოფილიყო მეფე თამარის პორტრეტი. აღსანიშნავია, რომ თავად ტიგრანის სომხურენოვანი ვრცელი ლაპიდარული წარწერა ეკლესიის სამხრეთ ფასადზე შეიცავს ქართულ მოსახსენიებელს – „ნათელს შეუნდვენ ღმერთმან“. ტაძრის ფასადებზე ყოფილა სხვა მცირე ლაპიდარული წარწერებიც. ი. ორბელის თანახმად, საკურთხევლის წინ დასვენებული იყო საფლავის ქვა ათაბაგ შანშე ამირახორისა ქართული ეპიტაფიით (XIV ს. დასაწყისით დათარიღებული), მაგრამ მათი კვალი ახლა აღარ ჩანს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები