ანირხარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანირხარა (ანრხარ) - აფხ. დასახლება. აფხაზთა ადრეული წინაპარი ტომების საქართველოში დასახლების ფორმის შესახებ ძალიან მცირე ცნობები არსებობს, მაგრამ ისინი მაინც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან. ცნობილია, რომ აბაზგები/აფხაზები ჯგუფურად, გვერდი-გვერდ ყოფილან დასახლებულნი. მათი საცხოვრებლები წრიულად მდგარა, ერთმანეთთან იმდენად ახლოს, რომ ისინი თავიანთი ხის, წნული საცხოვრებლების გადახურვას ბიზანტიელებთან ბრძოლის დროს იყენებდნენ და სახურავიდან სახურავზე გადადიოდნენ. სამშენებლო მასალად კედლებისთვისაც ხის წნულები ყოფილა გამოყენებული. დასახლებაც ყოველი მხრიდან სწორედ ასეთივე ხის წნული კედლით ყოფილა მთლიანად შემოსაზღვრული. ბრძოლის დროს ბიზანტიელებმა აბაზგთა საცხოვრებლებს ცეცხლი წაუკიდეს, რომელიც უცებ გავრცელებულა და ყველა ნაგებობა ერთიანად, სწრაფად ჩაფერფლილა. როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში აფხაზთა პირველი მიგრაციული ტალღის დასახლების საწყისი ფორმა ნახევრად-მომთაბარულ-მესაქონლური სადგომი ყოფილა. საზოგადოებაც შესაბამისად ადამიანთა მყარი, სისხლით ნათესაური კოლექტივით ხასიათდებოდა. დასახლების ეს ფორმა დიდხანს ვერ იარსებებდა, რადგან საქართველოში მომთაბარე ცხოვრებისათვის პირობები არ იყო. ამასთან, ბუნებრივია, მკვიდრი ქართველური მოსახლეობა იმ დროისთვის ბევრად მაღალ კულტურულ საფეხურზე იმყოფებოდა. მათ სახელმწიფო წყობილება ჰქონდათ.

XV ს-ის II ნახევრიდან რამდენიმე ახალი მიგრაციული ტალღის შემდეგ დასახლების ცოტა განსხვავებული ფორმაა დაფიქსირებული აფხაზები „ქალაქებსა და ციხეებში კი არ ცხოვრობდნენ“, არამედ ერთი საგვარო გაერთიანების ათი ან ოცი ოჯახი რომელსამე მაღლობ ადგილს ამოარჩევდა და მასზე ისლით გადახურულ ფაცხებს აშენებდა. საცხოვრებლებს წნულ ღობეს და თხრილს შემოავლებდნენ. თხრილი უმეტესად საკუთარი მონათესავე ჯგუფებისგან თავდასაცავად ესაჭიროებოდათ. დასახლების მთლიანობა და ერთიანობა სისხლით ნათესაურ გაერთიანებაში პოულობდა გამოხატულებას. ასეთი „გვაროვნული ტომები“-ს დასახლება პატარა მონოგენურ ერთეულს აცუთა-ს (ერთ სახლად, ერთნათესავად მცხოვრებნი) ქმნიდა. მოვლენათა თანმიმდევრული მონაცვლეობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონზე, ცხადია, მოსული და დამხვდური მოსახლეობის შერევა-ინტეგრაციის შედეგად თანდათანობით დასახლების ფორმა შეიცვალა. იგი „ხუტორული“ ტიპის გახდა. აფხაზებისათვის დასახლება ქართული ფორმის, სამოსახლო კომპლექსითა და საცხოვრებლის ტიპით შეიცვალა. აფხაზებმა თანდათან ქართული კულტურისა და ყოფის ბევრი ელემენტი ისესხეს, ზოგიერთი შემოქმედებითად.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები