ამილახვრის სახლი
ამილახვრის სახლი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის ცენტრში, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ე. წ. გივი ამილახვრის ციხე-დარბაზის გვერდით. სახლი აშენებულია XIX საუკუნის II ნახევარში.
სახლი ნაგებია აგურით. შენობა სამსართულიანია, აქვს სხვენი. შენობის აღმოსავლეთ ფასადი შედგება სამი ნაწილისაგან. ცენტრ ნაწილი შიგნითაა შეწეული. ცენტრალურ შესასვლელში ორი ქვის სვეტია, რომლებსაც ეყრდნობა მეორე სართულის პატარა აივანი. შესასვლელის იატაკი მოპირკეთებულია მოზაიკით. ასეთივე იატაკია პირველ სართულზეც. ხის კარი მოჩუქურთმებულია. პირველი სართულიდან მეორეზე ადის ხის ორმარშიანი, მოხარატებულრიკულებიანი კიბე. მეორე სართულზე შუშაბანდია. აქ პარკეტია დაგებული. მეორე სართულზე სულ 11 ოთახია, ზოგი გატიხრულია, ამ სართულის აივნიდან მესამე სართულის ერთ ოთახში ადის ხის კიბე (ნაწილი ძველია, ნაწილი – ახალი), მესამე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახია, საიდანაც კარი ღია აივანზე გადის. გვიანდელი მინაშენების კვალი განსაკუთრებით დასავლეთის ფასადს ემჩნევა. სარკმლები სხვადასხვა ზომისაა. ქვედა სართულზე 6 ოთახი საწყობადაა გამოყენებული, ჩრდილოეთის ფასადი ყრუ და სადაა. სამხრეთ ფასადის აივანი ძალზე დაზიანებულია. მესამე სართულზეც ხის აივანია. სამხრეთ ფასადის გასწვრივ სამეურნეო დანიშნულების მინაშენია. შენობა გადახურულია თუნუქითა და შიფერით. გადმოცემის თანახმად აღმოსავლეთ ფასადის ფილაზე ამოკვეთილი ყოფილა მხედრული წარწერა: „მეფისა მტერსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი“.