ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია) მდინარე აკურისხევის მარჯვენა ნაპირზე, გურჯაან-თელავის გზის პირას.

ტაძრის გარშემო არსებულ კომპლექსში შედის ამიდასტურის წმინდა გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკა, „სვეტიცხოვლის“ გუმბათიანი ეკლესია და სამაროვანი. ეკლესიები VII ს. დასაწყისს განეკუთვნება. სამაროვანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსის სამარხები IX-X სს-იდან XIII ს. I ნახევრამდე პერიოდისაა, ზედა იარუსზე განლაგებული კი XIII ს. II ნახევრიიდან XIX საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება

აღწერილობა

ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია მოზრდილი, მოხდენილი პროპორციების ნაგებობაა (გარეთა ზომები: სიგრ. – 20.6 მ; სიგ. – 13.8 მ). ნაშენია შერჩეული რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. შენობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია სამი დამოუკიდებელი სადგომი. შუა, რომელიც მთავარ ეკლესიას მოიცავს (შემორჩენილი იყო კამარის ქუსლის დონემდე), აღმოსავლეთით დასრულებულია ოდნავ ნალისებური აფსიდით. მის წინ მოკლე ბემაა. აფსიდისა და ბემის კუთხეების ზედა ნაწილები გამოყვანილია შირიმის ნათალი ქვებით. ქვედა ნაწილები კი – კვადრატული აგურით, რაც მოგვიანებით ჩატარებული შეკეთების შედეგია. აფსიდის სამხრეთ კუთხეს შემორჩა შირიმის იმპოსტი, რომლის პროფილს შეადგენს თარო და დახრილი სიბრტყე. ანალოგიური პროფილი აქვთ ნავის სამხრეთ კედელზე შემორჩენილ კონსოლებსაც, რომლებზედაც დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღები. ერთი კონსოლი კედლის შუა ნაწილშია, მეორე – დას. კედელთან.

ეკლესიის მთავარ სივრცეს სამი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან (გადაკეთებულია), დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (მოგვიანებით ამოუშენებიათ). სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელები შიგნიდან ნალისებური თაღით, ხოლო გარედან თარაზულადაა გადახურული. დასავლეთ შესასვლელი კი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, კიდევ ორი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ კედელში. საკურთხევლის სარკმელი შიგნიდან თაღითაა გადახურული, სამხრეთ სარკმლებს კი გადახურვა აღარ შემორჩა. მაგრამ, რაკი ღიობები კამარის ქუსლის დონეს აღწევენ, ეჭვგარეშეა, რომ ისინი შიგნიდან თარაზულად იქნებოდა გადახურული.

გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ბოლოში გეგმით სწორკუთხა და კოლოფა კამარით გადახურული თითო სათავსია – სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც მთავარ ეკლესიას ამ უკანასკნელის გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილი ვიწრო და დაბალი სწორკუთხა ღიობით უკავშირდება. სამკვეთლოს სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში დიდი ნიშია. მსგავსი ნიშია სიმეტრიულად, სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელშიც. მისგან ოდნავ დასავლეთით პატარა ნიშია. დიდი ნიშის თავზე ოთხკუთხა ღიობია, საიდანაც იწყება აფსიდის თავზე არსებულ სივრცეში ასასვლელი ხვრელი. სამკვეთლოსა და სადიაკვნის იატაკი მთავარი ეკლესიის იატაკზე ოდნავ უფრო დაბლაა. მოგვიანებით ჩატარებული რემონტის დროს სამკვეთლოში ჩასასვლელად სამი საფეხური მოუწყვიათ, აღმოსავლეთ კედელზე კი რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები ნახევარწრიული ტრაპეზი მიუდგამთ. ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი განიერი, მაღალი სარკმლით. სარკმლები შიგნიდან რიყის მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული. გარედან კი, ისევე, როგორც საკურთხევლის სარკმელს, გადახურვა და გვერდები ჩამოშლილი აქვთ. მხოლოდ სამკვეთლოს სარკმელს ჰქონდა შემორჩენილი შირიმის ზღუდარის ნაწილი – თაღის კვალით და შირიმისავე საპირე ქვების ნაშთები.

სამკვეთლოსა და სადიაკვნეს დასავლეთიდან ეკვრის გვერდითი ეკლესიები. ორივე აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებური ფორმის უსარკმლო აფსიდით. ჩრდილოეთ ეკლესია შემორჩენილი იყო დასავლეთ გარშემოსავლელის საზღვრამდე, სამხრეთი კი – მთავარი ეკლესიის სამხრეთ შესასვლელამდე. ჩრდილოეთ ეკლესიას ჩრდილოეთიდან ჰქონია დამოუკიდებელი ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი – თაღებს შორის მრგვალი სვეტით (შემორჩენილი იყო თაღედის განაპირა გვერდების ნაწილები და მათი საყრდენი სვეტის ძირი). მოგვიანებით დანგრეული შესასვლელის ადგილას ამოუყვანიათ რიყის ქვისგან ტლანქად ნაშენი კედელი, ხოლო ნავის კამარის დასაყრდნობად, მთავარი ნავის დასავლეთ კედლის ხაზზე – საბჯენი თაღი. ამავე შეკეთების დროს სამხრეთ ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი დაავლეთიდან მოუზღუდავთ კედლით, რომელშიც დაუტანებიათ პატარა სწორკუთხა შესასვლელი. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი (შემორჩენილი იყო ორივე სვეტის ნაშთი და კედლის დასავლეთ ნაწილი 0.8 მ სიმაღლეზე).

ეკლესიის დასავლეთ გარშემოსავლელი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. მისგან შემორჩენილი იყო სამხრეთ-დასავლეთი კუთხე და დასავლეთ კედელი – დაახლ. 0.8-1 მ სიმაღლეზე. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი დგას ლოდებით ნაწყობ ერთსაფეხურიან ცოკოლზე.

2007-2010 წწ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი არქიტ. ი. მოსულიშვილი). აღდგენილ იქნა მთავარი ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები, კამარა და კონქი, თითქმის ხელახლა აშენდა გვერდითი ეკლესიები და დასავლეთ გარშემოსავლელი, მთავარ ეკლესიაში დაიგო ნატეხი ქვის იატაკი, გვერდით ეკლესიებსა და დასავლეთ გარშემოსავლელში კი – აგურის. შენობა გადაიხურა ღარისებური კრამიტით.

2007 წ. ეკლესიის რესტავრაციის დროს ფასადებთან აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. შუა ნავის ინტერიერში, კამარის ნანგრევების ქვეშ, იატაკის დონეზე ფიქსირებულია გვიანდ. შუა საუკუნეების ხანის მოუჭიქავი კერამიკის (ჯამები, დოქები) ფრაგმენტები. სამხრეთ ეკლესიასა და გარშემოსავლელში, ასევე იატაკის დონეზე, აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების მრავალფრად მოჭიქული ჯამების ფრაგმენტები.

2009 წ. არქეოლ. გათხრების დროს (ხელმძღვ. გ. რჩეულიშვილი) გაიწმინდა „სვეტიცხოვლის“ ეკლესია და შესწავლილ იქნა სამაროვანი.

თ. დვალი
გ. ლაღიამვილი
გ. რჩეულიშვილი

ლიტერატურა

ლაღიაშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები „ამიდასტურის“ წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, თბ., 2011; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ.: 1, თბ., 2013; Чубинашвили Г.Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959; Georgian Architecture [A documented photo-archival collection on microfiche with 47,00 photographs for study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement], vol. 3. Kakheti, Leiden: Inter Documentation Company [IDC], 1997.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები