ამერიკის ხელოვნება ესპანეთის მმართველობის ქვეშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატრიუმის ჯვარი. 1556 წლამდე; ქვა, სიმაღლე 3.45 მ. ინდიელების სამლოცველო, გვადალუპეს ბაზილიკა, მეხიკო

ამერიკის ხელოვნება ესპანეთის მმართველობის ქვეშ – XVI საუკუნეში ესპანეთის მიერ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის დაპყრობის შემდეგ, ადგილობრივი რელიგია აიკრძალა. ძველი ტაძრები კათოლიკურმა ეკლესიებმა ჩაანაცვლა. ფრანცისკანელი, დომინიკანელი და ავგუსტინელი ბერები მკვიდრი მოსახლეობის მოსაქცევად იღწვოდნენ. ზოგიერთი მისიონერი იმდენად იყო შეძრწუნებული ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ დამპყრობლების სისასტიკით, რომ ათი პირობების გაუმჯობესების თხოვნით ესპანეთის მეფესაც კი მიმართა.

ცენტრალური ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის - მესოამერიკელების კათოლიციზმზე იძულებითი მოქცევისას, ქრისტიანობა მათ უძველეს რელიგიურ შეხედულებებს შეერწყა. ეს სინთეზი ადგილობრივი მოქანდაკეების მიერ შექმნილ ადრეკოლონიური პერიოდის ატრიუმის ჯვრებში ვლინდება. მისიონერები ამ ჯვრებს ეკლესიის ატრიუმში ათავსებდნენ, სადაც ქრისტიანული განათლების მისაღებად ახლადმონათლულები იკრიბებოდნენ.

დაბალი რელიეფით უხვად შემკული XVI საუკუნის ატრიუმის ჯვარი, რომელიც ახლა მეხიკოში, გვადალუპეს ბაზილიკაში ინახება, ადგილობრივ სკულპტურულ ტრადიციებს ავლენს; ქრისტიანული და ადგილობრივი რელიგიები მასში ერთმანეთს ერწყმის და კომპლექსურად ვლინდება. ქრისტიანული სიმბოლოები, როგორც ჩანს, მისიონერების ილუსტრირებული წიგნებიდან და ბიბლიიდანაა გადმოღებული. ეს ნიშნებია: მაცხოვრის სახე და მისი ჯვარცმული სხეულის ნაცვლად, ჯვრის ძელზე შემოხვეული ეკლის გვირგვინი, ჯვრის მკლავებზე დახვეული წმინდა სუდარა და სხვ. ჯვრის ზედა ნაწილში ფრთიან ანგელოზთა თავებთან ერთად, წარწერის გარშემო აღდგომის ნიშნად განლაგებული ბროწეულებია მოცემული. თავად ჯვარს, ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის სიმბოლოს, მესოამერიკულ რელიგიებში სიცოცხლის ხის მნიშვნელობა ენიჭებოდა. სისხლი, რომელიც ქრისტეს] ხელებიდან ჟონავს, მსხვერპლზე მიანიშნებს, მაგრამ სამსხვერპლო სისხლის გამოსახვა, ასევე, ადგილობრივ რელიგიებსაც უკავშირდება.

სებასტიან სალსედო. გვადალუპეს ღვთისმშობელი, 1779; ზეთი, დაფა და სპილენძი, 63.5X48.3 სმ. დენვერის ხელოვნების მუზეუმი

მას შემდეგ, რაც გადმოცემის თანახმად, მექსიკაში ღვთისმშობლის გამოცხადება მოხდა, მესოამერიკული უკუგავლენა ღვთისმშობლის იკონოგრაფიამაც განიცადა. მაგალითად, 1531 წელს მექსიკელმა ხუან დიეგომ განაცხადა, რომ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და იმ მთაზე, სადაც ოდესღაც აცტეკების ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს,ეკლესიის ეკლესიააშენება დაავალა; ეს ყოველივე კი მის მშობლიურ, ადგილობრივ ნაჰუატლის ენაზე ამცნო. ამბობენ, რომ ამის შემდგომ მთაზე, იმ ადგილას, სადაც გამოცხადება მოხდა, უამრავი ყვავილი ამოსულა და ამით ხუან დიეგოს საკუთარი ხილვის სინამდვილეში არქიეპისკოპოსის დარწმუნება განუზრახავს; როდესაც ხუან დიეგოს მთიდან წამოღებული, მოსასხამში გახვეული თაიგული გაუშლია, მასზე (მოსასხამზე) ე.წ. მექსიკელი ღვთისმშობლის სახე აღმოჩნდა სასწაულებრივად გამოსახული.

ღვთისმშობლის მექსიკური იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც უბიწო ჩასახვის იდეას გამოხატავს, ფართოდ გავრცელდა ევროპაში და განსაკუთრებით პოპულარული გახდა ესპანეთში. ხუან დიეგოს ხილვის ადგილს მექსიკაში, ისევე, როგორც ესპანეთში გავრცელებულ ღვთისმშობლის ხატის ამ იკონოგრაფიულ ვერსიას გვადალუპე ეწოდა და ეს ადგილი მომლოცველთა ცენტრად იქცა. ქვემოთ, მარჯვნივ მოცემულია ქალი - ახალი ესპანეთის (მექსიკის) განსახირება, ხოლო მარცხნივ - პაპი ბენედიქტ XIV (პონტიფიკატი 1740-1758), რომელმაც 1754 წელს გვადალუპეს ღვთისმშობელი ამერიკის მფარველად გამოაცხადა.

ფიგურებს შორის მოჩანს გვადალუპეს ტაძარი მექსიკაში. ღვთისმშობლის გარშემო ოთხი მცირე ზომის სცენა ხუან დიეგოს ისტორიას ასახავს, ზედა სამი კი - ღვთისმშობლის სასწაულებს. ღვთისმშობლის თავს ზემოთ გამოსახულია ბიბლიური წინასწარმეტყველებისა და პატრიარქების ექვსი ფიგურა, ასევე, მოციქულები და წმინდანები.

1754 წელს რომის პაპმა ბენედიქტე XIV-მ გვადალუპეს ღვთისმშობელი, რომელიც სებასტიან სალსედოს 1779 წელს შექმნილ ხატზეა გამოსახული, ამერიკის მფარველ წმინდანად გამოაცხადა .

ესპანელი კოლონისტები ნაგებობებს მათი მშობლიური ქვეყნის არქიტექტურის მიბაძვით აგებდნენ. ამერიკის სამხრეთ დასავლეთში, არიზონას შტატში, თუსონის მახლობლად სან ხავიერ დელ ბაკის მისია ესპანური არქიტექტურის გავლენის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

სან ხავიერ დელ ბაკის მისიის მშენებლობა იეზუიტმა მღვდელმა ეუსებიო კინომ (1644-1711) 1700 წელს დაიწყო. ნაგებობის საძირკველისთვის მან ადგილობრივი ქვა გამოიყენა, რომელსაც პიმას ხალხი კარიერზე მოიპოვებდა. უდაბნოში მათ მიერ უკვე გაყვანილი იყო საირიგაციო არხები, და როგორც მამა კინო თავის ანგარიშებში წერდა, ახალი მისიის ყველა ოთახი და სახელოსნო წყლით იქნებოდა უზრუნველყოფილი.

მშენებლობის დაწყებამდე, 1768 წელს, მას შემდეგ, რაც იეზუიტების მიმართ ესპანეთის პოლიტიკა შეიცვალა, ეს ადგილი ფრანცისკანელებს გადაეცა. მამა კინოს იდეა საბოლოოდ 1776 წელს მისიაში მისულმა ესპანელმა ფრანცისკანელმა ბერმა, ხუან ბაუტისტა ველდერენმა განახორციელა.

სან ხავიერ დელ ბაკის მისია თუსონის მახლობლად, არიზონა. 1784-1797.

სამრეკლოს კოშკებით ფლანკირებული 30 მეტრის სიგრძის ეს დიდი ზომის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა უჩვეულოა, რადგან ის ამ ადგილისთვის ტრადიციული ალიზით (რომელიც თიხითა და ჩალით მზადდება) კი არ არის ნაშენი, არამედ - აგურითა და კირ-დუღაბით. მისი ძირითადი ნაწილის მშენებლობა ველდერენმა 1790 წელს დაასრულა, ხოლო ფასადების შემკობა მისმა მემკვიდრემ ველდერენის სიკვდილის შემდეგ განაგრძო და 1797 წელს დაამთავრა. სან ხავიერის ფასადი არ წარმოადგენს ესპანური არქიტექტურის უშუალო ასლს, თუმცა, ვიზუალურად ყურადღების ცენტრში მოქცეული, ეკლესიის ცენტრალური შესასვლელის ესპანური ბაროკოსათვის დამახასიათებელი დეკორი, აშკარად პედრო დე რიბერას ტრადიციის მიხედვით არის შექმნილი. მას შემდეგ, რაც მისია ფრანსისკო ხავიერის სახელობის გახდა, კარიბჭის თავზე მისი ქანდაკება დაიდგა; ნიშებში კი დღემდეა შემორჩენილი ოთხი წმინდანი ქალის, სავარაუდოდ, ლუსიას, სესილიას, ბარბარეს და ეკატერინე სიენელის ქანდაკებები. ამ სკულპტურულ ჯგუფში ერთი პატარა უჩვეულო სცენაცაა ჩართული: კატა, რომელიც თაგვის დაჭერას ცდილობს, რამაც ადგილობრივი პიმას ტომის ცნობილი გამოთქმა წარმოშვა: ქვეყნის დასასრული მაშინ მოვა, როდესაც კატა თაგვს დაიჭერსო (ციტირებული Chinn and McCarty-ში).


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები