ალუთონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალუთონ-ი ირ., ილათონ-ი დიგ. (ოს. Æлутон, илæтон) — ნართულ ეპოსში ხშირად ნახსენები სასმელი, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ოსური ლუდისგან (бæгæны) განსხვავებულ, სპეციფიურად მომზადებულ მაღალი ხარისხის ლუდს წარმოადგენდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალუთონი ცხვრის დუმასთან ან ხორცთან ერთად იხარშებოდა და ამიტომაც უფრო კალორიული, სქელი და ამასთან წყურვილის მომკვლელი სასმელი იყო; თვლიან, რომ იგი ოსური ყოფიდან ჩვეულებრივმა ლუდმა ნაკლები დანახარჯების გამო გამოდევნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ლუდი ოსების ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის რიტუალურ სასმელს წარმოადგენდა. იგი ყოველგვარი საზეიმო (მათ შორის საქორწილო), სამგლოვიარო თუ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იყო. ლუდის წარმოების დარგში დაგროვილი ხალხური ცოდნა და შესაბამისი მდიდარი ტერმინოლოგიის არსებობა ოსურ ყოფაში ამ სასმელის უძველეს ტრადიციებზე მეტყველებს. ოსებისთვის ცნობილია ქერის ლუდის სამი სახეობა: შედარებით გავრცელებული ბაგანი, რომლის მასალის ნარჩენებისგან იხარშებოდა ნაკლებხარისხოვანი ლუდი კამათაგი (къамæттæг), და ძალზე პრესტიჟული, აწ უკვე მოხმარებიდან გამქრალი და მხოლოდ ხსოვნას შემორჩენილი, ალუთონი. შეიძლება ითქვას, რომ მთელს კავკასიაში ლუდის დამზადების საქმეში ოსები ყველაზე დაწინაურებული ხალხია (ოსების მეზობელი ხალხებიდან ლუდის ხარშვას მხოლოდ მათი მოსაზღვრე მთიელი ქართველები მისდევენ).

ნართული ეპოსის მიხედვით, ლუდის აღმოჩენა სათანას სახელს უკავშირდება: სვიისგან გაბრუებული ჩიტის დანახვაზე, დაკვირვებულმა სათანამ საფუვრად სვია გამოიყენა, ქერისგან შავი ლუდი გამოხადა და ნართებს გაუმასპინძლდა.

Æлутон ტერმინის æлут- ძირი (он სუფიქსია) კარგად ჩანს ლუდის ჩრდილო-ევროპულ სახელწოდებებში (შდრ. ანგლოსაქსური ეალუ, ეალუდ, ინგლისური ალე, ძველპრუსიული ალუ, ლიტვური ალუს, ფინური ოლუტ), რომელთა ამოსავალ ფორმად ვ. აბაევს *ალუტ, ალუდ მიაჩნია (ეს ფორმა კარგად შემოინახა ოსურმა ენამ). როგორც ჩანს, ოსურიდან მომდინარეობს ქართული ლუდი/ალუდი.



ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948; Абаев В. И. Осетинский язык и фольклор. М.-Л., 1949; მისივე, Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959;
  • Уарзиати В. С. Пища и напитки // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები