ალბი-იერდი
ალბი-იერდი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ინგუშეთში (რუსეთის ფედერაცია), მდ. ასას მარცხენა ნაპირზე, თარგიმის ქვაბულში. დღეისთვის შემორჩენილია ეკლესიის (უცნობია, ვის სახელზეა აშენებული) ნანგრევები.
გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობაა. ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდა კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმოსავლეთითა და დასავლეთით ჰქონდა მინაშენები. ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი – შუა სარკმელი, რომელიც ნალისებური მოხაზულობის სათაურითაა დაგვირგვინებული. სამხრეთ კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნაწილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენს წარმოადგენდნენ. ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის მკრთალი კვალი. გამოირჩევა შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. მხატვრობა შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით.
ლიტერატურა
ქალდანია., ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში, „ძეგლის მეგობარი“, 1988., #1.