ათონის კრებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ათონის კრებული“- ეტრატზე შესრულებული ქართული ხელნაწერი. 1074 წელს შეადგინა მიქელ დაღალონისელმა ათონის ქართველთა მონასტერში. იგი XIX საუკუნის შუა ხანებში ჩამოიტანეს საქართველოში. ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A 558). კრებული ნაწერია ნუსხურით, შეიცავს ეტრატის 211 ფურცელს. აკად. ნ. ბერძენიშვილის დასკვნით, ათონის კრებულის სამი რედაქცია არსებობს.

პირველი რედაქცია შეიქმნა და გადაიწერა 1074 წელს მიქაელ დაღალონისელის მიერ ათონის ქართველთა მონასტრის დეკანოზ იაკობ მღვდლის განზრახვით გიორგი ოლთისარის მამასახლისობის დროს. ამის შესახებ თვით გადამწერი ვრცლად მოგვითხრობს ანდერძ-მინაწერში. აქედანვე ირკვევა, რომ ხელნაწერი დაიწერა მონასტრის მამამთავართა – იოანე და ექვთიმე მთაწმინდლების — სახსოვრად: „წმიდასა ლავრსა, წმიდისა ეფთჳმის მიერ აღშენებულსა მორღოსა შინა, სადა თჳთ მას წმიდასა დაუყოფია“.

სარჩევი

პირველი რედაქცია

ათონის კრებულის პირველ რედაქციაში შეტანილი იყო შემდეგი თხზულებები:

1. გიორგი მთაწმიდლის „იოვანეს და ეფთჳმეს ცხოვრება“;
2. ეფთჳმეს დასდებელნი;
3. სხუანი გალობანი მისივე წმიდისანი;
4. აღაპები;
5. იოვანე მახარებლის ცხოვრება.

მეორე რედაქცია

კრებული ჩაფიქრებული იყო, როგორც ათონის ქართველთა ლავრის აღმშენებელთა სახსოვარი წიგნი. XI საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს კრებული შეივსო სხვა თხზულებებით; ესენია:

1. ილარიონ ქართველის ცხოვრება;
2. დასდებელნი ილარიონისნი;
3. დასდებელნი იოვანესნი.

ასე ჩამოყალიბდა კრებულის მეორე რედაქცია და ამის შედეგად „ათონის კრებული“ გადაიქცა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ მამათა სახსოვარ წიგნად.

მესამე რედაქცია

მესამე რედაქცია ჩამოყალიბდა XII საუკუნის 40-იან წლებში, ამ დროს ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვრის, იოვანე კალაკალას, დავალებით დეკანოზმა იოვანე თაფლაისძემ, „იქი-აქა დაფანჩულად“ ჩაწერილი აღაპები შეკრიბა, გარკვეულ წესზე (კალენდრის შესაბამისად) დაალაგა და გადაწერა; თან შიგადაშიგ ფურცლებზე ცარიელი ადგილები დატოვა მომავალში სააღაპე ჩანაწერებისათვის. ასე ჩამოყალიბდა „ათონის კრებულის“ მესამე რედაქცია. იგი გადაიქცა სააღაპე წიგნად.

„ათონის კრებული“ უძვირფასესი პირველწყაროა ივირონის ისტორიისათვის. კრებულში შესული თხზულებების ენა მკაფიოდ ასახავს ქართულ სალიტერატურო ენაში დაწყებულ შემობრუნებას ძველი ქართულიდან ახლისაკენ.

ვ.სილოგავა

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., „ათონის კრებულის“ რედაქცია, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967;
  • მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998;
  • Жорданиа Ф., Описание рукописи церковного музея, 2, Tфл., 1902.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები