ათონის აღაპები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათონის აღაპები - ათონის ქართველთა მონასტრის (ივირონი) სააღაპე წიგნი, ანუ სინოდიკონი – ნაწილი იმ ხელნაწერისა, რომელიც ათონზე 1074 წელს გადაიწერა და რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „ათონის კრებულის“ სახელით არის ცნობილი.ათონის აღაპები შეიქმნა ივირონის წინამძღვრის, გიორგი ოლთისარის (1066-1080), ინიციატივით, იაკობ მღვდლისა და მწერალ-ჰიმნოგრაფ ზოსიმეს თანადგომით. კრებული 1074 წელს თავდაპირველი სახით შეადგინა და დაწერა ქართველთა მონასტრის საძმოს წევრმა, მიქაელ დაღალისონელმა. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A 558).

არსებობს „ათონის კრებულის“ სამი რედაქცია. მესამე რედაქცია XII საუკუნის I ნახევარში განახორციელა ივირონის მონასტრის საძმოს წევრმა იოანე თაფლაისძემ მონასტრის წინამძღვარ იოანე კალაკალას ბრძანებით. ამის საჭიროება შემდეგმა გარემოებამ გამოიწვია: მიქაელ დაღალისონელის მიერ დაწერილი, კალენდარულ რიგზე გაწყობილი აღაპები (სულ - დაახლოებით 50 აღაპი) ხელნაწერში მოთავსებული იყო იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრებისა და ქადაგებების წინ. ამის პარალელურად არსებობდა ცალკეულ ხელნაწერებზე მიწერილი თუ ცალკეული სიების სახით - აღაპები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება რთული იყო. საჭირო გახდა ცალკე არსებული აღაპების კრებულში ჩართვა, რაც ტექნიკურად, ადგილის არქონის გამო, შეუძლებელი იყო, ამიტომ იოანე თაფლაისძემ სააღაპე წიგნი ხელნაწერის ბოლოში გადაიტანა. მან ხელუხლებლად დატოვა მიქაელ დაღალისონელის ტექსტის პირველი ხუთი ფურცელი, სულ 22 აღაპი (რიგი იწყება იოანე სვინგელოზის, თორნიკყოფილის აღაპით), დანარჩენი მასალა კი ისე გადაწერა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ქრონოლოგიურ-კალენდარული რიგის დაცვით შიგადაშიგ ახალი მასალის ჩართვა. ასე შეერია დაღალონისეული აღაპები იმ ახალ მასალას, რომელიც სინოდიკონში თაფლაისძემ შეიტანა. თაფლაისძის რედაქციით შედგენილი სააღაპე წიგნი 200 r-ზე №137 აღაპით დასრულდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, XII საუკუნის II ნახევარში, შემდგომი შევსების მიზნით დაიწყო სააღაპე წიგნის დატოვებული ცარიელი ფურცლებისა და გვერდების შევსება. მოგვიანებით XVI საუკუნის ხელნაწერში ორი ეტრატის ფურცელი ჩაამატეს, რომელზედაც დაიწერა სამცხის ათაბაგებისა და ათაბაგ ქაიხოსროს გაზრდილის, ამბროსის, აღაპები. დღემდე ათონის კრებულის 166-მა აღაპმა მოაღწია. სინოდიკონი ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს ათონის ქართველთა მონასტრის ისტორიის და ბიზანტიის იმპერიის პროსოპოგრაფიის შესასწავლად.

ვ. კეკელია

ლიტერატურა

  • ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით, საეკლესიო მუზეუმის გამოცემა, ტფ., 1901;
  • ბერძენიშვილი ნ., ათონის ივერთა მონასტრის აღაპები, თბ., 2007;
  • მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998;
  • ხაჟომია თ., „ათონის კრებულის“ აღაპთა ზოგიერთი ადგილის დაზუსტებისათვის, Ad_denda: ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები