ადამოვი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ ადამოვი

არტურ ადამოვი - (ფრ. ADAMOV ARTHUR 1908-1970). XX საუკუნის ფრანგი პროზაიკოსი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

არტურ ადამოვი დაიბადა 1908 წელს კისლოვოდსკში, მდიდარ სომხურ ოჯახში. ბავშვობა ბაქოში გაატარა. 1914 წელს ოჯახი გერმანიაში გადავიდა. 1924 წლიდან ის პარიზში ცხოვრობს, გატაცებულია სიურრეალიზმით. თავის პირველ ლექსებს უგზავნის ელუარს, მაგრამ ანდრე ბრეტონი მას სიურრეალისტთა წრიდან აძევებს ტრისტან ცარათი აშკარა, დაუფარავი აღფრთოვანების გამო. 1927 წელს ადამოვი მონაწილეობას ღებულობს დემონსტრაციაში საკოსა და ვანცეტის მხარდასაჭერად. მოგვიანებით აქვეყნებს ანარქისტულ პამფლეტს, და მხოლოდ ანდრე მალროს თანადგომა ააცილებს მას საფრანგეთიდან გასახლებას. ადამოვი იწყებს გაზეთ „Discontinnité“ -ს გამოცემას, რომელშიც ჟორჟ ნევოი და ჟაკ პრევერი თანამშრომლობენ. მის მეგობართა შორის ასევე არიან ბლენი, ჯაკომეტი, არტო. ადამოვი მონაწილეობს სტრინდბერგის პიესის „სიზმართა თამაში“-ს დადგმაში, რომელიც არტომ განახორციელა ალფრედ ჟარის თეატრში. 1935 წელს ადამოვი გაიცნობს მარტა რობერს, რომელიც მისი მუდმივი მეგობარი და თანაავტორი ხდება. ომის დაწყებიდან და ფრანგული ოპოზიციის დროს იგი საფრანგეთში, უმეტესად კი მარსელში ცხოვრობს (რამდენიმე თვე საკონცენტრაციო ბანაკშიც იმყოფებოდა). ადამოვი არ ღებულობს წარმოდგენებში აქტიურ მონაწილეობას და მხოლოდ პრესაში რამდენიმე გამოსვლით იფარგლება. 1946 წელს გამოდის მისი წიგნი „აღსარება“, რომელშიც იშვიათი გულახდილობით საუბრობს საკუთარ ნევროტულ ფობიებზე, ალკოჰოლიზმზე, სექსუალურ სიძნელეებზე. მარტა რობერთან ერთად ადამოვი იწყებს გაზეთ „ახალი საათი“-ს გამოცემას, რომლის დაარსებაშიც მონაწილეობენ რენე შარი, ჟაკ პრევერი და ანტონენ არტო (ამ უკანასკნელს ადამოვი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან თავის დაღწევაშიც ეხმარება). 1947 წელს იწყებს თავისი პირველი პიესის - „პაროდია“ („La Parodie“) - წერას. ამავე პერიოდში გაიცნობს თავის მომავალ მეუღლეს ჟაკლინ ოსტრიუსოს. „პაროდიის“ რეპეტიციები ლიოვრის თეატრში მიმდინარეობს. ადამოვი წერს პიესებს: „შემოჭრა“ („L’Invasion“) და „დიდი და პატარა მანევრები („La Grande et la Petite Manoeuvre“). ორივე პიესა 1950 წელს დაიდგა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატების გარეშე. 1957 წელს ადამოვი ქმნის პიესას „პროფესორი ტარანი“, ხოლო როჟე ბლენი პაროდიას ლანკრის თეატრში დგამს. პიესა „ყველა ყველას წინააღმდეგ“ („Tous contre tous“) სერომ 1953 წელს დადგა. ადამოვის სახელი გარკვევით ასოცირდება იონესკოსა და ბეკეტის სახელებთან. იგი ითვლება აბსურდის თეატრის ტიპიურ წარმომადგენლად, თუმც 1955 წელს მაყურებელი ეცნობა მის ახალ პიესას „პინგ-პონგი“ („Le Ping-Pong“), ხოლო 1957 წელს როჟე პლანშონი წარმატებით ახორციელებს „პაოლო პაოლი“-ს („Paolo Paoli“). ეს პიესები ადამოვის შემოქმედებაში გარდატეხის დასაწყისია. ახლა უკვე მისი თეატრი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მისი დროის პოლიტიკურ და სოციალურ რეალიებთან. ჟან-პოლ სარტრთან და სიმონ დე ბოვუართან ერთად ადამოვი სულ უფრო უახლოვდება მემარცხენე ძალებს, რომელნიც დე გოლისეული რეჟიმის ოპოზიციას უჭერენ მხარს. ამავე დროს ადამოვი თარგმნის ჩეხოვის მრავალ პიესას, გოგოლის „რევიზორს“, გორკის „მტრებს“ და „დედას“.

1964 წლის დასაწყისში ადამოვი გამოსცემს გაზეთს „აქ და ახლა“, კრიტიკული და თეორიული ნაშრომების კრებულს სტრინდბერგზე, გორკიზე, ჩეხოვზე, ბრეხტზე. მის მიერ თარგმნილი გორკის „მდაბიონი“ Théâtre du Soleil-ში მნუშკინის მიერ დაიდგა. მიუხედავად ფსიქოანალიტიკოსთა აუცილებელი და მუდმივი დახმარებისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მკურნალობის განახლებისა, 1967 წელს ადამოვი მაინც ახერხებს თავისი დღიურის - „მამაკაცი და ბავშვი“ („l’Homme et l’Enfant“) დასრულებასა და დაბეჭდვას, რომელსაც მრავალი თვის განმავლობაში აწარმოებდა. 1968 წელს ის წერს მოკლე ავტობიოგრაფიულ, უმეტესად ეროტიკული შინაარსის ნარკვევებს სახელწოდებით: „მე... ისინი...“ („Je… les…“). ნარკვევები გამოდის 1969 წელს „აღსარების“ ახალ გამოცემასთან ერთად; ასევე ორ პიესას: „ზღვარს იქით“ („საზღვრებს მიღმა“ - „Off Limits“), რომელიც სცენაზე 1968 წელს დაიდგა, და „ზაფხული რომ დაბრუნდებოდეს“ (დაიბეჭდა 1970 წელს და დაიდგა 1972 წელს). ორივე ნაწარმოები საკმაოდ მემარცხენე შინაარსისაა.

ადამოვი გარდაიცვალა პარიზში 1970 წელს.

წყარო

XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები