აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბასთუმანი. წმ. პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია

აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის მონასტერი - (ახალციხის მუნიციპალიტეტი, — ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), დაარსდა 1995 წელს ახალციხის მიტროპოლიტის, — სერგის (ჩეკურიშვილი), ლოცვა-კურთხევით, მდებარეობს — კურორტ აბასთუმნის მთებით გარშემორტყმული ვიწრო ხეობის ზემო წელზე, მდინარე ოცხის ნაპირზე (ფალიაშვილის ქ. N24).

მონასტერმა ბინა დაიდო სანატორიუმ „მესხეთის“ ერთ-ერთ შენობაში, რომელიც 1917 წლამდე ეკუთვნოდა რომანოვების საიმპერატორო - გვარის წარმომადგენლებს. იმპერატორი ალექსანდრე III-ის ვაჟის ავადმყოფობის გამო კურორტ აბასთუმანში დამკვიდრებულ უფლისწულ გიორგის (1871- 1899) საცხოვრებელი კომპლექსი შედგებოდა სამი საცხოვრებელი შენობისა და რამდენიმე დამხმარე (სამეურნეო) - ნაგებობისგან, უფლისწული აქ 1892 წელს დამკვიდრდა. თავდაპირველად მისი ე.წ. გიორისეული ხის სასახლე ერთსართულიანი იყო, 1896 წელს სასახლეს გაფართოების მიზნით ხუროთმოძღვრული ფორმების შენარჩუნებით დაადგეს - მეორე სართული (მხოლოდ — სამხრეთ ნაწილს). XX საუკუნის 20-იან წლებში სასახლესა და მის გარშემო არსებულ ყველა ნაგებობაში განთავსდა სანატორიუმი, 1995 წლიდან მოქმედებს დედათა მონასტერი, 2008 წელს, — მარტში ხანძრის შედეგად განადგურდა ყოფილი სასახლის შუა და სამხრეთ ნაწილები.


სარჩევი

გიორგი რომანოვის სასახლე

გიორგი რომანოვის მთავარი სასახლე თავდაპირველი — სახით აბასთუმნის ხეობაში, მდინარის პირას გაშლილ ასიმეტრიული გეგმარებისა და ასიმეტრიული სივრცითი კომპოზიციის ნაგებობას წარმოადგენდა. სასახლის სივრცითი კომპოზიციის ერთიან სახეს შენობის ცალკეულ ნაწილთა მანსარდების გადამხურავი ტოლფერდა სახურავების ფრონტონები, შენობის კუთხეებზე მოთავსებული ქვის ცოკოლზე დაყრდნობილი სამკუთხა ფრონტონიანი სახურავებით გადახურული ხისმოაჯირიანი ღია აივნები, ფასადზე მიდგმული აივან-ტერასები ქმნიდა. სასახლის სივრცითი კომპოზიციის უმთავრეს მახვილს წარმოადგენდა ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეზე მოქცეული, სასახლის ტოლფერდა სახურავებით დახურულ ნაწილთა შპილებისა და ბუხრების მრავალრიცხოვანი საკვამურების დინამიკური კომპოზიციის ფონზე ამოზიდული, უფლისწულის სალოცავი ოთახის მაღალი შპილითა და ციცაბო, ფარფლებიანი სახურავით დასრულებული შვერილი კოშკი. 2008 წ. ხანძრისგან დღეს სწორედ უფლისწულის სამლოცველოს შემცველი კოშკი და მიმდებარე ნაწილებია გადარჩენილი, რომლებიც არა მხოლოდ გიორგისეული სასახლის არქიტექტურის მნიშვნელოვანი მახვილია, არამედ მაღალი მთებით გარშემორტყმულ ლანდშაფტურ და ურბანულ გარემოში სასახლეთა კომპლექსის მთავარი ორიენტირიც. სწორედ დღემდე მოღწეული სამლოცველოს გარე ფორმებში იჩენს ყველაზე უფრო მკვეთრად თავს, ყოფილი სასახლის სხვა ფასადებისგან განსხვავებით, კლასიცისტური ფორმები, და მეტიც, კლასიცისტური ფორმების რუსულ-ხალხური ინტერპრეტაცია. მიუხედავად სამლოცველოს მომზღუდავი თაღედის იდეალურად ნახევარწრიული მოხაზულობისა, დორიული კაპიტელების გამართულობისა, უშუალოოდ ლავგარდანს მიბჯენილი საჭექი ქვები, მინიატიურული ხის სვეტების უჩვეულო ბაზისები, ლავგარდნის გადამხურავი თუნუქის სახურავის დახრის შესაბამისად წაკვეთილი ქვედა ნაწილები, ციცაბო სახურავით დაბოლოებული ისედაც მინიატიურული სამლოცველო თავისი არქიტექტურით გულუბრყვილოა და - რუსული ხალხური წარმომავლობის რომანტიზმის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ.

აბასთუმანი. გიორგი რომანოვის სასახლე

უფლისწულის სასახლის კოშკურა

უფლისწულის სასახლის კოშკურა ფორმის არქიტექტურული მორთულობა და არა მთელი ნაგებობის არქიტექტურული ფორმები, რუსეთში 1878 წლიდან დამკვიდრებული როლეტის სტილთან პოულობს სიახლოვეს. ყოფილ სასახლეს დახვეწილი პროპორციები და შენობის ცალკეულ ნაწილთა გაწონასწორებული მასები გამოარჩევდა. შენობა როგორც თავდაპირველი (1892), ისე რეკონსტრუირებული (1896) სახით წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ მთლიაანობას, რომლის გადარჩენილი ნაწილი დღემდე ითავსებს კლასიცისტური, რუსულ ხალხურ და ადგილობრივი არქიტექტურის ფორმებს.

ტაძარი

2006 წელს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დამთავრდა წმ. პანტელეიმონის სახელობის დარბაზული ეკლესიის მშენებლობა (არქიტ. ლ. მიკუჭაძე). ტაძრის გარე ზომებია 9.92 X 5.22 მ. მისი ორსაფეხურიანი საფუძველი ამოყვანილია ბაზალტის ფილებით. კედლები ნაგებია თბილი მოყვითალო-მონაცრისფრო ტონალობის ტრავერტინით (ეკლესიის - ასაგებად მონასტერმა შეიძინა ძველი დაშლილი ნაგებობის ქვის კვადრები). ტაძრის გეგმა ჩვეულებრივია, შესასვლელი ერთია – დასავლეთ მხრიდან, ნავის გრძივი კედლები გაყოფილია კედლის სვეტებით სამ თანაბარ მონაკვეთად. ნათდება ერთი ზომის ოთხი სარკმლით: ერთი აღმოსავლეთ საკურთხეველშია, ორი – სამხრეთით, ერთიც — დასავლეთით. აფსიდა დარბაზისგან გამოყოფილია სამთაღიანი კანკელით, აღმოსავლეთის კარი დანარჩენ ორზე მაღალია, მის გვერდებზე თაღოვან სახატე ბრტყელ ნიშებში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ფერწერული ხატებია. ეკლესია შიგნიდან გალესილია. ტაძრის ფასადები სადაა, წყობის ჰორიზონტალური რიგები დაცულია საგულდაგულოდ. აღსანიშნავია ტრავერტინის ქვის ფაქტურა და მისი ოსტატური წყობა. ნაგებობის პროპორციები დახვეწილია. ტაძრის ერთადერთი დეკორი, სწორკუთხა ფილაზე გამოკვეთილი წრეში ჩასმული განედლებული ჯვარი, საკურთხევლის სარკმლის ზემოთაა. ტაძრის ფასადები დასრულებულია ორსაფეხურიანი თაროსებური ლავგარდნით. სახურავი გადახურულია კრამიტით.

1995 წელს ყოფილი სასახლის ტერიტორიაზე დაარსებული მონასტრის პირველი კეთილმოწესე იყო მონაზონი ქსენია (მგალობლიშვილი). თავდაპირველად მონასტერი სნეულ მონაზონთათვის იყო გათვალისწინებული და სამონასტრო ტიპიკონიც, შესაბამისად, გამარტივებული იყო. დღეისათვის მონასტერი სრული სამონასტრო ტიპიკონით ცხოვრობს. მისი ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა წმინდა პანტელეიმონის თავის ქალის ნაწილი, რომელიც მონასტერს მიტროპოლიტმა სერგიმ შესწირა. მონასტერში 7 მონაზონი და 1 მორჩილია.

მ. მანია
გ. მარსაგიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები