აბანოს წმინდა მარინეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბანოს წმინდა მარინეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ-ში მდებარე სოფელ აბანოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე.

ღწერილობა

წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (10X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. გრძივი კედლები დაზიანებულია, სამხრეთის კედელს 2,5მ-ზე მიწა აქვს მიყრილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (ამოქოლილია) და დასავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის წინ იდგა მოხატული კანკელი (ძალზე დაზიანებულია). თითო თაღოვანი სარკმელი გრძივ და დასავლეთ კედელშია. გრძივი კედლების შუა მონაკვეთში და დასავლეთის კედელთან თითო წყვილი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები. ამ თაღებისა და კონქის თაღის ქუსლებთან რთული პროფილის მაღალი იმპოსტებია.

ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ღია ვარდისფერ ფონზე ყვითელი და მოწითალო-ყავისფერი საღებავით შესრულებული ცხენოსანი მეომრის გამოსახულება გვიანდელ ფეოდალურ ხანას (XVII ს.) მიეკუთვნება. ამავე ხანისაა კანკელის სამხრეთ მხარეს, მის კიდურ ნაწილში შარავანდიანი მამაკაცის და ხის გამოსახულება. განსხვავებული ხასიათისაა XIX საუკუნის მხატვრობა - ცხენოსანი ფიგურა (წმინდა გიორგი), რომელსაც ასომთავრული წარწერა ახლავს, და ანგელოზის თავი კანკელის ნიშის ზედა ჩრდილოეთ კუთხეში. კოლორიტი წითელ, ცისფერ, თეთრ და ოქროსფერ ოქროს შეხამებაზეა აგებული.

ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კარიბჭე, რომლისგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები