აბაზ ბაკურიანის ძე
აბაზ ბაკურიანის ძე - (XI ს.), ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი. 1001 წელს იმპერატორ ბასილი II-მ ტაოდან კონსტანტინოპოლში რამდენიმე დიდი ფეოდალი გადაასახლა, მათ შორის – ბაკურიანი, რომელიც მალე გარდაიცვალა. მისი ძენი - გრიგოლ და ააბაზი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ააბაზ ბაკურიანის ძეს მამულები ჰქონდა ანტიოქიაში. მოგვიანებით, იმპერატორის ბრძანებით, ამ მამულთა სანაცვლოდ მან თესალონიკისა და სერის თემებში მიიღო სოფლები. პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში აღნიშნულია, რომ, აბაზ ბაკურიანის ძის ანდერძის თანახმად, თუ მისი ძმა, გრიგოლი, პეტრიწონის მონასტერს ააგებდა, აბაზი იქ უნდა დაკრძალულიყო, მისი მამულები კი ამ მონასტრის საკუთრება გამხდარიყო. მონასტრის აშენების შემდეგ გრიგოლმა ძმის ნეშტი პეტრიწონში გადაასვენა. აბაზი სიკვდილის შემდეგ ამ მონასტრის ქტიტორად ითვლებოდა.
აბაზ ბაკურიანის ძე დიდ მზრუნველობას იჩენდა ათონის ქართველთა მონასტრის მიმართ. ათონის ძმობას მისთვის ორი აღაპი ჰქონდა დაწესებული: 25 იანვარს – გრიგოლთან ერთად, და 20 სექტემბერს — ცალკე. ათონის მონასტრის სააღაპე წიგნში აღნიშნულია აბაზ ბაკურიანის ძის დამსახურება მონასტრის წინაშე და მისი შენაწირი: 200 დრაჰკანი, 500 დრაჰკანი სტამენონი ექვსთავი, 7 ცხენ-ჯორი და სირმით ნაქსოვი შესამოსელი.
ჯ. სამუშია
ლიტერატურა
- შანიძეა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971;
- 7 o M – оури Н., К истории грузинского петрицинского монастыря, Тб., 1981.