საავედრა-ლამასის პაქტი 1933

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავედრა-ლამასის პაქტი 1933 – (თავდაუსხმელობისა და შერიგების შესახებ). ცნობილია ასევე, როგორც „სამხრეთამერიკული ანტისაომარი ხელშეკრულება“), ხელი მოაწერეს 10.X რიო-დე-ჟანეიროში, არგენტინის, ბრაზილიის, მექსიკის, პარაგვაის, ურუგვაის და ჩილეს წარმომადგენლებმა. დაიდო განუსაზღვრელი ვადით. რომელიმე მხარის მიერ მისი დენონსაციის შემთხვევაში, მაინც ძალაში რჩებოდა დანარჩენი მონაწილეებისთვის. ძალაში შევიდა 22.IX.1934.

პაქტის პროექტი შეიმუშავა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კ. საავედრა ლამასმა დიდ ბრიტანეთს (რომლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა არგენტინა) და აშშ-ს შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად გამწვავებული მეტოქეობის პირობებში, პაქტის მონაწილეებმა დაგმეს აგრესიული ომები და მხარი დაუჭირეს ყველა სადავო საკითხის მოწესრიგებას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. მხარეებმა განაცხადეს, რომ არ გამოიყენებდნენ ძალას ტერიტორიული დავების მოწესრიგების მიზნით. არამართლზომიერად ცნობდნენ ასეთი დავების გადაწყვეტას არამშვიდობიანი გზით, ისევე როგორც ოკუპაციას და რაიმე ტერიტორიის შემოერთებას შეიარაღებული ძალის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდებოდა, პაქტის სხვა მონაწილეები კისრულობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული ზომების მიღებას მშვიდობის შენარჩუნების მიზნით ისე, რომ არ მიემართათ სამხედრო ანდა დიპლომატიური ჩარევისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო, მიემართათ შემრიგებლური პროცედურისათვის, 10.VIII.1934 პაქტს შეუერთდა აშშ, ხოლო 1936-თვის პაქტის მონაწილე გახდა ყველა ლათინურამერიკული სახელმწიფო. მას შეუერთდა ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა. პაქტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აგრესიის განმარტების მცდელობაში, თუმცა პაქტის ძირითად დებულებებს მთლიანობაში რეკომენდაციის ხასიათი ჰქონდა, აქედან გამომდინარე ის არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდა და არაერთხელ დაირღვა. მაგ, ფაშისტურმა იტალიამ, რომელიც ევროპულ სახელმწიფოთაგან პირველი შეუერთდა პაქტს (14.III.1934), 1935 დაიწყო აგრესია ეთიოპიაში.


იხილე აგრეთვე

  • ლონდონის კონვენციები აგრესიის განსაზღვრის შესახებ 1933
  • იტალიის აგრესია ეთიოპიის წინააღმდეგ 1935-36

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები