ხეოფსი
ხეოფსი – (ეგვ. Hnmw hwj.f.wi, „ხნუმი მიცავს“, შემოკლებით – Hwfw, ხუფუ), ეგვიპტის IV დინასტიის მეორე ფარაონი, სნოფრუს და დედოფალ ხეტეპხერეს I-ის ვაჟიშვილი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2551-2528 წწ.), ყველაზე დიდი პირამიდის მფლობელი (სიმაღლე – 146, 59მ., კედლის სიგრძე – 230მ).
ტურინის პაპირუსის მიხედვით იმეფა 23 წელი, მანეთონი ასახელებს 63 წელს, მაგრამ მის შესახებ ცნობები იმდენად მწირია, რომ არ არის ნათელი, რომელი წყარო უფრო სარწმუნოა. პალერმოს ქვაზე მის შესახებ ინფორმაცია შემორჩენილი არ არის. მისი მეფობის დროს კულმინაციურ წერტილს აღწევს არა მარტო პირამიდის ზომა, არამედ ფარაონის ღვთაებრიობა. ითვლება, რომ ხეოფსის მეფობა „ღვთაების მეფობის“ უკანასკნელ ბრწყინვალე პერიოდს წარმოადგენს. უმაღლესი რანგის მოხელეებსაც კი ეკრძალებოდათ სამარხებში საკუთარი ქანდაკებების მოთავსება. ნებადართული იყო მხოლოდ გარდაცვლილის თავის გამოსახულების მოთავსება დასაკრძალი ოთახის შესასვლელთან. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ჰეროდოტეს ცნობა, რომ ხეოფსმა ბრძანა ყველა ტაძრის დახურვა და აკრძალა ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა, სიმართლის მარცვალს შეიცავს.
ეგვიპტელების მომდევნო თაობებში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია ხეოფსზე, როგორც უარყოფით ფარაონზე. ჰეროდოტეს ცნობით, მან საროსკიპოში გააგზავნა თავისი ქალიშვილი, როცა შემოაკლდა ფული პირამიდის მშენებლობისათვის. ქალიშვილი დანებდა მამის ბრძანებას, მაგრამ სთხოვდა ყველა მამაკაცს, რომელიც მასთან მიდიოდა, მისთვის ერთი ქვა ეჩუქებინა. ამ ქვებით მან თავისთვის პატარა პირამიდა აიგო. ხანდახან არასახარბიელო სახელი, რომელიც ხეოფსმა ეგვიპტელებში მოიხვეჭა, მისი პირამიდის ზომით და მშენებლობასთან დაკავშირებული სიძნელეებით აიხსნება, მაგრამ ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება სრულებით საპირისპირო მოგონებები სნოფრუზე, რომელმაც მართალია უფრო მცირე ზომის, მაგრამ სამი პირამიდა აიგო. ბედის თავისებურ ირონიად არის მიჩნეული ისიც, რომ ეგვიპტის ყველაზე გიგანტური ნაგებობის მფლობელის მხოლოდ 9 სმ. სიმაღლის სპილოს ძვლის ფიგურა არის შემორჩენილი. მისი მეფობის ბრწყინვალებაზე მეტყველებს მისი პირამიდის აღმოსავლეთით აღმოჩენილი სამალავი ფარაონის დედის, ხეტეპხერესის უძვირფასესი ნივთებით და ავეჯით.
ხეოფსი არის IV დინასტიის ბოლო ფარაონი, რომელმაც დატოვა წარწერა სინაიზე. შესაძლოა, მისი მეფობის შემდეგ სიტუაცია ქვეყანაში არ უწყობდა ხელს ხანგრძლივი ექსპედიციების მოწყობას. ფარაონი გამოყვანილია შუა სამეფოს დროის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებში „ფარაონ ხეოფსის ვაჟიშვილების ზღაპრები“, სადაც ერთ-ერთი ბრძენის წინასწარმეტყველებაში ასახულია მისი მეფობის დროს უკვე კარზე მომდგარი უდიდესი რელიგიური ძვრები. ისტორიულად, ამ ცვლილებების შედეგად მოხდა ახალი ღვთაების – რას აღზევება. ძალიან მალე ხეოფსის შემდეგ მზის ღვთაებამ დაიპყრო ქვეყნის უზენაესი ღვთაების ტახტი, რომელიც აქამდე ფარაონს ეკუთვნოდა.