ქიუნ ყუუანჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქჲუნ ყუუანჩ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Кюн къууанч – „მზიური მხიარულება“) – სოლარულ კულტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომელიც ზამთრის დღეღამსწორების ჟამს იმართებოდა. მოხუცები მომავალი ჭირნახულისა და საქონლის გამრავლების თაობაზე ცხვრის ბეჭით მკითხაობდნენ, ყმაწვილკაცები კოჭაობდნენ, გოგოები სიზმრებს ყვებოდნენ და თავიანთ საბედოზე საუბრობდნენ. ყველა ოჯახში ანთებდნენ „ახალ ცეცხლს“ – ოჯახის კეთილდღეობისა და ბარაქის სიმბოლოს. სოფლის შუაგულში აჩაღებდნენ კოცონს, რომელზედაც ბიჭები უნდა გადამხტარიყვნენ, ხოლო ქალიშვილებს კაბის კალთები უნდა დაებერტყათ. ცხოველთა ნიღბებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები აწყობდნენ ჯგუფურ საწესო მსვლელობას, ე. წ. გჲუფფეს, რომლის დროსაც ყველა ოჯახს შემდეგი სიმღერით შემოივლიდნენ:

ოჲ, გჲუფფე, გჲუფფე,
გჲუფფე მსვლელობით მივდივართ!
წლის ცვლილებაზე თქვენს ნაცვლად ვლოცულობთ:
დე, თქვენმა რძალმა ყუპები გააჩინოს,
ერთი ბიჭი იყოს, მონადირე იქნება,
მეორე გოგო იყოს, ლამაზმანი იქნება.
თუ გჲუფფეს მოგვცემ,
დე, შენი საკუჭნაო ხორცით გაივსოს,
ხოლო თუ გჲუფფეს არ მოგვცემ
და ხელცარიელს გაგვიშვებ,
ჯეჯილი არ გაიზარდოს შენს მინდვრებზე.
ოჲ, გჲუფფე, გჲუფფე,
ვინც გჲუფფეს მოგვცემს,
მრავალშვილიანი გახდება,
ვინც გჲუფფეს არ მოგვცემს
ის – უშვილო (იქნება).
მიდი, მიდი, ჩვენ წავალთ,
ყველგან მოვასწრებთ მისვლას.
ვინც გჲუფფეს მოგვცემს,
სიმდიდრეს მოიხვეჭს,
ხოლო ვინც არ მოგვცემს,
გამწარებული ცხოვრება ექნება...

უნდა ითქვას, რომ მსვლელობის დაწყებისას ზოგიერთ სოფელში ბავშვები თავზე თავსაფარშემოხვეულ საცერს (элек) იხურავდნენ, სახეზე მურს (къазан-къара) წაისვამდნენ, გადმობრუნებული ტყაპუჭებით შეიმოსებოდნენ და ცხენის თავის ქალით ხელში მსვლელობისას შემდეგი ტექსტს მღეროდნენ:

გჲუფფე, გჲუფფე მსვლელობით მივდივართ!
გჲუფფეს დედა (ზამთრის დედა) სარასანია,
გჲუფფეს – მამა ხორლასანი,
დე, გჲუფფემ ყველი მოიპაროს,
ფანჯრიდან გადმოაგდოს,
დე, ფანჯრის რაფა გაქრეს,
ყველის ძირი კი დალპეს.
ვინც გჲუფფეს იძლევა,
დე, გამდიდრდეს,
ვინც არ იძლევა – მეხი დაეცეს.

ხალხი მსვლელობის მონაწილეებს აუცილებლად ჩუქნიდა პროდუქტებს (ხორცს, ყველს, კვერცხს, ტკბილეულს და სხვ.), რომლითაც ისინი საერთო სუფრას აწყობდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ სუფრის განსაკუთრებული ატრიბუტი იყო ნახევარმთვარის ფორმის რიტუალური ფიგურული პური, ე. წ. ბასილა (басила/башила бёрек – „ბაშილას ღვეზელი“), რომელიც ქრისტიანული წმინდანის ბასილის კულტს უკავშირდება (შდრ. ქართული და ოსური საახალწლო საწესო პური „ბასილა“). რამდენადაც წმ. ბასილის ხსენების დღე 1 იანვარია და ბალყარულ-ყარაჩული (ისევე როგორც ქართულ-ოსური) ხალხური რწმენა-წარმოდგენები მას ახალწლის მფარველად მიიჩნევს (ამიტომაცაა, რომ ბალყარულ-ყარაჩულ კალენდარში წელიწადის პირველი თვე, ანუ დეკემბრის მეორე ნახევარი და იანვრის პირველი ნახევარი, „ბასილის თვედ“ – Башил айы – იწოდება. ამ თვეში დანთებული საწესო კოცონის გარშემო სრულდებოდა რიტუალური ცეკვა „акъмыйыкъ – „თეთრულვაშა“ [ბასილის ეპითეტი? შდრ. ქართული ჩიჩილაკი – „ბასილას წვერები“]), ზემოაღწერილი კარნავალური მსვლელობა თავისი წარმოშობით ამ ხალხის ქრისტიანობის პერიოდს უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Шаманов И. М. Народный календарь карачаевцев // Советская этнография. М., 1971;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები