პირი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირიზმნის მორფოლოგიური კატეგორია, აღნიშნავს სუბიექტის (ზოგჯერ ობიექტის) დამოკიდებულებას მოლაპარაკე პირთან.

სუბიექტი (S) და ობიექტი (O) წარმოდგენილია ყველა ენის სისტემაში. როგორც სემანტიკური კატეგორია, ობიექტი შეიძლება იყოს პირდაპირი, რომელზედაც უშუალოდ გადადის სუბიექტის (აგენსის) მოქმედება, ან რომელიც ამ მოქმედების შედეგს წარმოადგენს, და ირიბი, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს და შესაძლებელია დახასიათდეს როგორც ადრესატი („ბავშვი წერილს სწერს მამას“), დესიგნატი („დედა წერილს უწერს ბავშეს“) ეგზეკუტორი („დედა წერილს აწერინებს ბავშვს“), ლოკატიური („დედა ქუდს ახურავს ბავშვს“) და სხვ.

აღნიშნული სემანტიკური ერთეულები გამოიხატება ენის გრამატიკულ სტრუქტურაში ზმნასთან დაკავშირებული სახელებით ან ნაცვალსახელებით, რომელთაც შესაძლებელია გარკვეული მორფოლოგიური გაფორმება ჰქონდეთ (სპეციფ. ბრუნვის ნიშანი). სახელსა და ნაცვალსახელთან დაკავშირებით დგება პირის კატეგორიისა და ენობრივ სისტემაში ამ კატეგორიის გამოხატვის საკითხი. პირის კატეგორია უშუალოდ გამომდინარეობს ენობრივი კომუნიკაციის აქტიდან და აღნიშნავს ამ აქტის მონაწილეთა დამოკიდებულებას ენობრივ კომუნიკაციასთან (რ. იაკობსონი).

ენობრივი კომუნიკაციის აქტი გულისხმობს „მეტყველს“, ანუ სამეტყველო აქტის ავტორს, „მსმენელს“ –სამეტყველო აქტის ადრესატს, და რაღაც მესამეს. რასაც შეეხება სამეტყველო კომუნიკაცია, მაგრამ რაც არ იღებს მასში უშუალო მონაწილეობას. ჩვეულებრივ, ეს სამი ოდენობა ხასიათდება შესაბამისად როგორც I, II და III პირი.

აქედან გამომდინარე, პირის კატეგორიაში შემავალი ფორმების (I, II და III) მიმართება არაერთგვაროვანია და ამის გამო მათ სხვადასხვაგვარად განიხილავენ, კერძოდ, I და II „პირი“ უპირისპირდება III-ს, როგორც „არაპირს“ (ე. ბენვენისტი, რ. იაკობსონი).

პირის კატეგორია სუბიექტისა და ობიექტის კატეგორიების გამომხატველი ოდენობები ენის გრამატიკულ დონეზე შეიძლება იყოს: I და II პირისთვის (როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური) მხოლოდ ნაცვალსახელები (მე, შენ), III პირისთვის (როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური) კი ნაცვალსახელთან ერთად საკუთრივ სახელიც (ის, ბავშვი, ქარი, ფანქარი…).

წინადადებაში ზმნასთან დაკავშირებული სუბიექტის ან ობიექტის გამომხატველ სახელს თუ ნაცვალსახელს შეუძლია ზმნურ ფორმაში თავისი ნიშანი გაიჩინოს. ამგვარი ნიშნები ზმნურ ფორმაში შესაძლებელია სხვადასხვა კატეგორიებს გამოხატავდნენ:1. ნაცვალსახელის (resp. სახელის) პირს, რაც გვაძლევს პიროვან უღვლილებას და 2. სახელის (resp. ნაცვალსახელის) სემანტიკურ კლასს, რაც გვაძლევს კლასოვან უღვლილებას. ქართული ენის ზმნური სისტემა წარმოადგენს სტრუქტურულ ტიპს მკვეთრად გამოხატული პიროვანი უღვლილებით, ე. ი. ზმნური ფორმა წარმოგვიდგენს იმ სახელთა რეპრეზენტანტ ნიშნებს, რომლებიც მოცემული სახელების (resp. ნაცვალსახელების) პირის კატეგორიას გამოხატავენ. ქართული ზმნა შესაძლებელია დახასიათდეს როგორც სუბიექტურ-ობიექტური წყობის ზმნა, რომელიც იცვლება როგორც სუბიექტური ისე ობიექტური პირის მიხედვით. თანამეღროვე ქართულში სუბიექტურ და ობიექტურ პირთა ნიშნებია:

სუბიექტური ობიექტური
ვ-, მ- (მრ. რ. გვ-),
ჰ-(ს-),ხ-, გ-
–ს, -ა, -ო ჰ-ს-)
(მრ. რ. –ენ (-ნენ),
–ან, -ნ, -ეს);

ქართული ზმნა განსხვავდება მრავალ ენაში (ბერძნ. ლათ. რუს-) დადასტურებული სუბიექტური წყობის ზმნური სტრუქტურისაგან, რომელიც ზმნის ფორმაში მხოლოდ სუბიექტურ ნიშნებს წარმოაჩენს. მაგრამ ერთ-ერთი სტრუქტურული მახასიათებელი ქართული ზმნისა ის არის, რომ მასთან სინტაქსურად დაკავშირებული ყველა სახელი ვერ აჩენს მორფოლოგიურ, ნიშანს ზმნურ ფორმაში (ა. შანიძე). კერძოდ, აქტუალურად გამოვლენილ მორფოლოგიურ ნიშანთა რაოდენობა ზმნურ სტრუქტურაში არ აღემატება ორს, მაშინ როდესაც ზმნასთან სინტაქსურად შეიძლება დაკავშირებული იყოს ოთხი სახელი. ამგვარად, „პირიანობის“ თვალსაზრისით ქართული ზმნა შეიძლება დახასიათდეს როგორც ერთპირიანი (მონოპერსონალური) და ორპირიანი (ბი პერსონალური).

ნ. ლოლაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I თბ. 1973;
  • გამყრელიძე თ. ზმნის „პირიანობა“ და „ვალენტობა“. – „საენათმეცნიერო კრებული“. თბ., 1979

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები