მცირე ბიზნესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე ბიზნესი – საბაზრო სტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტი, სამეწარმეო საქმიანობის ყველაზე მოქნილი და დინამიკური ფორმა, რომელიც წვრილი მეწარმეობის პრინციპებზეა დაფუძნებული და წარმოდგენილია უმცირესი და მცირე ფირმების სახით. მისი განვითარება ჯანსაღი საბაზრო გარემოს ფორმირების აუცილებელი პირობაა. მცირე საწარმოთა სიმრავლე ხელს უწყობს კონკურენციის წარმოქმნას, მონოპოლიზმის აღმოფხვრას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ყველა სახის რესურსის, მათ შორის, შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ნედლეულის წყაროებთან და გასაღების ბაზრებთან სიახლოვის შედეგად სატრანსპორტო ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას, როგორც ქალაქში, ისე სოფლად თანამედროვე სტანდარტებისა და ცხოვრების სტილის გავრცელებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, განაპირობებს მსხვილი საქალაქო აგლომერაციის ზრდის შეზღუდვას (საქართველოს სინამდვილეში სწორედ მცირე ბიზნესის განვითარებას უნდა დავუკავშიროთ მრავალი მივიწყებული სოფლის აღდგენა-განვითარების საკითხი).

მცირე ბიზნესის საფუძველზე წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტების სიმრავლე მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას. ყოველივე ეს, ერთად აღებული, მყარ საფუძველს ქმნის სოციალური განვითარებისათვის. ამიტომ არის, რომ მთელ მსოფლიოში აღინიშნება მცირე ბიზნესის სწრაფი განვითარება, თუმცა, არ შეიძლება მისი აბსოლუტიზება და პანაცეად მიჩნევა.

მცირე ბიზნესს არ შესწევს ძალა ძვირადღირებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისათვის. მცირე ბიზნესი ძალზე მგრძნობიარეა ბაზრის კონიუნქტურის ცვლილებისადმი. მასზე ზოგჯერ გამანადგურებელ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარების ციკლური ხასიათი. მცირე ბიზნესის წარმართვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა კრედიტზე პროცენტის განაკვეთის დონე. საქმე ისაა, რომ მცირე ფირმები გამუდმებით განიცდიან კაპიტალის ნაკლებობას და მსხვილ კომპანიებზე მეტად არიან დამოკიდებული მიმდინარე ბრუნვის დაკრედიტებაზე. ბანკები კი საერთოდ გაურბიან მათ დაკრედიტებას ან ცდილობენ გაწეული რისკისათვის ამ ფირმებისაგან, როგორც ნაკლებად საიმედო მსესხებლებისაგან, კომპენსაცია მიიღონ ჩვეულებრივზე მაღალი პროცენტის დაწესებით. ბიზნესის მცირე მასშტაბი წვრილ საწარმოებს არ აძლევს საშუალებას, გამოიყენონ კაპიტალის მოზიდვის სხვა წყაროები, მაგალითად, გამოუშვან აქციები. მათ უჭირთ ისეთი ინვესტორების მოძებნა, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან თავიანთი სახსრების ამ ფირმების საქმეში დაბანდებით. მცირე ბიზნესის პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს ინფლაციური პროცესების გაძლიერება, კერძოდ, ფასების ზრდის გამო მატულობს ფულზე მოთხოვნა. ინფლაციის დროს მცირე საწარმოებს არ შეუძლიათ კონტროლი გაუწიონ თავიანთი პროდუქციის საბაზრო ფასებისა და დანახარჯების დონეს, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია მსხვილი ფირმებისათვის. ყოველივე ამის გამო, მცირე ფირმები ხშირად ვერ უძლებენ კონკურენციას და კოტრდებიან. მაგ., დიდი ბრიტანეთის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით, მცირე ფირმების „სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა” 7 წელია.

აღნიშნული ნაკლოვანებების მიუხედავად, მცირე ბიზნესის უარყოფით მხარეებს უდავოდ სჭარბობს დადებითი, რამაც თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში შესაძლებელი გახადა გიგანტებისა და მცირე ფირმების თანაარსებობა. ამ უკანასკნელთა სიცოცხლისუნარიანობას დიდად უწყობს ხელს მათ დასაცავად გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო, საკრედიტო და სხვა შეღავათებს, ტექნიკურ და საკონსულტაციო მომსახურებას და ა.შ. მცირე ბიზნესს იცავს მცირე და საშუალო საწარმოთა მსოფლიო ასოციაცია.

ამრიგად, მცირე ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს შემდეგი ხუთი ძირითადი ფაქტორი:

  1. საბაზრო კონიუნქტურის მდგომარეობა;
  2. კრედიტზე პროცენტის განაკვეთის დონე;
  3. კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები;
  4. ინფლაციის ტემპები;
  5. ბიზნესის სამთავრობო რეგლამენტაცია.

სხვადასხვა ქვეყანაში უმცირეს, მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოთა კრიტერიუმები განსხვავებულია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კრიტერიუმია დასაქმებულთა რიცხოვნობა, რომელიც სხვადასხვა პარამეტრით ხასიათდება. მაგ., აშშ-ში უმცირესად ითვლება ფირმა, რომელშიც 10 კაცამდეა დასაქმებული, მცირედ - 10-დან 500 კაცამდე, ხოლო მსხვილ ფირმად - 500 და მეტი დასაქმებული. იტალიაში უმცირეს ფირმათა რიცხვს მიეკუთვნება საწარმოები, სადაც 1-დან 20-მდე კაცი მუშაობს, მცირე საწარმოებში დასაქმებულია 20-დან 100-მდე კაცი, საშუალოში 100-დან 500- მდე, ხოლო მსხვილ ფირმებში - 500 და მეტი. საფრანგეთში საწარმო, სადაც 10-მდე კაცია დასაქმებული უმცირესი ფირმაა, 10-დან 50 კაცამდე - მცირე, 50-დან 500-მდე საშუალო, 500 და მეტი - მსხვილი. დიდ ბრიტანეთში მცირე ფირმებს მიეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულია 1-დან 100-მდე კაცი, საშუალოს - 100- დან 500-მდე. გფრ-ში მცირედ ითვლება საწარმო დასაქმებულთა რიცხოვნობით 1-დან 50 კაცამდე, ხოლო საშუალოს მიაკუთვნებენ ისეთ ფირმებს, სადაც 50-იდან 500-მდე კაცი მუშაობს.

საქართველოში მცირეს მიეკუთვნება ფირმა, რომელშიც 20-მდე კაცია დასაქმებული, ხოლო საშუალოწლიური ბრუნვა 500 ათას ლარამდეა, საშუალოს მიეკუთვნება 20-დან 100-მდე კაცი (საშუალო წლიური ბრუნვა 500 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდე), მსხვილს - 100 და მეტი (საშუალოწლიური ბრუნვა 1,5 მლნ ლარი და მეტი).

უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა წვრილი მეწარმეობის სწრაფი ზრდით ხასიათდება. მაგ., აშშ-ში მცირე ბიზნესს ეწევა ფირმების 99%, რომელთა წილადაც მოდის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 40%, მათ შორის, მომსახურების სფეროში - 81%; იაპონიაში სულ ითვლიან 9 მლნ ფირმას, აქედან, 85%-მდე მცირეა. მცირე ბიზნესს იქ ეწევა დასაქმებულთა 3/4; საფრანგეთში განსაკუთრებით გავრცელებულია უმცირესი ფირმები. ისინი შეადგენენ საწარმოთა საერთო რაოდენობის 96,6%-ს, მცირე საწარმოები - 2,8%-ს, საშუალო - 0,5%-ს (ე.ი. სულ უმცირეს, მცირე და საშუალო ფირმებზე მოდის 99,9%), ხოლო მსხვილი კომპანიები - 0,1%-ს; იტალიაში ყოველ 15 კაცზე მოდის ერთი მცირე ან უმცირესი ფირმა; ბრიტანულ ეკონომიკაში სწრაფად ვითარდება მიკრობიზნესი. ერთკაციანი საწარმო საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორიაა დიდი ბრიტანეთის დასაქმების სტრუქტურაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. ეს თავისებურება დამახასიათებელია შვედეთისათვისაც, სადაც მომსახურების სექტორის ზოგიერთ დარგში ფირმების ნახევარზე მეტი ერთი კაცითაა წარმოდგენილი. გერმანიაში მცირე ბიზნესი სამეურნეო განვითარების სტაბილიზაციისა და სოციალური ამოცანების გადაჭრისათვის გამიზნული პროგრამების რეალიზაციის ძირითადი გზაა.ამ საქმით მომსახურების სფეროში დაკავებულია მომუშავეთა 75%; უკანასკნელ პერიოდში დიდი გაქანება მიეცა მცირე ბიზნესის განვითარებას სამხრეთ კორეაშიც. ბოლო ათწლეულში ამ ტიპის საწარმოთა რიცხვი ფირმების საერთო რაოდენობაში 9-იდან 62%-მდე გაიზარდა. უკანასკნელ პერიოდში ეს პროცესი საქართველოშიც დაიწყო. ბოლო მონაცემებით, მცირე საწარმოთა რიცხვმა 17 ათასს გადააჭარბა, ხოლო საშუალო საწარმოთა რიცხვმა - 3 ათასს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები