მთაწმინდა (თბილისი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთაწმინდა − მთა თბილისში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება. სიმაღლე ზღვის დონიდან – 770 მ. შედის ქალაქ თბილისის ფარგლებში. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით. მთაწმინდის პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.