კონტექსტი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტექსტი – (ლათ. contextus – შეერთება, შეკავშირება), ტექსტში ენობრივი ერთეულების გარემოცვა (მარჯვენა, მარცხენა). კონტექსტი კომუნიკაციის აუცილებელი პირობაა. კონტექსტის გარეშე შეუძლებელი ხდება მნიშვნელობის ადეკვატური აღქმა. მაგ., სიტყვას „მობრძანდი“, იმის მიხედვით, თუ რა კონტექსტშია ის მოქცეული, შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები (თხოვნა, ბრძანება, დაცინვა, მუქარა…).

კონტექსტი შეიძლება იყოს ვიწრო (მინიმალური გარემოცვა, რომელშიც განისაზღვრება მოცემული ენობრივი ერთეული) და ფართო (როდესაც საჭირო ხდება მთელი ტექსტის გათვალისწინება). სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად ვიწრო კონტექსტი იქნება შესიტყვება. სწორედ ასეთ კონტექსტში შეიძლება სიტყვა მოგვევლინოს ტროპის სახით, მიიღოს განსხვავებული სტილისტიკური და ემოციური შეფერილობა, შეიძინოს ახალი მნიშვნელობები, მათ შორის წმინდა ოკაზიონალურიც, რომელიც აქამდე არ ყოფილა (და შესაძლოა, არც არასოდეს იქნეს) დაფიქსირებული ენაში. ვიწრო კონტექსტი საკმარისია მნიშვნელობების დასადგენად სამეცნიერო ნაშრომებში, ან მხატვრულ ნაწარმოებთა სტილისტიკურ-ემოციურ შეფერილობას მოკლებულ გამონათქვამებში. მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიტყვის, და მით უფრო – ფრაზის მნიშვნელობის დადგენა მოითხოვს ფართო კონტექსტის გათვალისწინებას. ზოგჯერ ფართო კონტექსტი სცილდება ლინგვისტური (ვერბალური, პარალინგვისტური) კონტექსტის გაგებას და მოიცავს ექსტრალინგვისტურ ფაქტებსა და მოვლენებს (კომუნიკაციის პირობები, ადგილი და დრო, კომუნიკაციის პროცესში ჩართული ინდივიდები, მათ შორის ურთიერთობა და მისთ). შესაძლებელია ისიც მოხდეს, რომ ტექსტში კონტექსტი არ იყოს ექსპლიციტურად გამოხატული. მაშინ საჭირო ხდება იმპლიციტური ფონური ცოდნის (პრესუპოზიციის) გამოყენება.

კონტექსტის ცნება აუცილებელია ლინგვისტური ანალიზისათვის. იგი გამოიყენება ენის ყველა დონეზე (ფონოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური) და საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოცემული ერთეული. კონტექსტის გარეშე შეუძლებელია ისეთი ენობრივი მოვლენების შესწავლა, როგორიცაა სხვადასხვა ენობრივი ერთეულის (სიტყვის, ფრაზის) რეალური მნიშვნელობა, ლექსიკური თავსებადობა, სინონიმია, პოლისემია და მისთ. ახალი კონტექსტების წარმოქმნა დიდ როლს თამაშობს ენის სემანტიკურ ცვლილებებში. გარკვეულწილად კონტექსტების ცოდნას ემყარება ერის გრძნობა.

ნ. ქვმერტყელიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები