პოლისემია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლისემია – (ბერძნ. polysēmos – მრავალმნიშვნელობიანი), ენობრივი ერთეულის უნარი გამოხატოს ერთზე მეტი მნიშვნელობა, ჰქონდეს ერთზე მეტი აღსანიშნი.

პოლისემია ვლინდება როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკურ ერთეულებთან. გრამატიკული პოლისემიის ნიმუში: III პირის ფორმა უნდა, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ზმნის პირიან ფორმას („საჭმელი უნდა“), ისე – პირიანობას მოკლებულ მოდალურ ნაწილაკს („უნდა გააკეთოს!). უფრო ხშირია ლექსიკური პოლისემია: სიტყვა ძვირი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მიხედვით ითავსებს 4 მნიშვნელობას: 1. დიდი ფასის მქონე, 2. არახშირი, იშვიათი, 3. ცუდი, ავი, ბოროტი რამ, 4. (ძვ.) ძუნწი.

ბევრად მეტი მნიშვნელობები უდასტურდება სიტყვებს: თავი, თვალი, გული და სხვ.

პოლისემია შედეგია ენის გარკვეულ ქრონოლოგიურ დონეზე იმ მნიშვნელობათა თავმოყრისა, რომლებიც სიტყვას ისტორიულ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეუძენია. მაგ., სიტყვა ბეჭს პოლისემიურობა მიანიჭა მისმა გამოყენებამ საფეიქრო ტერმინად. ამიტომაც პოლისემიის კვლევა მოითხოვს სიტყვის მნიშვნელობათა ფორმირების პროცესების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესწავლას. პოლისემიის შექმნისას მნიშვნელობათა დაკავშირებაში დიდ როლს ასრულებს შესაბამის რეალიათა ფორმობრივი ან ფუნქციური მსგავსება, ანდა ერთიანობა მეზობლობის მიხედვით.

პოლისემია ყოველთვის გულისხმობს მრავალი მნიშვნელობის განვითარებას ერთი ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობისგან. ამიტომაც კავშირი ამ მნიშვნელობათა შორის რჩება ერთი სიტყვის მნიშვნელობად. ლექსიკონებში სიტყვათა პოლისემიურობა დიფერენცირებულად, სემანტიკური ნიუანსების თანმიმდევრული ნუმერაციით აისახება.

ა. არაბული


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952;
  • ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ. 1974.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები