კილო (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კილო – გრამატიკული კატეგორია, რომელიც ასახავს სინამდვილისადმი ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართებას მოსაუბრის თვალსაზრისით. დროისა და ასპექტის კატეგორიებთან ერთად კილო ქართულში განიხილება როგორც უღლების კატეგორია (ა. შანიძე).

ზმნის მნიშვნელობასთან მოსაუბრის დამოკიდებულება შეიძლება იყოს ნეიტრალური და არანეიტრალური. არანეიტრალური დამოკიდებულება ფართო სემანტიკურ ველს მოიცავს, – მოქმედება შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც თხოვნა, ნატვრა, ბრძანება, პირობა, ეჭვი, ვარაუდი… თითოეულ დასახელებულ შინაარსს გამოხატვის საკუთარი სტრუქტურა აქვს, მაგრამ ყველა სტრუქტურა არ არის მორფოლოგიურად გამოხატული.

ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ტრადიციულად გამოყოფენ სამ კილოს თხრობითს, კავშირებითსა და ბრძანებითს (ზოგჯერ ნატვრითსა და პირობითსაც). ამგვარი დაყოფა დაკავშირებულია ანტიკური და ევროპული გრამატიკის ტრადიციებთან და დაფუძნებულია ძვ. ქართულის ზმნის მორფოლოგიურ სტრუქტურაზე, რომელშიც კილოური შინაარსით განსხვავებული ნაკვთები ფორმობრივად სამ ჯგუფს ქმნიდნენ: კავშირებითისა და ბრძანებითის ფორმები საკუთარი წარმოებით უპირისპირდებოდნენ თხრობითს (ნულოვანს). ამჟამად ბრძანებითის ფორმათა გაქრობასთან დაკავშირებით, თანამედროვე ქართულის საუღლებელ ერთეულთა სისტემაში ფორმობრივად დაპირისპირებული ორი კილოა შემორჩენილი: თხრობითი (ნულოვანი) და კავშირებითი (სუფიქსები: ა, ე, ო). მაგრამ კილოური შინაარსი არ არის მყარად დაკავშირებული ზმნურ ფორმასთან და შესაბამისი აფიქსებიც არ არის საკმარისი (და ერთადერთი) პირობა კილოური შინაარსის გადმოსაცემად. სინტაქსურ, ლექსიკურ, ინტონაციურ … მექანიზმებს შეუძლიათ გააბუნდოვნონ (გაანეიტრალონ) კილოს მორფოლოგიური სტრუქტურა და კონტექსტის კვალობაზე მოხდეს საუღლებელ ერთეულთა კილოური მნიშვნელობის შეცვლა. ამიტომ უკანასკნელ ხანებში კილო განიხილება არა როგორც ოდენ მორფოლოგიური არამედ როგორც რთული გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია, რომელიც წარმოაჩენს ზმნური ფორმის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად ანდა დამხმარე კონტექსტური საშუალებით გამოხატოს მოსაუბრის დამოკიდებულება ზმნის მნიშვნელობასთან.

კილოს ორწევროვანი ოპოზიციის შექმნამ ტერმინოლოგიური ცვლილებებიც გამოიწვია: ტერმინი კავშირებითი მთლიანად არანეიტრალური (არათხრობითი) კილოური შინაარსის გამომხატველი გახდა; კილოურ-ოპოზიციური წყვილის დაპირისპირების გამოსახატავად გაჩნდა ტერმინებიც: რეალური და ირეალური. ასეთ შემთხვევაში ტერმინები – „თხრობითი“ და „კავშირებითი“ საუღლებელ ერთეულთა სისტემაში ტრადიციულად ამ ნაკვთთა მეტნაკლები კილოური შესაძლებლობის მაჩვენებელია. ხოლო „რეალური“ და „ირეალური“ – საკუთრივ კილოური დაპირისპირების გამომხატველი.

სარჩევი

თხრობითი კილო

თხრობითი კილო (Indicative) ზმნით გადმოცემულ მოქმედებას წარმოადგენს როგორც ფაქტს. იგი არის ნეიტრალური, ნულოვანი ფორმა კილოსი და უპირისპირდება არანეიტრალურს – კავშირებითს (ირეალურს). თხრობითი, როგორც ზმნის ნეიტრალური ფორმა. ფართო სემანტიკური და სინტაქსური შესაძლებლობების მქონეა. იგი იგუებს ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციას, თავისუფალია სხვა კილოებისათვის დამახასიათებელი შეზღუდვებისაგან. თხრობით კილოს, არათხრობითი კილოებისაგან განსხვავებით, არა აქვს ისეთი სემანტიკური ნიშნები, რომლებიც მას შეზღუდავდა მოქმედების დროული მიმართების გამოხატვაში. მხოლოდ თხრობით კილოს აქვს დროისა და ასპექტის სრული, ჩამოყალიბებული, მკვეთრად გამოხატული სისტემა. მართალია, თხრობითი კილოს ფორმები რეალურ მოქმედებას გადმოსცემენ, მაგრამ მათ ირეალური მოქმედების გადმოცემაც შეუძლიათ. ისინი ადვილად შეიწყობენ მოდალურ სიტყვებსა და ნაწილაკებს, ქმნიან ანალიზური ტიპის მოდალურ კონსტრუქციებს, რომელთა საშუალებითაც გადმოიცემა სხვა კილოსთვის დამახასიათებელი მოდალური ნიუანსები.

კავშირებითი კილო

კავშირებითი კილო (Subjunctive II) ზმნით გადმოცემულ მოქმედებას წარმოადგენს როგორც სასურველს, სავარაუდოს, შესაძლებელს, ზოგადად – არაფაქტს. ამავე მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ტერმინი ირეალური კილო, რომელიც უკეთ ასახავს თანამედროვე ქართულში შექმნილ ვითარებას.

ძველ ქართულში კავშირებითი კილო გამოიხატებოდა ორი საშუალებით: შესაბამისი თხრობითი კილოს ფორმებისაგან -ა, -ე, -ო ფორმანტებით ნაწარმოები საუღლებელი ერთეულებით, ე. წ. კავშირებითი ნაკეთებით და -მცა ნაწილაკის მეშვეობით. ამავე საშუალებით გადმოიცემოდა აგრეთვე მომავალი დრო. თანამედროვე ქართულში არსებითად ვითარება არ შეცვლილა – იმ განსხვავებით, რომ მომავალი დროის გადმოცემისათვის ენა იშვიათად -ღა მიმართავს კავშირებითის ნაკვთებს და -მცა ნაწილაკიც მხოლოდ რეფლექსურად ფუნქციონირებს.

კავშირებითი კილოს შინაარსის გადმოცემა აუცილებლად ორი ზმნა-შემასმენლის ჰიპოტაქსურ მიმართებას მოითხოვს და, ამდენად, იგი რთული დაქვემდებარებული წინადადების (ან მისი ტიპის) კონსტრუქციაში რეალიზდება. საკუთრივ ტერმინი „კავშირებითი“ რთული სინტაქსური კონსტრუქციისაკენ მისწრაფებაზე მიგვანიშნებს. იგი მომდინარეობს ბერძნული სიტყვის ლათინური თარგმანისაგან და ნიშნავს „დაქვემდებარებულს“. კავშირებითი კილო არაა ოდენ მორფოლოგიური კატეგორია: ზმნის სათანადო ფორმა არაა საკმარისი საშუალება კავშირებითი კილოს გადმოსაცემად. იგი გამოიხატება ენის გრამატიკულ ლექსიკურ, ინტონაციურ და სხვადასხვა კონტექსტურ საშუალებათა კომპლექსით. სხვაგვარად ეს კილო არ ფუნქციონირებს. ასეთ კომპლექსში შესაძლებელია თხრობითი კილოს ნაკვთთა გამოყენებაც გადმოსაცემი შინაარსის შენარჩუნებით.

კავშირებითი კილო, როგორც არანეიტრალური კილოური დამოკიდებულების გამომხატველი, ფართო სემანტიკური შესაძლებლობების მომცველია. ამ ნაირგვარი სემანტიკური ნიუანსების გადმოცემისას სხვადასხვა საკომპენსაციო საშუალების ხარჯზე ცალკეულ შემთხვევებში ხდება ჰიპოტაქსური კონსტრუქციის გამარტივება, ბივერბალური მარტივი წინადადებებისა და მყარი ფრაზეოლოგიური შესიტყვებების შექმნა.

ბრძანებითი კილო

ბრძანებითი კილო (imperative) ზმნით გადმოცემულ მოქმედებას წარმოადგენს როგორც აუცილებლად შესასრულებელს. ძველ ქართულში ბრძანებითს საუღლებელ ერთეულთა სისტემაში საკუთარი ფორმები მოეპოვებოდა და ეს ფორმები, კავშირებითის ნაკვთებთან ერთად, უპირისპირდებოდნენ თხრობითისას, ქმნიდნენ სამწევროვან მორფონოლოგიურ სისტემას. თანამედროვე ქართულში ბრძანებითის ფორმა მორფოლოგიური ნიშნით აღარ არის წარმოდგენილი და მისი გამოხატვის ძირითადი საშუალება ინტონაციაა. პოლისემიურ და ომონიმურ ფორმათა შორის ბრძანებითის მნიშვნელობის მქონე ზმნათა გამოყოფის ძირითად საშუალებებად მიჩნეულია კონტექსტით შეპირობებული ინტონაცია, დროული სხვაობა, პირთა მიმართებანი, სიტყვათგანლაგება. ბრძანებითი კილოს გადმოსაცემად სხვადასხვა კილოსა და ნაკვთის ფორმები გამოიყენება, თუმცა ზოგჯერ მისი შინაარსის გადმოსაცემად ზმნის აღნიშნული ფორმებიც არ არის საკმარისი პირობა. მხოლოდ გარკვეულ კონტექსტურ და ინტონაციურ საშუალებათა კომპლექსში ხდება ზმნური ფორმის მოდალური შესაძლებლობის რეალიზება.

ბრძანებითობა მეტყველების კატეგორიაა და იგი დიალოგური მეტყველებისთვის არის დამახასიათებელი. ებრძანება მხოლოდ და მხოლოდ II პირს; მაშინაც კი, როცა ბრძანება I და II პირისათვისაა განკუთვნილი, ბრძანების გადამცემად მეორე პირი იგულისხმება. ბრძანებითი არის მიმართვის ფორმა, ხოლო ბრძანებითობა ზმნისათვის იგივე ფუნქციაა, რაც სახელისათვის წოდებით ბრუნვაში დგომა.

გაირჩევა ორგვარი ბრძანებითი: 1. ბრძანებითი, რომელიც II პირისკენაა მიმართული და დიალოგურ მეტყველებას გულისხმობს: გააკეთე! ავაშენოთ! 2. ზოგადი ბრძანებითი, რომელიც ვნებითი გვარის II კავშირებითის III პირის ფორმით არის წარმოდგენილი. მეორე ტიპის ბრძანებითი ძირითადად არადიალოგურ მეტყველებაში გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში „გამაშუალებელი“ II პირი აღარ იგულისხმება და განზოგადებული, პირმიუმართავი ბრძანება გამოიხატება (გაკეთდეს, აშენდეს… ზოგჯერ მეტი კატეგორიულობისათვის ასეთ ფორმებთან იხმარება „უნდა“ ნაწილაკიც (უნდა გაკეთდეს, უნდა აშენდეს…); გამოიყენება აგრეთვე ზმნის ანალიზური ფორმებიც: გაკეთებულ იქნეს, აშენებულ იქნეს ….

ხსენებული ორივე ჯგუფის ბრძანებითი თავისი კატეგორიულობით უპირისპირდება თხოვნით-ბრძანებითს, რომელიც თხოვნის სემანტიკით შეფერილ ბრძანებას აღნიშნავს. შესაბამისი ფორმები სინტაქსური კონსტრუქციის მიხედვით დრო-კილოთა მეორე ჯგუფს განეკუთვნებიან. სემანტიკით ისინი დღევანდელ მყოფადის კავშირებითს მოგვაგონებენ. მათი ბრძანებითი შინაარსი სინტაქსურ წყობაში გამოიხატება, თხოვნითი – სემანტიკაში. იხ. მაგ: „ქალობა დაიკვეხოდეს ქალმა ხვარამსისთანამა“; „მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი“. ძირითადად გავრცელებულია მთის დიალექტებში და გამოიხატება იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი ხოლმეობითის ფორმებით, რომლებიც რამდენადმე განსხვავებულია ძველი ქართულის ხოლმეობითისაგან. ისტორიულად ფშაურ-ხევსურული ხოლმეობითი ნაკეთთა პირველ წყებას ეკუთვნოდა, ნამყო უსრულისა და ხოლმეობითის შერწყმის შედეგი იყო, არქაულ ნამყო უსრულს ეფუძნებოდა I და II პირი, ხოლმეობითს – III პირი. მსგავსი ფორმები ძვ. ქართულშიცაა დადასტურებული და ყველგან ამ არქაულ ნამყო უსრულს კავშირებითის მნიშვნელობა აქვს. ძვ. ქართულის წარავლინოდის, აღიღოდიან… ფშაურ-ხევსურულის უთხროდი / უთხრიდი ფორმების თხოვნით-წაქეზებითი ფუნქციაა თანამედროვე სალიტერატურო ქართულში და სპორადულად ხალხურ პოეზიაშიც დაუკავშირდა მყოფადის კავშირებითს: „მოახსენებდე, ჭაბუკო, მეფეს“; „შთააგონებდე კაცთა სიყვარულს“: „მომიტანდე, შემასმევდე…”

პირობითი კილო

პირობითი კილო (conditional) გამოხატავს ორი მოქმედების ისეთ მიზეზ-შედეგობრივ დაკავშირებას, როდესაც ერთი მოქმედება (პირობად დადებული) არის მეორის შესრულების საფუძველი. ცხადია, პირობითი შინაარსი მხოლოდ რთული წინადადებით გამოიხატება და პირობად დადებული მოქმედების დრო აუცილებლად უსწრებს შესაძლო შედეგს. აბსოლუტური დროული გამოხატულების თვალსაზრისით გამოიყოფა მომავლის მიზან-პირობითობა და წარსულის მიზან-პირობითობა. ზოგჯერ პირობით კილოს ცალკე კილოურ სახედ ან კილოს სახესხვაობადაც განსაზღვრავენ. გამოყოფენ აგრეთვე რეალურსა და ირეალურ პირობითობას.

პირობით კილოს თავისი შინაარსის გადმოსაცემად საკუთარი ფორმები არ გააჩნია და პირობითობა ირეალური კილოს ერთ-ერთი მოდალური ნიუანსია. რეალური პირობითობა ქართულში თხრობითი კიკოს ნაკვთთა მონაწილეობით გადმოიცემა, იშვიათად – II კავშირებითით. ირეალური პირობითობის გამოხატვისას დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითის ან თუ ნაწილაკიანი თხრობითი კილოს ნაკეთები გვაქვს.

ნატვრითი კილო

ნატვრითი კილო, ოპტატივი (optative) გამოხატავს სასურველ მოქმედებას. ძვ. ქართველი გრამატიკოსები მას ცალკე კილოურ ფორმად გამოყოფდნენ და ნატვრითთან ერთად მას საწადისს, სანეტარძოს ან თუობითსაც უწოდებდნენ. საუღლებელ ერთეულთა სისტემაში ნატვრით კილოს თავისი შინაარსის გადმოსაცემად საკუთარი ფორმები არ გააჩნია და ნატვრითობა კავშირებითი (II ირეალური) კილოს ერთ-ერთი მოდალური ნიუანსია.

ნატვრითობის შინაარსი გადმოიცემა ძირითადად კავშირებითის ნაკვთებით, რომლებთანაც ხშირად იხმარება ნეტავ, ვინძლო, იქნებ, ეგებ… ნაწილაკები. ამ მოდალური შინაარსის გადმოსაცემად კვლავ გამოიყენება ძველი ქართულის -მცა ნაწილაკიანი კონსტრუქცია ან მისი ანალოგიით შექმნილი ფრაზეოლოგიური გამოთქმები -მცა-ს გარეშეც („ნეტამცაი, მომკლამცაი, ასო-ასო ამქნამცაი“… ა: „ღმერთმა დაგლოცა!“


ა. პაპიძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973);
  • ჩიქობავა არნ., ქართული ზმნის ნაკვთეულთა დაჯგუფების პრინციპისათვის. – „იკე“, XIII, თბ., 1962;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1966;
  • ნინუა გ. კავშირებითისა და ბრძანებითის ფორმათა ფუნქციების შესახებ, „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1967, №1;
  • ოქროპირიძე ნ. კავშირებითი კილოს მოდალური ფუნქციები ქართულ ენაში. –
  • „საქართვ. პედაგოგიური ინ-ტების შრომები“, II. თბ., 1975;
  • მელიქიშვილი დ. მომავალი დროისა და კავშირებითი კილოს ურთიერთმიმართების საკითხისათვის (ძველი
  • ქართული ენის მასალებზე დაყრდნობით). – „იკეწ“, VII, თბ., 1980;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები, თბ. 1980;
  • პაპიძე ა. II კავშირებითის ნაკვთის ფუნქციები და გამოყენება თანამედროვე სალიტერატურო ქართულში. – „ქსკს“, წგ. 4, თბ. I981;
  • მისივე, კავშირებითი კილოსა და მომავალი დროის გამოხატვისათვის ქართულში. – „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, V. თბ. 1981;
  • გოგოლაშვილი გ., დრო-კილოთა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ. 1984;
  • არაბული ა-მესამე სერიის ნაკეთეულთა წარმოება და მნიშვნელიბა ძველ ქართულში, თბ. 1984;
  • კოტინოვი ნ. კილოს კატეგორია და სინტაქსის ზოგიერთი საკითხი ქართულში, თბ. 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები