ანთესტერიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთესტერიები(ბერძნ.) დიონისეს სადიდებელი ზეიმი ათენსა და სხვა იონიურ ქალაქებში.

ანთესტერიები იმართებოდა გაზაფხულის დამდეგს, 11–13 ანთესტერიონს (თვეს ზეიმის სახელი ეწოდა), როცა ბუნება იღვიძებდა და შემოდგომით მომზადებული ღვინო უკვე მზად იყო. ანთესტერიების პირველ დღეს „ხელადის გახსნის დღედ“ მოიხსენიებდნენ და ახალი ღვინის მოსინჯვას უთმობდნენ. ყოველი ოჯახის თავი, უპირველეს ყოვლისა, ზედაშეს უღვრიდა ღვთაებას. ამის შემდეგ კი იწყებოდა მხიარულება. მონები ისვენებდნენ, ხოლო ბავშვები იღებდნენ საჩუქრებს. ანთესტერიების მეორე დღეს ერქვა „თასები“. ყოველი ადამიანი თავისი თასით სვამდა ღვინოს. დღესასწაულში ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. ყველას თვალწინ დიონისეს ქანდაკება ბორბლებიანი ნავით შემოჰქონდათ ქალაქში, სადაც ღვთაებისა და არქონტი – მეფის მეუღლის მისტიური ქორწინების რიტუალი აღესრულებოდა.

დღესასწაულის მესამე დღე „ქოთნებად“ იწოდებოდა და ეძღვნებოდა ჰერმეს-ფსიქოპომპოსს („სულთა გამცილებელს“). ღვთაება ჰერმესის ფუნქციათა შორის გარდაცვლილთა სულების მიწისქვეშა სამყაროში გაცილება ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციად მიიჩნეოდა. ამიტომაც უხმობდნენ მას ამ დღესასწაულზე და მიცვალებულებისათვის ლობიოთი სავსე ქოთნებს უდგამდნენ. ბერძნებს სწამდათ, რომ ამ დღეს საფლავებიდან ამოდიოდნენ აჩრდილები და თავის ოჯახებს უბრუნდებოდნენ მანამ, სანამ დღის ბოლოს არ განდევნიდნენ ამ სიტყვებით: „წადით, სულებო, დამთავრდა ანთესტერიები!“

ზეიმის მეოთხე დღე უწმინდურ დღედ ითვლებოდა (ანთესტერიონის 13). ოლიმპიელ ღმერთთა ტაძრები იხურებოდა, სახლების კარიბჭეებს ფისს უსვამდნენ, ადამიანები კი ღეჭდნენ კვრინჩხის ფოთლებს საფრთხეთაგან თავდასაცავად. რამდენადაც დიონისეს კულტი ორმაგ ბუნებას ატარებდა – იგი იყო მცენარეული ღვთაებაცა და მომაკვდავი და გაცოცხლებადი ბუნების განსახიერებაც – ანთესტერიებიც ერთდროულად მხიარული ზეიმიც იყო ღვინისა და მწუხარეც, გარდაცვლილთა მოხსენიების.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები