დავითის ჯორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 8 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითის წყარო. გელათი

დავითის ჯორი - როდესაც დავით აღმაშენებელმა გელათის აგება გადაწყვიტა, ჯერ კალატოზებისა და მუშებისათვის სადგომი ბინები მოაწყო; ელისქედზე პატარა ეკლესიაც ააშენა მათთვის, სულ პირველად კი სასმელი წყლის ძებნასა და გამოყვანას შეუდგა. წყაროს სათავეც მალე აღმოუჩინეს - გალავანს გადაღმა, სოხასტრის ძირში. დაიწყეს მისი ამოთხრა და მიწის ქვეშ ქვიტკირის კედლებისა და თაღების ამოყვანა, რომ დაგროვილი წყალი მილებით მონასტრის ეზოში გაეყვანათ. მეფე თურმე ძალიან გახარებული იყო, კარგი წყალი აღმოჩნდა და ისიც ახლოს. მაგრამ ერთი ფათერაკი დაჰყვა ამ საქმეს: რამდენსაც ამოაშენებდნენ მაღაროს კედელს, ღამით ვიღაც ანგრევდა და წყალიც წაბილწული გამოდიოდა. მეფე ამ ამბავმა ძალიან შეაწუხა, იფიქრა და ღვთის ჩაგონებით მიხვდა, რომ ეს ეშმაკის მანქანება იყო. დაუდარაჯდა მეფე მავნეს და ნახა, რომ პირველ მამლის ყივილზე რაღაც შელაჯუნდა მაღაროში, მიანგრ-მოანგრია იმ დღის ნაშენი, წაბილწა წყალი და ის იყო, უნდა წასულიყო, რომ დავითმა სტაცა კუდში ხელი და დაითრია: ახლა ვერსად წამიხვალ, შე წყეულო! მეფეს ხელში ჯვარი ეჭირა. ამის დანახვა წყეული შეშინდა, სულ აკანკალდა. შეეხვერწა მეფეს, ოღონდ მაპატიე, ჯვარის ხელში ნუ ჩამაგდებ და გემსახურებიო. მართლაც, ეშმაკი ჯორად გადაიქცა და ძალიან საქებარი ჯორიც იყო. მეფე შეჯდებოდა და ერთ დღეს თავის სამეფოს მთლიანად შემოივლიდა: დილას რომ აფხაზეთში იყო, შუადღისას მცხეთაში გაჩნდებოდა, საღამოს ისევ გელათს მოვიდოდა. ჯორის ნაკვალევი ახლაც აჩნია ელისქედზე, ქვის ჯვართან.

ერთხელ მეფე შორი მგზავრობიდან დაბრუნდა, ჯორი მოსამსახურეს გადასცა: დაასვენე და წყალი დაალევინე, ოღონდ ლაგამი არ აჰყაროო. (მეფეს ჯორი სულ ლაგამამოდებული ჰყავდა). მოსამსახურემ ჯორი წყალზე რომ მიიყვანა, ჯორმა უთხრა: შე უსამართლო, ასე ალაგმულმა წყალი როგორ დავლიო, ლაგამი ამხადეო. ბიჭს ბრძანება დაავიწყდა, შეეცოდა ჯორი და ლაგამი ახადა. ჯორი იმწამსვე ისევ ეშმაკად გადაიქცა და წყაროში ჩაძვრა. წყალი ისევ წაიბილწა. დავითს ძალიან ეწყინა ეს ამბავი, მაგრამ წამალიც მალე მოუძებნა: წყაროს თავზე ჯვარი დაასვენა, ეშმაკი შიგნით ჩაიკეტა და ძალა დაკარგა, წყალიც განიწმინდა. მერე იმ წყაროს თავზე პატარა საყდარი ააშენეს და ის ჯვარიც იქ დაასვენეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები