ჯვრის პური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯვრის პური - საქორწილო რიტუალური პური ქართლში.

იგი შეიძლება იყოს:

1. ჯვრის ფორმის, სადა ან მძივებით მორთული;
2. მრგვალი, რომელზეც ხელის ნაჭდევით გამოყვანილია ჯვარი;
3. ხის ჯვარ ჩასობილი, რომელსაც წვერზე ვაშლი აქვს ჩამოცმული და
4. ასტრალური ორნამენტებით დაჭრელებული. მას საქორწილო რიტუალურ პურებს (ნეფის კვერი) შორის ცენტრალური ადგილი უკავია.


ჯვრის პურს ამზადებდნენ რძისა და შაქრისგან, ზემოდან უსვამდნენ კვერცხს. ის ჩვეულებრივ ქართულ პურზე დიდია და ჯვართან ერთად, ზოგჯერ მორთულია იმავე ცომისგან დამზადებული სხვადსახვა ფორმის ჩიტებით, ასევე ხილითა და ტკბილეულით.

როდესაც ოჯახი საქორწილო ლხინისთვის მზადებას შეუდგებოდა, პურის ცხობას 2-3 დღით ადრე იწყებდნენ. გადმოცემით, „კარგ“ ქორწილში უნდა გამოეცხოთ 12 ფუთი ლიკან-ლავაში, ან შოთი, ერთი ფუთი „უხა“ და „ჯვრის პური“. ქორწილის დაწყების წინ ჯვრის პური, მცხობელ ქალებს მეჯვარისთვის მიჰქონდათ. მას მეჯვარე „დიდი ვაჭრობის“ შემდეგ ყიდულობდა.

საინტერესოა ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული ჯვრის პურის კიდევ ერთი ფორმა, რომელზეც ცხენზე მჯდომი ბიჭია გამოსახული მათრახით ხელში. ხალხი მას ვაჟიანობის მომასწავებლად თვლიდა.

ვ. ბარდაველიძის აზრით, ჯვრის პური მზისა და ხარის კულტის შერწყმის შედეგად არის მიღებული. ჯვრის გამოსახვა საქორწილო რიტუალურ კვერზე ხარის კულტიდან მომდინარეობს, ხოლო მრგვალი კვერი მზის ამსახველ ემბლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჯვრის პური სიცოცხლის ხის გამომსახველიცაა, როდესაც ის სანთლებით გაჩირაღდნებული და ვაშლებით მორთული ხის ჯვარითაა წარმოდგენილი. ასე მორთული რიტუალური კვერი ძალიან ახლოს დგას ჩიჩილაკთან და ის ხის კულტს უკავშირდება.



ლიტერატურა

ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978. გ. ა.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები