ჭავჭავაძე თამარ
ჭავჭავაძე თამარ ირაკლის ასული (დ. - 16.X.1896, ყვარელი - გ. - 20.IV.1968, თბილისი) - მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1917-1919 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად - პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-1921 წლებში სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი - ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-1928 და 1942-1964 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში (1928-1942). 1964-1968 წლებში მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.
თამარ ჭავჭავაძის როლები გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. შეასრულა: სალომეა (უაილდის „სალომეა“), ლამარა (გ. რობაქიძის „ლამარა“), ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- მერაბ გეგია
ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი