აქაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:52, 25 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქაბი - (ძვ.წ. 869-850) – ისრაელის მეფე, ომრის ძე. აქაბი მთლიანად მოქცეული იყო თავისი ცოლის, სიდონის მეფის ასულის, ეთო-ბაალის ქალიშვილის, დედოფალ იზაბელის გავლენის ქვეშ. იზაბელი ფინიკიური ღმერთის, ბაალის თაყვანისმცემელი იყო და მისი კულტი მთელ ისრაელში გაავრცელა. მარტო დედაქალაქში 450 ბაალის და 400 აშთაროთის ქურუმი მსახურობდა. ბიბლიის მიხედვით ქურუმების დახმარებით დედოფალი ისრაელში უფლის წინასწარმეტყველებს ებრძოდა და ცდილობდა მათ თავიდან მოშორებას.

თვითონ მეფე აქაბი კერპთაყვანისმცემელი იყო და ყოველმხრივ მხარს უჭერდა თავის ცოლს. აქაბი არამარტო ფინიკიურ კერპებს სცემდა თაყვანს, არამედ იერობოამის დროიდან დანში და ბეთილში დადგმულ ოქროს ხბოებსაც.

აქაბის მმართველობისას ისრაელიანებმა აღადგინეს ქალაქი იერიხონი, რომელიც იესო ნავეს ძის ლაშქრობის შემდეგ უკაცრიელი იყო. აქაბმა ააშენებინა ქალაქი ისრეელი, რომელიც მეფის საყვარელ რეზიდენციად იქცა.

არამელთა მეფე ბენადიდი (ბენ-ჰადადი) დიდ ომს ამზადებდა ისრაელის წინააღმდეგ და ამ წამოწყებამ სწორედ აქაბის მეფობისას შეისხა ხორცი. არამელებმა გადაწყვიტეს ისრაელის მთელი სიმდიდრე და საუკეთესო ტერიტორიები მიეტაცებინათ. ბენადიდმა შეურაცყოფელი წერილები მისწერა აქაბს და პროვოცირება დაუწყო. თავდაპირველად აქაბი შეეცადა მშვიდობა შეენარჩუნებინა, მაგრამ მალე ბენადადმა აიძულა ომი დაეწყო.

აქაბმა მოახერხა ღამით თავს დასხმოდა ბენადიდის არმიის ბანაკს. ამან არამელებს შორის დიდი არეულობა გამოიწვია და ისინი გაიქცნენ. ამ დამარცხებიდან ერთი წლის შემდეგ ბენადიდი დიდი არმიით დაბრუნდა ისრაელში, თუმცა აქაბმა აფეიკთან ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხა არამელები და განდევნა თავისი ქვეყნიდან. უამრავი არამელი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრი გაიქცა და დაიფანტა. აქაბი შეურიგდა ბენადიდს და მასთან კავშირი შეკრა, რომლის მიხედვითაც არამელები ისრაელს უბრუნებდნენ ომრის დროს წართმეულ მიწებს. მშვიდობამ სამი წელიწადი გასტანა და დაირღვა მაშინ, როდესაც არამელებმა უარი თქვეს დაებრუნებინათ ისრაელისთვის რამოთ-გილადი. ისრაელი იუდეას შეუკავშირდა და ომი განახლდა. იუდეის მეფე იოსაფატი და ისრაელის მეფე აქაბი გაერთიანებული არმიით უტევდნენ არამელებს, რომელთაც დიდი ბრძოლა გაუმართეს ებრაელებს. აქაბი დაიჭრა და იძულებული გახდა ბრძოლიდან გასულიყო. მეორე დღეს აქაბი გარდაიცვალა. ის სამარიაში დაკრძალეს. ისრაელის ტახტზე აქაბის ვაჟი, ახაზია (ოხოზია) ავიდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები