არღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არღანი

არღანი - მექანიკური საკრავი, ხელით სატარებელი ორგანის სახეობა. ყუთი, რომელშიც განთავსებულია ჟღერადი მილაკები ერთ ან რამდენიმე რიგად. აქვს საბერველი და ხის ან ლითონის ნემსებიანი ლილვაკი, რომელიც მოძრაობაში მოდის ყუთის გარეთ მდებარე სახელურის ტრიალით. ამ დროს ნემსები ეხება სპეციალურ მექანიზმს, უშვებს ჰაერს ზედა მილებთან, ამავდროულად ამოქმედდება საბერველი და მექანიკურად ხდება აჟღერება.

ერთ ცალკე ლილვაკზე თავდაპირველად ერთი ნაწარმოები (პიესა, სიმღერა, საცეკვაო და მისთ.) იყო ჩაწერილი. ამიტომ ყოველ არღანს რამდენიმე ლილვაკი ჰქონდა. მოგვიანებით, ტექნიკური სრულყოფის (ნემსების სპირალურად განლაგება) შედეგად მოხერხდა ერთ ლილვაკზე რამდენიმე მცირე ზომის ნაწარმოების განთავსებაც.

ეს მექანიკური საკრავი - ხელით სატარებელი ორგანი გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის ბოლოს და გერმანიაშიც გავრცელდა. მალე მოხეტიალე მუსიკოსების ინსტრუმენტად იქცა. XIX ს-ის ბოლოს ნემსიანი ლილვაკები შეიცვალა ლითონის დეტალებით. ამ სრულყოფის შედეგად შესაძლებელი გახდა პოპულარული სიმღერების, ცეკვების, ოპერებიდან ნაწყვეტების ჩაწერაც კი. რუსეთში ეს მექანიკური საკრავი შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა „Шарманка“-ს სახელწოდებით. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერის დასაწყისის სიტყვებიდან („მშვენიერი კატერინა“), რომელიც პირველად გაისმა ამ საკრავიდან. არღანი მალე გახდა პოპულარული და მასზე შესრულებული ნაწარმოებები (რუსული და ევროპული სიმღერები, ოპერებიდან ნაწყვეტები) ქალაქური ფოლკლორის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. დაიწყეს მასზე ახალი, ქალაქური სიმღერების (აღმოსავლურ მოტივებზე) ჩაწერა და აჟღერება. შეიქმნა ე.წ. თბილისური რეპერტუარი. არღნები შემოდიოდა ძირითადად რუსეთიდან, განსაკუთრებით ცნობილი იყო ოდესის არღნები. მასზე კეთდებოდა წარწერები („შენც დაუკარ“, „შენც დაუკარ გოგოჯან“ და მსგავსი). თბილისშიც გაჩნდნენ არღნის ოსტატები. არღნის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ იყო ერთგვაროვანი. მისი ერთი ნაწილი საკმაოდ ნეგატიურად აფასებდა და მასში ქართველების მუსიკალური გემოვნების შერყვნის საფრთხეს ხედავდა. ეს განწყობილება აისახა XIX ს-ის II ნახევრის ქართულ პრესაში.

მ.შ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები