ბიბლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუტენბერგის ბიბლია

ბიბლია - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს („ბიბლონ“-წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული. ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.

სარჩევი

ეტიმოლოგია

ეტიმოლოგიურად „ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის „პაპირუსის“ (ქართულად „ჭილის“) ბერძნულ შესატყვისს - ,,ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ („ბიბლოს“) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.

ბიბლიას, „საღვთო წერილისა“ და „წმიდა წერილის“ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ „წიგნთა-წიგნი“, „თვით-წიგნი“, მარტივად „წიგნი“, „წერილი“. როდესაც იტყვიან: „წიგნი გვაუწყებს“, „წერილი გვაუწყებს“, „წიგნის“ ქვეშ ბიბლია იგულისხმება.

შემადგენლობა, შინაარსი, ავტორები

წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან („აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს“ ნიშნავს). კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. „კანონი“ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება.

ბიბლია ორ ნაწილად იყოფა - ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. პირველს მიეკუთვნება წიგნები, რომლებიც დაწერილია ქრისტეს შობამდე და რომელთა ღვთიურობა აღიარებულია როგორც ებრაელების, ისე ქრისტიანების მიერ. მეორე აერთიანებს წიგნებს, რომლებიც მოციქულებისა და მახარებლების კალმითაა განსრულებული.

ღვთივშთაგონებული წიგნების რაოდენობა სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვაგვარია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბიბლიური წიგნის ავტორიტეტს ანუ სიწმიდეს ყველა ერთნაირი თვალით არ უყურებს.

ბიბლიის კანონიკური წიგნების რიცხვი, ძველი ტრადიციის თანახმად, უდრის 49-ს. აქედან 22 განეკუთვნება ძველ აღთქმას, 27 - ახალს.

რა არის „აღთქმა?“

ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. „ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის. ისტორიის კონკრეტულ ჟამს ღმერთი განკაცდა ქრისტე იესოში, რომელმაც აღთქმა განაახლა და მისი შინაარსი სრულყო. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ორივე აღთქმა არსებით ერთი და იგივეა. აქ საქმე ერთი მთელის სხვადასხვა საფეხურებთან გვაქვს. ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღთქმის შინაარსის ეტაპობრივად გაცხადება და დაზუსტება, ამ შინაარსის გაღრმავება.

უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.

წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.

ძველი აღთმა

ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან „დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).

თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად.

პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.

ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები

ბიბლიის ენა

რაც შეეხება ბიბლიის ენას, ძველი აღთქმა თითქმის მთლიანად ებრაულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისს წარმოადგენდა არამეულად ნაწერი შემდეგი მონაკვეთები: იერ. 10:11; დან. 2:4ბ-7:28; გამ. 4:8-6:18; 7:12-26 და ბერძნულად დაწერილი სიბრძნე სოლომონისი და მეორე მაკაბელთა. ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულ ენაზე დაიწერა, გარდა, როგორც ტრადიცია მოწმობს, მათეს სახარებისა, რომლის არამეულად დაწერილი ტექსტიც მთლიანად დაიკარგა. ახალი აღთქმის ბერძნული ავტოგრაფები დაკარგულია და მათ ჩაენაცვლა აპოგრაფები ანუ გადაწერილი პირები, რომელთა შედარებისა და ძველი თარგმანების სათანადოდ გამოყენების მეშვეობით სწავლულებს ძალუძთ, აღადგინონ ტექსტის თავდაპირველი სახე.

ძველი აღთქმა

ძველი აღთქმის ტექსტებმა, დღევანდელ საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჯერ ზეპირი და შემდეგ წერილობით გადმოცემის ხანგრძლივი პროცესი განვლეს. წმიდა მამათა განმარტებით ძველი აღთქმა მოიცავს ძალიან დიდ მონაკვეთს: ქვეყნიერების შექმნიდან ქრისტეს შობამდე,

ახალი აღთქმა

ხოლო ახალი აღთქმა - ქრისტეს შობიდან ამაღლებითა და სულთმოფენობის ჩათვლით, მასში შედის ისტორიული ნაწილი „საქმე მოციქულთა“, მოციქულთა ქადაგებანი და საწინასწამეტყველო წიგნი „აპოკალიფსი“.

წმიდა მამათა აზრით, ძველ აღთქმას უწოდებენ წინასწარმეტყველებას ახალი აღთქმისას, ხოლო ახ. აღთქმას - ძველი აღთქმის აღსრულებას.

ბიბლიის ქართული თარგმანები

ქართულად პირველად ბიბლიის ის წიგნები გადმოთარგმნეს, რომლებიც საღმრთო ლიტურგიისათვის სჭირდებოდათ, კერძოდ - სახარება, სამოციქულო და ფსალმუნები. ქართველი მემატიანის მიხედვით სახარება V საუკუნეში გადმოთარგმნეს წმ. ვახტანგ გორგასლის დედის - დედოფალ საგდუხტის (408-410 წ.წ.) თხოვნით. წმ. გადმოცემით, ფარსმან მეფემ (542-555 წ.წ.) წმიდა შიოს სწორედ ეს სახარება მისცა. წმ. გიორგი მთაწმინდელის აზრით საქართველოში მისი დროისათვის ბიბლიის სამი თარგმანი იყო ხმარებაში:

  • I - ძველი,
  • II - საბაწმიდური,
  • III - თვით წმ. გიორგისა.

წმ. გიორგი ქებით იხსენიებს წმ. ექვთიმეს თარგმანსაც. წმ. გიორგიმ შეასწორა უგნურთაგან შებღალული სახარება. ე.ი. ქართულად „დაბადების“ სრული თარგმანი საქართველოში XI საუკუნემდე უკვე იყო. „დაბადება“ ნაწილ-ნაწილ ითარგმნებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირთაგან და სხვადასხვა ადგილას - თვით საქართველოში, პალესტინაში, სირიაში, კონსტანტინოპოლში და ათონზე.

დროთა განმავლობაში ხელნაწერი ქართული ბიბლია ისევ დამახინჯდა ზოგჯერ უნებურად გადამწერთაგან, ზოგჯერ შეგნებულად, ამიტომ არჩილ მეფემ რუსეთში გადასახლების შემდეგ იგი შეავსო სლავიანური თარგმანებიდან, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაიპარა გადამწერთაგან, რომელთა კვლავ შესწორება გადაწყვიტა მეფე ბაქარ ვახტანგის ძემ. მისი და სასულიერო კრების დადგენილებით, ეს მძიმე ტვირთი თავის მხრებზე აიღო ვახუშტი ბატონიშვილმა, რომელმაც არა მარტო შეასწორა და შეავსო „დაბადების“ გამოტოვებული ადგილები, არამედ შეადარა კიდეც ბერძნულ, ებრაულ, ლათინურ, ასურულ და სომხურ დაბადებებს, დაყო თავებად და მუხლებად.

წიგნების ბეჭდვის შემოღების შემდეგ პირველად ქართულად დაიბეჭდა „დავითნი“ 1705 წ. მოსკოვში. თბილისში სახარება პირველად დაიბეჭდა 1709 წ, ხოლო მთლიანად „დაბადება“, ჯერ მოსკოვში 1743 წ. („ბაქარისეული“), შემდეგ თბილისში - 1884 წ.

ეს უფრო მეტად იყო არეულ-დარეული, ვიდრე ბაქარის დაბადება. იგი ერთხელ კიდევ შეასწორა 1896 წ. დანიშნულმა ბიბლიის შემსწორებელმა ახალმა კომიტეტმა, მაგრამ დაიბეჭდა მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული.

ყველაზე სრული და შემოწმებული ბიბლია დაიბეჭდა ახალი ქართული თარგმანით ჩვენი პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით 1989 წ.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები