გალვანი ლუიჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:04, 21 დეკემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუიჯი გალვანი

ლუიჯი გალვანი – (იტალ. Luigi Galvani, 1737-1798 წ.), იტალიელი ექიმი, ანატომი, ფიზიოლოგი და ფიზიკოსი.

დაიბადა ბოლონიაში. აქ სწავლობდა, მუშაობდა ექიმად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ბოლონიის უნივერსიტეტში. გალვანს აინტერესებდა ელექტრობა და მისი მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე.

ეს თემა დიდ ინტერესს აღძრავდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ამით გატაცებული იყო ბევრი მეცნიერი. არაფერია გასაკვირი, ელექტრობა როგორც მეცნიერება პირველად ექიმებმა განავითარეს. მედიკოსი იყო გილბერტიც, რომელმაც შემოიტანა მეცნიერებაში „ელექტრობის“ ცნება. მედიკოსი იყო გერმანელი კრაცენშტაინი, რომელიც 1745 წ. მკურნალობდა დამბლიან ხალხს ელექტრული „დარტყმებით.“ მარატმა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროის გამოჩენილმა, „ხალხის მეგობარმა“, პროფესიით ექიმმა და ფიზიკოსმა (მანამდე პოლიტიკური მოღვაწეობა იტაცებდა), სცადა და წარმატებითაც გამოიყენა ელექტრობა მკურნალობის მიზნით.

ცნობილი იყო ისეთი მოვლენები, როგორიცაა კუნთის შეკუმშვა ელექტრობის მოქმედებით. სწორედ ამ პრობლემაზე დაიწყო მუშაობა გალვანიმ. იგი ცდილობდა ბაყაყის კიდურების შეკუმშვის გამოწვევას ატმოსფერული ელექტრობის დახმარებით. 1786 წლის ნოემბერში გააკეთა აღმოჩენა, რამაც მისი სახელი უკვდავყო.

ტრაქტატში „ელექტრული ძალების შესახებ კუნთურ მოძრაობაში“, რომელიც ლათინურ ენაზე 1791 წელს გამოქვეყნდა, გალვანი წერდა: „ვუცდიდი რა ამაოდ კუნთების შეკუმშვას მოწმენდილ კარგ ამინდში, გატანჯული, ფუჭი ცდით, მე დავიწყე ბაყაყის ზურგის ტვინში შერჭობილი სპილენძის ნემსკავით რკინის ღეროს შეხება…“

აღმოჩნდა, რომ ბაყაყის კიდურები კრთის კარგი ამინდის მიუხედავად (პირველად გალვანი ამ მოვლენას უკავშირებდა ატმოსფეროს ელექტრული მდგომარეობის ცვლილებას). ამით გაკვირვებულმა გალვანიმ პრეპარირებული ბაყაყი დახურულ სადგომში მოათავსა და ჩაატარა იგივე ცდა. „თუ ჩამოვკიდებთ ბაყაყს ისე, – წერდა იგი, – რომ ზურგის ტვინში გატარებული ნემსკავით ეხებოდეს ვერცხლის ფირფიტას, შემდეგ მოვკიდებთ ბაყაყს ერთ კიდურზე ხელს ისე, რომ მეორე კიდურს შეეძლოს თავისუფლად შეეხოს ფირფიტას, მაშინ თუ მეორე კიდური ეხება ვერცხლის ფირფიტას, კუნთები მაშინვე იწყებენ შეკუმშვას. კიდური იკუმშება და ზევით იწევა, ჩამოიწევა, შეეხება რა ფირფიტას, ისევ იწევა ზევით. ამრიგად დამკვირვებელი საკმაოდ გაოცებული და კმაყოფილი იყო იმით, რომ კიდური რიგრიგობით აიწეოდა და დაიწეოდა, ერთი სიტყვით, ისე იქცეოდა თითქოს ეჯიბრებოდა რაღაც გარკვეულ ელექტრულ ქანქარას.“

გალვანი დარწმუნებული იყო, რომ ელექტრობის წყაროს წარმოადგენდა ბაყაყის ნერვი და რომ აღმოაჩინა „ცხოველური“ ელექტრობა. ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმე აქვს ცხოველის ორგანიზმში ლეიდენის ქილაში ელექტრული განმუხტვის მსგავს მოვლენასთან.

გალვანის აღმოჩენამ სენსაცია გამოიწვია. ბევრი მკვლევარი იმეორებდა გალვანის ცდას, იღებდნენ რა იგივე შედეგს, ადასტურებდნენ ბოლონიელი პროფესორის თეორიას.

გალვანის აღმოჩენის სწორი ახსნა მოგვცა მისმა თანამემამულემ ვოლტამ.

ალესანდრო ვოლტამ დაამტკიცა, რომ ელექტრული დენი, რომელიც აღაგზნებს ბაყაყის კუნთს, წარმოიშობა ორ სხვადასხვაგვარ მეტალს შორის პოტენციალთა სხვაობის არსებობის გამო, რომლებიც მოთავსებულია ელექტროლიტში, მოცემულ შემთხვევაში ბაყაყის ორგანიზმში.

ორივე მეცნიერი ატარებდა სულ ახალ–ახალ ცდებს, რათა დაემტკიცებინათ თავისი შეხედულებების სისწორე, თითოეულ მათგანს ჰყავდა თავისი მომხრე. კამათმა მოიცვა თითქმის მთელი ევროპა და გალვანის სიკვდილის შემდეგაც კი არ ჩაჩუმებულა.

მთელი საქმე გაართულა ორივე მეცნიერის თანამემამულემ ჯოვანი გაბრონიმ, რომლის თანახმადაც, ელექტრობის წყაროს წარმოადგენდა ქიმიური გარდაქმნები.

გალვანის მომხრეთა რიცხვი თანდათან მცირდებოდა და ბოლოს თეორია „ცხოველური ელექტრობის“ შესახებ სულ მიჩუმდა.

არა, თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ ცხოვრებისეულ პროცესებს თან სდევს ელექტრული მოვლენები, ხოლო მათ წყაროს წარმოადგენს უჯრედები. ამრიგად, გალვანი სწორ გზას ადგა, მისი წინასწარმეტყველება სწორი აღმოჩნდა.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები