მათხოჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:07, 4 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათხოჯი – სოფელი საქართველოში, ქვემო იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეფილიე, სუხჩა, ხიდი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ხონი-მარტვილის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ხონიდან 7 კმ-ში.

ქვემო იმერეთის სოფლებს შორის მათხოჯი უდავოდ გამოირჩევა თავისი მოხდენილი გეოგრაფიული მდებარეობითაც, სილამაზითაც და მდიდარი ისტორიული წარსულითაც, მაგრამ რატომ შეურქმევია ხალხს მისთვის ასეთი საჩოთირო სახელი (მათხოჯი მეგრული მიმღეობური სიტყვაა და „მათხოვარს“ ნიშნავს; ქართული ენის დიალექტებშიც მათხოჯ- სიტყვას ამჟამად „ცუდის“, „შეუხედავის“, „მახინჯის“ შინაარსი აქვს შეძენილი), გაუგებარია; რატომ დაერქვა ასეთი სახელი ამ ლამაზ და მიმზიდველ სოფელს, ძნელი ასახსნელიაო, – წერს ცნობილი მკვლევარი ზ. ჭუმბურიძეც.

XVI-XVII საუკუნეების დროინდელ საისტორიო წყაროებში დღევანდელი მათხოჯი მანთხოჯი-ს სახით არის წარმოდგენილი, თუმცა მის თავდაპირველ ფორმად შეიძლება მათხონჯი ვივარაუდოთ, რადგან ნ- არის განვითარება სიტყვაში -ს წინა პოზიციაში უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ყრუ -ანის წინ. მაშასადამე უნდა გვქონოდა მათხონჯი. აქედან კი - არის გადასმით მანთხოჯი მიგვიღია. მათხოჯი!|მანთხოჯი მეგრული ენის კუთვნილებაა. როგორც ზემოთ ითქვა, მათხოჯი (მათხუჯი||მათხუნჯი) მიმღეობური ფორმაა. მასში უნდა გამოიყოს საწარმოქმნო ფორმანტები – თავკიდური მა- (მ-) და -ოჯ||-ონჯ- სუფიქსი. ძირისეულ მასალად გვრჩება თხ, რაც თხოვნას აღნიშნავს. მაშასადამე, მა-თხ-ოჯ-ი უნდა გავიგოთ როგორც „მთხოვნელი“ (იქნებ: „გამოთხოვილი“, „ნაწყალობევი“, „ნაჩუქარი მიწები“?).

ერთ-ერთი ხალხური თქმულება-გადმოცემის მიხედვით ადგილობრივ მოსახლეობას მშობლიური სოფლისათვის ასეთი ცუდი (სალანძღავი) სახელი თურმე განგებ შეურქმევია, სეტყვისა და დარ-უამინდობის განმგებელ წმინდა ელიას „მათხოჯი“ არ მოეწონება და სეტყვას თავიდან ავიცილებთო. ხალხის რწმენით, ელია ისეთ სოფლებს მოუვლენს ხოლმე სეტყვას, რომელსაც სახელიც ლამაზი აქვს შერჩეული და მოსავლიანობითაც გამოირჩევა (თინა ჭელიძე, ქ. ხონი, 1986 წ.)

აღნიშნული გადმოცემა იმით მიიპყრობს პირველ რიგში ჩვენს ყურადღებას, რომ დაბა-სოფლებისათვის ცუდი შინაარსის სახელების შერქმევა, მათი სტიქიური უბედურებისაგან თავდაცვის მიზნით, სპეციალისტებისათვის ცნობილი არ ყოფილა. ასეთი რამ მხოლოდ ანთროპონიმიის სფეროში შეინიშნებოდა: ძველი ბერძნები, სლავები, კავკასიის, აგრეთვე ციმბირისა, შუა აზიისა და მორეული აღმოსავლეთის ხალხები თაგიანთ ახალშობილებს არქმევდნენ „ცუდ“ სახელებს, ბოროტი სულები რომ დამფრთხალიყვნენ და ჩვილი ბავშვები უვნებლად გადარჩენილიყვნენ. ასეთი სახელებია: გლახა, ნასყიდა, გლახუნა, ძაღლიკა… ბერძნული ასკალონ („განუვითარებელი“), ვლასი („უხეში", „გონებაჩლუნგი“, „მოუხერხებელი“), ბარბარე („უცხო“, „ტლანქი“)… არაბული იამუტ („მკვდრადშობილი“, „მკვდარი“), თურქული ითალმაზ („ძაღლიც არ შეჭამს, პირს არ ახლებს“), სათილმიშ („გაკიდული“, „გასხვისებული“) სკვითური ზევახ („უქნარა“, „ზარმაცი“) და სხვ.

ადგილობრივგ მცხოვრებთა შორის სახელწოდება მათხოჯის წარმოშობის შესახებ ცნობილია კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო, გადმოცემა, რომლის მიხედვითაც მათხოჯი თურმე მეგრული სიტყვებისაგან ქოვძირით მათეშ ხოჯი („ვიპოვეთ, მოვნახეთ მათეს ხარი!“) ყოფილა წარმომდგარი. სამეგრელოში მცხოვრებ ვინმე მათეს ერთხელ ცალი ხარი დაუკარგავს. დაუწყიათ მის მეზობლებს ძებნა და დაკარგული ხარი დღევანდელ მათხოჯის ტერიტორიაზე, ცხენისწყლის გამოღმა უპოვნიათ. გახარებულ მაძებრებს წამოუძახიათ: „ქოვძირით მათეშ ხოჯი“! (თინა ჭელიძე, ქ. ხონი). მაშასადამე, მათხოჯი „მათეშ ხოჯი“-საგან მიგვიღია. მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ქართული (ქართველური) ტოპონიმისათვის უცნობია გეოგრაფიულ სახელწოდებათა ამგვარი გზით წარმოქმნა; აღტაცების, მწუხარების, გაოცების წამოძახილებით ტოპონიმები ჩვენში არასოდეს არ იქმნებოდნენ. ამ შემთხვევაშიც „ქოვძირით მათეშ ხოჯი“ (მოვიძიეთ, მოვნახეთ მათეს ხარი) მათხოჯის წარმომავლობის გასარკვევად, რა თქმა უნდა, არ გამოგვადგება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები