ლომთათიძე ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:36, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ქეთევან ლომთათიძე – (დ. 9 თებერვალი 1911, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რ-ნი, – 22 სექტემბერი 2007, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ ენათა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

1931 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში (ელხი), ენის, მატერიალურ კულტურული და ისტორიის ინსტიტუტში (ენიმკი); ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1953–63 და 1975–87 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987-იდან – ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი). დ. გულიასა და ს. ჯანაშიას შემდეგ თსუ-ში, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში კითხულობდა აფხაზურ და აბაზური ენების კურსს.

ლომთათიძე იკვლევს ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურასა და ისტორიას, ამ ენათა ურთიერთმიმართების კერძო და ზოგადმეცნიერულ პრობლემებს. მტკიცე სამეცნიერო საფუძველი შექმნა აფხაზურ-აბაზურ ენათა და დიალექტთა ფონოლოგიური სისტემის, ფონეტიკურ პროცესთა, მორფოლოგიურ, კატეგორიათა, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიურ პრობლემათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზისათვის, გამოავლინა რამდენიმე მნიშენელოვანი კანონზომიერება, რომელთაც სამეცნიერო ლიტერატურაში „ლომთათიძის კანონთა“ სახელწოდებით აღნიშნავენ. აღზარდა აფხაზ, აბაზა და ჩერქეზ ენათმეცნიერთა რამდენიმე თაობა.

ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევების შედეგად გამოაქვეყნა რამდენიმე მონოგრაფია და 200-მდე წერილი, რომლებშიც განხილულია ქართველურ ენათა ისტორიული ურთიერთმიმართების, დიალექტთა და ენათა დიფერენცირების, ისტორიული და სინქრონიული ფონოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, სალიტერატურო ენის ფუნქციონირების, ეტიმოლოგიისა და ბგერათშესატყვისობათა აქტუალური პრობლემები. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთაგან აღსანიშნავია გამოკვლევები ქართულ დიალექტებში II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა რეფლექსების, ლაბიალურ კომპლექსთაგან ახალი ფონემების წარმოქმნის, თანხმოვანთკომპლექსებისაგან მეორეული სისინ-შიშინა ბგერების მიღების, „თბება“ ტიპის ზმნათა თავისებურებების, ქართული ზმნის ინფინიტიური წარმოების შესახებ და სხვ. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოქვეყნდა აკადემიური სამტომეული და ერთტომეული რუსულ-ქართული (1956-59, 1983) და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები, მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში, იყო ამ ლექსიკონის VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი. ამ ლექსიკონის მომზადებისათვის ლომთათიძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულისა“ და „ეტიმოლოგიური ძიებანი“-ს რამდენიმე ტომი.

ქეთევან ლომთათიძეს მიღებული აქეს სახელმწიფო ჯილდოები.

თ. გვანცელაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები