კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:28, 18 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე)

კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი - (ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე) (დ. - 12.IV.1866 სოფ. გადიდი, ქუთაისის გუბ. - გ. - 3.II.1952, თბილისი) - სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ: მამა - მღვდელი მიხეილი და დედა - ეკატერინე გოგორიშვილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1875 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. 1882 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომლის დასრულების შემდეგ (1889) სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში. 1893 წელს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, შემდეგ მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთში. 1909 წლიდან დეკანოზია.

1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. თავის წერილებში და ქადაგებებში აკრიტიკებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიურ პოლიტიკასაც.

1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა. 1925 წლიდან კალისტრატე მიტროპოლიტია, 1925 წლის 31 ოქტომებრს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი კალისტრატე აიყვანეს ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში. 1925 წლის 11 ნოემბრიდან ნინოწმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიენიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წლის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში რიგით მღვდლად. კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 1927 წელს გახდა მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს, საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე, იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა მისი აღსაყდრება. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. 2016 წლის 22 დეკემბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კალისტრატე ცინცაძე წმინდანად შერაცხა.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ნ. ტაბიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, თბ., 2008;
  • ნ. როსტომაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, თბ., 2009;
  • ს. ვარდოსანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წ. წ. ), თბ., 2009;
  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • ნ. პაპუაშვილი (რედ.), კალისტრატე ცინცაძე 150 (საიუბილეო კრებული). თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კალისტრატე ცინცაძე (კათოლიკოს-პატრიარქი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები