ნაწილაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაწილაკი – მეტყველების ნაწილი, დამოუკიდებელ მნიშვნელობას მოკლებული სიტყვა, ბგერა ან ბგერათკომპლექსი, რომელიც ერთვის წინადადების წევრს ან მთელ წინადადებას და სხვადასხვა ელფერი (მოდალური და მისთ.) შეაქვს მის მნიშვნელობაში.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნაწილაკის(ისევე როგორც საერთოდ ფუნქციონალური სიტყვების) როლი გამონათქეამის შინაარსობრივ გამთლიანებაში.

ნაწილაკები ქართულში განსხვავებულ ჯგუფებს ქმნიან. მათი ადგილი არ არის მკაცრად განსაზღვრული; ზოგი ნაწილაკი წინ უძღვის სიტყვას (არ, ვერ, ნუ-), ზოგი – მოსდევს მას (-ვე, -ღა, -ოდე…); ნაწილაკი ცალკეც იწერება (დეფისით - მეთქი… უდეფისოდ – ხოლმე. თურმე…) და სიტყვასთან შერწყმულიც (ხუთიოდე, სადღა…). ნაწილაკთაგან ზოგი მხოლოდ ზმნასთან იხმარება (არ, ვერ…), ზოგი – სახელთან (-ოდე), ზოგიც – ყველა სიტყვასთან (-ო). ფუნქციის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები: კითხეითი, მიმართებითი, განუსაზღვრელობითი, უკუთქმითი, გაძლიერებითი, მიგებითი. სიტყვასიტყვითი და სხვ.

სარჩევი

კითხვითი ნაწილაკები

კითხვითი ნაწილაკები გამოხატავენ კითხვას სხვადასხვა სემანტიკური ნიუანსით: განა, ნუთუ, არ-კი, აკი, ხომ… ძველ ქართულში იყო სხვა კითხვითი ნაწილაკებიც – -ა („იაკობ მანდ არსა”), -მე („რათ-მე ვყო”). ამჟამად აღნიშნული ფუნქციით -ა გვხედება აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში (თუშური, ფშაური-),-მე კი განუსაზღვრელი ნაწილაკის ფუნქციით გამოიყენება.

მიმართებითი ნაწილაკები

მიმართებითი ნაწილაკები ერთვიან სრულმნიშვნელოვან კითხვით სიტყვებს და გადააქცევენ მათ მიმართებითად, ძველ ქართულში მიმართებითი ნაწილაკები იყო: ესე, ეგე, იგი (წარმოშობით ჩვენებითი ნაცვალსახელები) და -ცა (რომელი+იგი „რომელიც“, ვინ+ცა „ვინც“…). ამათგან თანამედროვე ქართულში მხოლოდ -ც (-ცა) გვხვდება: ვინც, ვისიც, სადაც, როგორც.

განუსაზღვრელობითი ნაწილაკები

განუსაზღვრელობითი ნაწილაკები ერთვის კითხვით სიტყვას – ნაცვალსახელს ან ზმნიზედას – და მას განუსაზღერელობის მნიშვნელობას ანიჭებს, ამ ფუნქციით ქართულში გამოიყენება -მე: ვინ+მე, რომელი+მე, სად+მე, როგორ+მე… ანალოგიური ფუნქციისაა –ღაც(ა), (ვიღაცსა, რაღაც(ა)…).

უკუთქმითი ნაწილაკები

უკუთქმითი ნაწილაკები ერთვიან ზმნას და გამოხატავენ ზმნით აღნიშნული მოქმედების უარყოფას. ასეთებია არ, ვერ, ნუ (ცალკე) და -ღა, -ც ნაწილაკების დართვით – აღარ, ვეღარ, ნუღარ, არც(ა), ვერც(ა), ნურ(ც). ამ ნაწილაკებით გამოხატული უარყოფის მნიშვნელობები სემანტიკურად განსხვავებულია.

გაძლიერებითი ნაწილაკების ფუნქციაა სახელებზე, ზმნიზედებზე (ზმნისართებზე) დართვისას ყურადღება გაამახვილოს ამ უკანასკნელთა მიერ გამოხატულ საგანზე, თვისებაზე, ადგილზე… როგორც მრავალთაგან ერთ-ერთზე. ამ შემთხვევაში გაძლიერებითი ნაწილაკი მნიშენელობით უახლოვდება „აგრეთვეს“. მაგ. „გიორგიც მოსულა“ ნიშნავს, რომ მის გარდა სხვა პირებიც მოსულან; „ამ დილითაც ქარია“ ნიშნავს, რომ ქარი იყო წუხელ ან გუშინ, ანდა გუშინწინ და ა. შ. „წიგნიც ვიყიდე“ ნიშნავს, რომ სხვა საგნებთან ერთად ვიყიდე აგრეთვე წიგნი.

თუ წინადადებაში ერთგვაროვანი წევრებია, მაშინ გაძლიერების მიზნით -ც შეიძლება დაერთოს თითოეულ მათგანს: „წიგნიც ვიყიდე და რვეულიც“, -ც ნაწილაკის გამეორება აუცილებელია უკუთქმით და აკრძალვით შერწყმულ წინადადებებში: „არც ჯიხვი მოკლა, არც არჩვი“, „ნურც ჯიხვს მოკლავ, ნურც არჩვს“. გაძლიერების ფუნქციით -ც სხვა შემთხვევებშიც გამოიყენება (შდრ. ც-ს მნიშვნელობა ასეთ კონტექსტებში: „წიგნიც ვიყიდე“ – ძალიან მინდოდა და იმიტომ; „ქალაქშიც გაემგზავრა“ – ძალიან უნდოდა ქალაქში გამგზავრება და მისთ).

მიგებითი ნაწილაკები გამოიყენება რაიმეს დადასტურების ან უარყოფის ფუნქციით. მიგებითი ნაწილაკები ორგვარია: დადასტურებითი (ჰო, კი, დიახ) და უკუთქმითი (არა, ვერა). ეს ნაწილაკები გვხვდება კითხვის პასუხად და ენაცვლებიან მთელ წინადადებას (გინდა ნაირ-ნაირი ყვავილები დაგიკრიფო? – არა).

სიტყვასიტყვითი ნაწილაკები

სიტყვასიტყვითი ნაწილაკები გამოხატავენ თავისი ან სხვისი ნათქვამის უცვლელად გამეორებას:მეთქი – იმეორებს I პირის ნათქვამს („აკი გითხარი მოვალ-მეთქი“) თქვა, თქო – აღნიშნავს მოუბრის დანაბარებ სიტყვას, რომელიც II პირმა III-ს უნდა გადასცეს (ამაღამ არ მოხვიდე-თქო, გადაეცი“; ო – გადმოგვცემს III პირის ნათქვამს („დედამ შემოგითვალა, წერილები ხშირად მოიწერეო“).

კ. გაბუნია



ლიტერატურა

  • შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953;
  • შერაზადაშვილი მ., ნაწილაკი – წინადადების ინფორმაციული სტრუქტურის კომპონენტი. – „საენათმეცნიერო ძიებანი“, IX, თბ,, 1999;
  • შენგელაია ნ. არასრული სიტყვები და ტექსტის სემანტიკური მთლიანობა, თბ. 2000.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია [[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები