მეტყველების ნაწილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტყველების ნაწილები – სემანტიკური, სიტყვაწარმოებითი და გრამატიკული (მორფოლოგიური, სინტაქსური) თვისებების საფუძველზე დაჯგუფებული სიტყვათა კლასები. მნიშენელობის გამოხატვის თვალსაზრისით, მეტყველების ნაწილები იყოფა დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე და დამხმარე მეტყველების ნაწილებად.

მეტყველების ნაწილების შესახებ მოძღვრების შექმნა სტოელთა დამსახურებაა. მართალია, არისტოტელესთან გვხედება ცალკეული მეტყველების ნაწილების სახელწოდებები (სახელი, ზმნა, ართრონი, კავშირი), მაგრამ არისტოტელე არც ერთ ნაშრომში მათზე ცალკე არ მსჯელობს.

დიოგენე ლაერტელის (III ს.) ცნობით, სტოელმა ქრისიპემ მეტყველების ხუთი ნაწილი გამოყო: საკუთარი სახელი (ονομα), საზოგადო სახელი (προσηγορια), ზმნა (ρήμα), კავშირი (συνδεσμος) და ართრონი (αρԶρον). ტერმინში „ართრონი“ სტოელები გულისხმობდნენ ნაცევალსახელებსაც (ჩვენებითი, კითხვითი, მიმართებითი და განუსაზღერელობითი) და საკუთრივ ართრონსაც, ხოლო „კავშირში“, საკუთრივ კავშირის გარდა, იგულისხმებოდა წინდებულებიც. ქრისიპე საკუთარ სახელს უპირისპირებს საზოგადოს და ცალკე ნაწილად გამოყოფს, მიმღეობას კი ჯერ კიდეე ზმნას მიაწერს. ძვ. წ. II ს-ში სტოელმა ანტიპატროს ტარსოსელმა მეტყველების ხუთ ნაწილს მიუმატა მეექვსე – ზმნიზედა, რომელსაც მან უწოდა μεσοτης „შუა“.

ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენელმა არისტარქე სამოთრაკიელმა (დაახლ. 217-I45) განასხვავა მეტყველების რვა ნაწილი. სამოთრაკიელის მოსწავლემ – დიონისიოს თრაკიელმა მეტყველების ნაწილები ამავე რაოდენობით შეიტანა თავის გრამატიკაში.

დიონისიოს თრაკიელი იყენებს ტერმინს „სიტყვის ნაწილები“ (μερητον λογον). სიტყვა ამ შემთხვევაში წინადადებას აღნიშნავს. დიონისიოს თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნებაში“ მოცემული მეტყველების ნაწილების თანამიმდევრობა ასეთია: სახელი (ονομα), ზმნა (ρήμα), მიმღეობა (μετοχη), ართრონი (αρԶρον), ნაცვალსახელი (αντωνυμια), წინდებული (προԶεσις) ზმნიზედა (επιρρημα), შემკვრელი, ანუ კავშირი (ευδησμος). ამ თანამიმდევრობას თრაკიელის გრამატიკის ერთ-ერთი კომენტატორი ჰელიოდორე ასე ხსნის: „სახელი და ზმნა იმიტომ უსწრებენ წინ სხვა ნაწილებს, რომ მათ შეუძლიათ აზრის გადმოცემა სხვა ნაწილთაგან დამოუკიდებლად, მაგალითად, „სოკრატე კითხულობს“. სახელი იმიტომ დგას ზმნაზე წინ, რომ სახელი არსის აღმნიშვნელია, ზმნა კი შემთხვევითის, არაარსებითის, არსი კი წინ უსწრებს არაარსებითს. ამას მოსდევს მიმღეობა, როგორც ორივეს, სახელისა და ზმნის, თვისებების მქონე. არ–თრონი წინ უსწრებს ნაცვალსახელს, რადგან ნაცვალსახელი არა მხოლოდ სახელის ნაცვლად გამოიყენება, არამედ იგი ართრონსაც ცვლის. წინდებული ზმნიზედაზე წინ დგას, რადგან სახელებთან გამოიყენება, ზმნიზედა – ზმნებთან. ხოლო ვინაიდან სახელი ზმნაზე წინ დგას, წინდებული, როგორც სახელის წინ დებული, წინ უსწრებს ზმნიზედას, როგორც ზმნის ზედას შემკვრელი – მთავარ ნაწილთა ჩამონათვალს, რადგან იგი შემკერელი, შემაკავშირებელია მეტყველების სხვა ნაწილებისა“.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები