პაუნდი ეზრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეზრა პაუნდი – (1885-1972) ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი, „დამნაშავე“ შემოქმედთა შორის. მის დანაშაულს ფაშიზმთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. ამ თანამშრომლობის იძულებითი შეწყვეტის დროდ 1945 წელი ითვლება, როცა მუსოლინის პოლიტიკის ერთგული დამცველი ეზრა პაუნდი იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს; როგორც ამერიკის მოქალაქეს, ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში და სამოცი წლის პოეტი, რომლის დანაშაულიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, ვაშინგტონში გადაიყვანეს. მაგრამ ვიდრე ამერიკაში დააბრუნებდნენ, ნახევარი წელი პიზასთან სახელდახელოდ შექმნილ ბანაკში ამყოფეს, სადაც ნება დართეს – ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების გამო – თან ჰქონოდა ორი წიგნი. პაუნდის მიერ არჩეული ეს ორი წიგნი იყო: კონფუცის თხზულებათა კრებული და ჩინური ლექსიკონი. პაუნდს ისინი სჭირდებოდა თავის ეპიკურ პოემაზე – Cantos – მუშაობის გასაგრძელებლად. ბანაკში მას ინფორმაციას არ აწვდიდნენ და ომის დამთავრების და ჰიროსიმას შესახებ არაფერი იცოდა. უფრო მეტიც, როცა ვაშინგტონში მიჰყავდათ, ფიქრობდა, - ალბათ, სახელმწიფო დეპარტამენტს იაპონურ კულტურაში გათვითცნობიერებული ხალხი სჭირდებაო. იგი არათუ დამნაშავედ არ გრძნობდა თავს, არამედ გულწრფელად თვლიდა, გაუგებრობის მსხვერპლი ვარო. ერთი პერიოდი იმასაც ფიქრობდა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას აუცილებელ დახმარებას გაუწევდა სტალინთან ურთიერთობაში; ამ მიზნით, ხელისუფლებას შესთავაზა, რომ რამდენიმე თვეში დაეუფლებოდა ქართულ ენას და სტალინს მის მშობლიურ ენაზე აუხსნიდა ამერიკული კონსტიტუციის უპირატესობას საბჭოურთან შედარებით. ალბათ, ეს ფაქტიც განაპირობებდა (ფაშისტურ პრესაში მისი პუბლიკაციების და რადიოში გამოსვლების ანალიზის შედეგად გაკეთებულ დასკვნებთან ერთად), რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა – მათ შორის ელიოტი და ჰემინგუეი – პაუნდს თვლიდა არა პოლიტიკურ დამნაშავედ, არამედ – შეურაცხადად. ოთხი კაცისგან შემდგარმა სამედიცინო ექსპერტიზამ კი პოეტს მანიაკალური ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვა, და იგი სასამართლოდან პირდაპირ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში იქნა გადაგზავნილი, სადაც თორმეტ წელზე მეტი დაჰყო. ამას ხელი არ შეუშლია ჰოსპიტლის „პაციენტისთვის”, რომ 1949 წლის გაზაფხულზე ბოლინჯენის პრესტიჟული პრემია მიეღო სწორედ პიზას ბანაკში დაწერილი ლექსების ციკლისთვის „პიზაური სიმღერები“. პრემიის მიმნიჭებელი ჟიურის ცამეტი წევრიდან პაუნდს რვამ მისცა ხმა, მათ შორის – ელიოტმა, ოდენმა და ლოუელმა.

პაუნდი ათიანი წლების ავანგარდის ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენდა. ის იყო ამერიკულ ლიტერატურაში უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობის, იმაჟიზმის, ლიდერი. 1915 წელს, ოლდინგტონთან და ლოუელთან ერთად, შეადგინა ანთოლოგია სახელწოდებით „იმაჟისტები“, რომლის წინასიტყვაობაშიც ამ სკოლის პრინციპებს განმარტავდა და წერდა, რომ იმაჟიზმის ამოცანას შეადგენდა თემატიკის თავისუფლება, თანამედროვე რიტმიკის ძიება, „სწორი“ ლექსის უარყოფა და სასაუბრო ენის ფართოდ გამოყენება. პაუნდის აზრით, პოეზიას მეტყველებისთვის უნდა დაებრუნებინა საწყისი აზრი და ამით ხელი შეეწყო რევოლუციური ენის შექმნისთვის, გაეწმინდა ცნობიერება მითებისგან. იმაჟიზმს საფუძვლად დაედო ინგლისელი ფილოსოფოსის და კრიტიკოსის თომას ჰიუმის (1883-1917) ნეოკლასიცისტური თეორია, რომელიც რომანტიზმის თეორიას უპირისპირდებოდა. ჰიუმი უარყოფდა პოეტურ აღმაფრენას და ქადაგებდა ინტელექტუალურ პოეზიას, რომელიც, მისი თქმით, „გარემო სინამდვილის“ გადმოცემას კი არ ესწრაფვის, არამედ – იმ სიღრმისეული, პირველადი „ობიექტის“ რაციონალურ რეკონსტრუქციას, რომელიც თვალსაჩინო საგნობრივი ფორმების უკან დგას. ცნობილი ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე, ამერიკული „ახალი კრიტიკის“ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჯ. ფრენკი 1945 წელს დაწერილ ერთ თავის ნაშრომში აღნიშნავდა, სწორედ იმაჟისტური მოძრაობისგან მიიღო თანამედროვე ანგლოამერიკულმა პოეზიამ პირველადი იმპულსი; იმაჟიზმმა მიუთითა გზა ახალი პოეზიისკენ, უარყო რა ვიქტორიანული სენტიმენტალური მრავალსიტყვაობაო. ფრენკის აზრით, იმაჟიზმის ლიდერის, პაუნდის, მიერ მხატვრული სახის განსაზღვრება პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა ნებისმიერი ლიტერატურული კვლევისთვის; „სახე, - წერს პაუნდი, - ესაა ინტელექტუალური და ემოციური კომპლექსის მთლიანობა მოცემულ მომენტში“. აქედან გამომდინარე, ასკვნის ფრენკი, პაუნდისთვის სახე არის არა რეალობის თვალსაჩინო აღდგენა, არამედ სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებული, იდეებისა და ემოციების შეერთება ერთიან მთელში, რომელიც წარმოდგენილია სივრცეში დროის გარკვეულ მომენტში; ასეთი ერთიანი მთელი აღიქმება არა ლოგიკური თანმიმდევრობით ენის კანონებთან თანხმობაში, არამედ მკითხველის აღქმას იპყრობს წამიერი, მოულოდნელი ზემოქმედებით. მკვლევარს მოაქვს ამონაწერი პაუნდიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ასეთი ეფექტი – მოვლენის უშუალოდ იმავდროული გამოხატვა – იწვევს „უეცარი გათავისუფლების განცდას; დროით და სივრცით შეზღუდვისგან გათავისუფლების განცდას; უეცარი ზრდის განცდას, რომელსაც ვგრძნობთ ხელოვნების დიად ნაწარმოებთან პირისპირ დგომისას“. ათიან წლებშივე, უ. ლუისთან ერთად, პაუნდმა შეიმუშავა ვორტიციზმის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე ცივილიზაციის დინამიკის, მანქანური რიტმისა და ენერგიის, მისი სილამაზისა თუ სიმახინჯის ფორმათა ასახვას (რაც პათოსით ფუტურიზმის ანალოგური იყო).

პაუნდმა, როგორც აღნიშნავენ, ხელახლა აღმოაჩინა ანტიკური, შუა საუკუნეების და აღმოსავლური პოეზია. უძველესი ჩინური პოეზიის ნიმუშებს ამერიკელი მკითხველი პირველად სწორედ მისი თარგმანებით გაეცნო. პოეტს კულტურულ საგანძურთან მიმართების საკუთარი მეთოდი ჰქონდა. ამ შორეულ, ჩვენგან საუკუნეებით დაშორებულ რეალობაში შეღწევას იგი „ნიღბების“ შექმნას უწოდებდა. ამოცანა შესრულებულად ითვლებოდა, თუ პოეტის პიროვნება ისე განზავდებოდა წარსულში, რომ იგი წარსულის ორიგინალს დაემსგავსებოდა და „ფრაგმენტ-რეკონსტრუქცია“ იქნებოდა. ლიტერატორები თვლიან, რომ ძველი პოეტების ლი ბოს, ვიიონის, ტრუბადურების პაუნდისეულ ინტერპრეტაციებს რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა, მისი არსი თარგმანის საზღვრებს ბევრად სცილდებოდა. ელიოტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პაუნდის მიერ პროვანსული და შუა საუკუნეების იტალიური პოეზიის კვლევას. მისი თქმით, პაუნდმა ამ პოეზიაში აღმოაჩინა რაღაც კონსტანტური ადამიანური ბუნებისთვის. პაუნდის ლექსების 1928 წელს გამოცემული კრებულის წინასიტყვაობაში ელიოტი წერდა: „პაუნდის ნამუშევრებში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი ასპექტი – ლექსთწყობა, რომლის თავისებურებაში მჟღავნდება პროვანსული, შუა საუკუნეების იტალიური, ძველინგლისური პოეზიის, ხოლო შემდეგ – ჩინელი პოეტების და პროპერცოსის გავლენის კვალი; და ღრმად ინდივიდუალური განცდა, რომელიც ყოველთვის როდი მჟღავნდება ლექსთა ფორმალურ სინატიფეში”. პაუნდი სწორედ რენესანსამდელი კულტურის გაცნობიერებას მოითხოვდა და უარყოფდა ჰუმანიზმთან დაკავშირებულ ხელოვნებას. დანტეს, ვიიონის, იაპონელი და ჩინელი პოეტების შემოქმედება, მისი აზრით, კულტურას გაათავისუფლებდა „რომანტიზმისგან, ჰუმანიზმისგან და ინდივიდუალიზმისგან“, რაც პაუნდისთვის თითქმის სინონიმური ცნებები იყო. ცხადია, ეს არ გულისხმობდა მაღალ ღირებულებებზე უარის თქმას. პირიქით, საქმე ეხებოდა მხოლოდ იმის უარყოფას, რაშიც პოეტი რაციონალიზმისა და უკიდურესი ეგოიზმის დამღუპველ ზემოქმედებას ხედავდა; იგი თავგამოდებით იცავდა, აგრეთვე, ხელოვნების დამოუკიდებელ ღირებულებას. მის მიერ ათიან წლებში შექმნილ ერთ საპროგრამო წერილში ვკითხულობთ: „ნამდვილი ხელოვნება, რამდენად „ამორალურიც” უნდა გვეჩვენებოდეს, ყოველთვის აბსოლუტურად ზნეობრივია... ნამდვილ ხელოვნებას, უბრალოდ, არ შეუძლია ამორალური იყოს. ნამდვილ ხელოვნებაში მე ვგულისხმობ ისეთ ხელოვნებას, რომელიც მართალ მონაცემებს იძლევა და, ამასთან, ცდილობს, რომ მიღწეულ იქნას რაც შეიძლება დიდი სიზუსტე”. აღნიშნავენ, რომ ჯოისს ყოველთვის განაცვიფრებდა სიზუსტის ასეთი მოთხოვნა; მას უკვირდა, რომ პაუნდი ხელოვნებისგან შეუძლებელს – პირდაპირ სარგებელს, ცხოვრების შესახებ ხელოვანის ცნობების აბსოლუტურ სიზუსტეს – მოითხოვდა, და ამ მოთხოვნას ამერიკული პრაგმატიზმის გამოვლენად თვლიდა.

პაუნდის მსოფლმხედველობაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ცნება: მევახშეობა და კულტურა. პირველი თანამედროვე სამყაროს ნივთობრივი აგებულების გამომხატველია, რაც გაგებულია, როგორც ბუნების წინაშე ჩადენილი ცოდვა, პოეტური ენერგიის მკვლელობა, გასაყიდად ყველაფრის გამოტანა. ასეთმა ტენდენციამ, ამბობს იგი, დაარღვია სამყაროს დიდი ჰარმონია, შერყვნა ინდივიდის შესახებ უმაღლესი წარმოდგენები და ნამდვილი ფასეულობები, ადამიანური მოდგმა მორჩილ ფარად აქცია, რომელშიც ყველა მონა ერთმანეთის მსგავსია. კულტურა, საპირისპიროდ ამისა, ადამიანის ადამიანურობას იცავს, პიროვნულობას განამტკიცებს და ინდუსტრიის გიგანტურ მანქანას უჯანყდება. კულტურის პაუნდისეული გაგება ენათესავება სიცოცხლის ფილოსოფოსების, მაგალითად ორტეგა-ი-გასეტის მიერ ნამდვილი სიცოცხლის, როგორც „ფუნდამენტური რეალობის” გაგებას.

20-30-იან წლებში პოეტი გაიტაცა კონცეფციამ, რომელსაც თავად მან „იდეოგრამატიკული მეთოდი“ უწოდა. მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ამერიკელი სინოლოგის ე. ფენოლოზას შრომები, რომლებშიც მტკიცდებოდა, რომ იეროგლიფი მხატვრული სახის ელემენტებს შეიცავს, რაც ქმნის სწორედ მის სპეციფიკას, და მას „ბუნებაში მიმდინარე პროცესების ცოცხალ სტენოგრამად“ აქცევს; რომ იეროგლიფით შეიძლება ნებისმიერი აბსტრაქტული აზრის გამოხატვა; ამიტომ, წერდა ფენოლოზა, იეროგლიფები „იდეალურ ენას” ქმნიან. პაუნდი უფრო შორს წავიდა. მისი აზრით, ყოველი ორი, ერთმანეთის გვერდით მოთავსებული იეროგლიფი არა მხოლოდ მესამე ენას ქმნის, არამედ ააშკარავებს ყოველი მათგანის მიერ დაფიქსირებულ ახალ ცნებას; ამ დროს არ ხდება საგნობრივი სამყაროდან აბსტრაჰირება. იეროგლიფებში ჩანს ცხოვრების სხვადასხვა რეალია, იეროგლიფებით აღნიშნული ცნება კი ასეთ რეალიებს შორის რაციონალური აზროვნებისთვის მიუწვდომელ კავშირებს ამყარებს. სწორედ ასეთი კავშირების დამყარების მცდელობას წარმოადგენდა „იდეოგრამატიკული მეთოდი“. ყველაფერთან ერთად, ეს მეთოდიცა გამოყენებული პაუნდის გიგანტურ პოემაში Cantos, რომლის წერასაც მან ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია და რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. ამ პოემაზე მუშაობა მან 20-იან წლებში დაიწყო და განაგრძობდა როგორც პატიმრობის, ისე „მკურნალობის“ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პოემას ბევრი ახასიათებს, როგორც გაუგებარს, უკიდურესად ეკლექტიკურს, ბუნდოვანს და ა. შ. (რაც გაპირობებულია იმით, რომ ნაწარმოები დატვირთულია ურთულესი ალუზიებით და ასოციაციებით, მრავალენოვანია, ციტირებულია მასში აურაცხელი – სრულიად სხვადასხვა დარგის – ლიტერატურა), ურიგო არ იქნება, ელიოტის თვალსაზრისსაც თუ მოვისმენთ. „ფორმა და განცდა, - წერს ელიოტი, - პაუნდის პოეზიაში ურთიერთგანმსჭვალვის უმაღლეს წერტილს აღწევს მის წიგნში ჩანტოს. უნდა გამოვტყდე, რომ იგი ერთი იმ იშვიათ წიგნთაგანია, ჩემს თანამედროვეთა მიერ დაწერილი, რომელსაც წარმოუდგენელი ტკბობით ვკითხულობ”. მაგრამ ისიც უნდა დაზუსტდეს, რომ აქ მხოლოდ ჩანტოს-ის 1928 წლამდე შექმნილი ნაწილი იგულისხმება.

დაბოლოს, ხაზი უნდა გაესვას, ამერიკისადმი ეზრა პაუნდის უკიდურეს სიძულვილს. პოეტი თვლიდა, რომ ამერიკული ცივილიზაცია წარმოადგენს ცივილიზაციის უმახინჯეს ფორმას, ვულგარულსა და უგემოვნოს, მერკანტილურსა და უტილიტარულს. როცა ჰოსპიტლიდან გათავისუფლებული პაუნდი ერთი თვის მერე ნეაპოლს გაემგზავრა, იტალიელ ჟურნალისტებს განუცხადა, მთელი ამერიკა ერთი დიდი საგიჟეაო.

წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები